„დელტას“ დაფინანსების გაზრდა მთლიანად „დელტას“ მოხერხებულობაზეა დამოკიდებული“

TINA–GARIBA

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრთან ერთად სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ დაათვალიერა.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, „დელტას“ საწარმოს ფუნქცია ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, „დელტას“ მიერ წარმოებული პროდუქციიდან ყველაზე გამორჩეული უპილოტო თვითმფრინავია, რომელზე მუშაობაც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და რომლის გამოცდა ამ დრომდე მიმდინარეობს.

თავდაცვის მინისტრის თქმით, 2-3 კვირის განმავლობაში, უპილოტო თვითმფრინავის შესახებ პირველადი ინფორმაციები იქნება ცნობილი და შემდგომში მუშაობა ამის მიხედვით გაგრძელდება. კითხვაზე, გაიზრდება თუ არა „დელტას“ დაფინანსება, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს თავად მასზეა დამოკიდებული.

„დელტას“ დაფინანსების გაზრდა მთლიანად „დელტას“ მოხერხებულობაზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, რომ ეს არის სსიპ-ი, ის არ არის ოფიციალური სახელმწიფო ორგანო და შესაბამისად, მას ყველა უფლება აქვს, რომ ორმხრივი ურთიერთობები დაამყაროს, კონტრაქტები გააფორმოს, მომხმარებლებთან და კომპანიებთან ჰქონდეს ურთიერთობა. ასე რომ, ეს პროცესი დაწყებულია. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან საინტერესო შეთავაზებები მივიღეთ, რომლებიც მათ შორის „დელტასთან“ არის დაკავშირებული, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით საქმიანობა გააქტიურდება. „დელტამ“ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ხელშეკრულებებისა და მომხმარებლების მოზიდვის თვალსაზრისით ,აქეთ გახდეს თავდაცვის სამინისტროსთვის სასარგებლო კომპანია. ამ ეტაპზე რაც სჭირდებათ, მათ ჩვენგან არანაირი პრობლემა არ აქვთ, ფინანსებს სრულად იღებენ, მაგრამ ჩვენ ველით, რომ ეს პროცესი თანდათან მათი კერძო საქმიანობით ჩანაცვლდება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება უდაბნოს პირობებისთვის შექმნილი ქართული წარმოების ჯავშანმანქანებით საუდის არაბეთის დაინტერესებას, ამ საკითხზე ხიდაშელმა განაცხადა, რომ ინფორმაციას ინტენსიურად იღებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის სენსიტიური საკითხი და მასზე საუბრისგან თავი შეიკავა.

„ჩვენი ამოცანაა „დელტას“ პროდუქცია მაქსიმალურად მიმზიდველი გახდეს. ნამდვილად შემიძლია ეს დაგისადტუროთ. ინტერესი რამდენიმე სახელმწიფოსგან არის და ესეც შემიძლია დაგიდასტუროთ. მათ შორის ერთ-ერთი არის ის, ვინც თქვენ ახსენეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს დამოკიდებულია როგორც მათგან შეთავაზებაზე, ასევე იმ სტრატეგიულ ინტერესზე, რომელიც ამ რეგიონში არსებობს“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – მიხეილ სააკაშვილი გაკოტრებული პოლიტიკოსია და უკვე შალვა ნათელაშვილს გადააჭარბა
შემდეგი სტატია“სამართლიანობის აღდგენა რთული პროცესია, თუმცა მნიშვნელოვანია რომ დაიწყო”