სოფელ აძვთან შეიარაღებულმა პირებმა სამი პირი დააკავეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ აძვის განაპირას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოსალოცად მისული რამდენიმე ადგილობრივი დააკავეს.
აძვის და მეჯვრისხევის მცხოვრებლები ზურაბ კორინთელი, დავით გუზიტაშვილი და გიორგი გოგიაშვილი შეიარაღებულმა პირებმა ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.
მიმდებარე სოფლების სხვა მცხოვრებლებს კი კატეგორიულად აუკრძალეს ტაძართან მიახლოება. ადგილობრივების ინფორმაციით, ტაძრის სიახლოვეს გადის საოკუპაციო ხაზი, თუმცა აქ მავთულხლართები დამონტაჟებული არ არის. ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი კი ისეთ ადგილზეა განთავსებული, რომ ეკლესიის მიმართულებით გადაადგილებას არ ზღუდავს.

“შეიარაღებულმა პირებმა, რომელთა დიდი ნაწილიც ნიღბებით იყო, გზა გადაგვიღობეს და კატეგორიულად მოგვთხოვეს, დაგვეტოვებინა ტერიტორია. ჩვენს წინ მიმავალ მანქანაში მყოფი სამი მამაკაცი კი დააკავეს და წაიყვანეს”, – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დავით ტატიშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომიდან დღემდე ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნულ ეკლესიაში მისვლას ახერხებდა. დღემდე დაკავების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია, ამჟამად კი, გარდა იმისა, რომ რამდენიმე ადამიანი დააკავეს და ეკლესიასთან აღარავის უშვებენ, შეიარაღებული პირების სიმრავლეც შეინიშნება. დილიდან შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორებიც იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ აშშ ან ევროპა საქართველოს ან სხვა პატარა ერებს მარტო ტოვებენ
შემდეგი სტატიანონა გაფრინდაშვილი 74 წლის ასაკში ისევ მსოფლიო ჩემპიონი გახდა