ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ნეშტი სამების ტაძარში გადაასვენეს

ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ადამიანის ნეშტი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.
სამებაში, 18:00 საათიდან, დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინება. მანამდე კი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი იმყოფებოდა.
“კიდევ 12 გმირის, მიცვალებულის გვამი არის იდენტიფიცირებული და 12 ადამიანი დაუბრუნდება თავის ოჯახს. მართალია, მძიმე ფორმით, მაგრამ ესეც დიდი ნუგეშია, როცა ადამიანებმა იციან, სად არის საფლავი. ამ 12-დან 2 არის ქალბატონი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, დაღუპულთაგან 11 სამხედროა, ხოლო ერთი სამოქალაქო პირი. აღსანიაშნავია, რომ 11 მათგანი ბაბუშერაში თვითმფრინავის აფეთქების შედეგად დაიღუპა, ერთი კი – აჩადარაში ბრძოლების დროს. როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, მიცვალებულთა იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება. გასული ორი თვის განმავლობაში მოხდა 7 სამარხის გახსნა აფხაზეთში და 5 სამარხის გახსნა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. იქ აღმოჩენილი ნეშტების ნაწილის იდენტიფიცირება გრძელდება.
რაც შეეხება, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულ ადამიანებს, ესენი არიან: ამირან გეგეშიძე, სოსო გურგენიძე, მალხაზ ჯიოშვილი, ალექსანდრე ჩიკვილაძე, გოგა გოგალაძე, მარინა ტაბატაძე, ზაალ ამუშეკელი, ემზარ თუთისანი, ვლადიმერ მურადოვი, გენო კვიციანი და ვენერა გაბუნია.
ერთი მათგანის ვინაობა კი, გარკვეული მიზეზების გამო არ სახელდება. თორმეტივეს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია
შემდეგი სტატიათბილისში სამი ადამიანი მარილმჟავით მოიწამლა