ზურაბ პეტრიაშვილი: ერევანში მსაჯმა სომეხ ფეხბურთელებს უთხრა ქართველები არ გააბრაზოთ , თორემ 10:0 მოგიგებენო!

ზურაბ პეტრიაშვილი 1968 წლის სსრკ ჭაბუკთა ნაკრებში- ზურაბი ქვედა რიგში მეორე მარჯვნივად

საქართველომ ფეხბურთს მისცა ძალიან მაღალი, მსოფლიო დონის ვარსკლავები, რომლებსაც ტაშს უკრავდნენ, აფასებდნენ და აფასებენ ათეულობით ქვეყანაში. ამავე დროს სხვადასხვა მიზეზის გამო ათეულობით ძალიან ნიჭიერმა და ძლიერმა ფეხბურთელმა ბოლომდე ვერ მოახერხა თავისი პოტენციალის გახსნა-გამოყენება. ერთერთი მათგანია ზურაბ პეტრიაშვილი. მის შესახებ ბევრჯერ უსაუბრიათ სტაჟიან გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს, ზოგი მათგანის აზრით ზურაბი პოტენციალით დავით ყიფიანის დონის ფეხბურთელი იყო. მასზე ბევრი სხვადასხვა სახის ინფორმაცია წამიკითხავს ქართულ თუ უცხოურ პრესაში, თუმცა სრული და ვრცელი მასალა მის კარიერაზე ვერსად ვნახე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე საუბარი ზურაბთან, რომელსაც ამასწინათ 70 წელი შეუსრულდა.

– ბატონო ზურაბ, გულშემატკივრებისა და ვეტერანების დიდ ნაწილს თქვენ ახსოვხართ როგორც ტელერადიოკომენტატორი, მე კი მინდა გთხოვთ, ვისაუბროთ თქვენი საფეხბურთო კარიერის შესახებ.
– მე დავიბადე დიდ ლილოში 1950 წლის 1 მარტს, თუმცა საბუთებში წერია 1950 წლის 4 აპრილი: არ ვიცი როდის, რისთვის ან ვინ გააკეთა ასე, თუმცა ამას არ აქვს რაიმე მნიშვნელობა. 1950-60 წწ ბავშვების უდიდესი ნაწილი გატაცებული იყო სპორტით, განსაკუთრებით ფეხბურთით და კალათბურთით.მე რვა წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა, დედას ეკატერინე ცხოვრებაშვილს ძალიან უჭირდა სამი ბიჭის გაზდა (უფროსი გურამი, შუათანა რობერტი და უმცროსი მე).. დედა მუშაობდა დიდი ლილოს ფოსტის განყოფილების უფროსად- დილიდან საღამომდე სამსახურში იყო. დედა შიშობდა პატარა ზურაბი ქუჩის ზეგავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო. მე კარგად ვსწავლობდი სკოლაში, პატარა ასაკიდან ქუჩასა და სკოლაში ვთამაშობდი ფეხბურთს. ამის შემხედვარემ, დედამ გადაწყვიტა (სწორიც იყო დღევანდელი გადასახედიდან) ჩემი გადაყვანა სკოლა-ინტერნატში, სადაც იყო შესაბამისი პირობები სწავლისთვისაც და ფეხბურთის თამაშისთვისაც და რაც მთავარია – უფრო მეტი კონტროლი იყო პედაგოგების მხრიდან. ინტერნატში ფრიადზე ვსწავლობდი და არც ბურთს ვღალატობდი,თუმცა თავიდან არ ვთამაშობდი ინტერნატის გუნდში-ეს იყო ჩემი უცნაური, მაგრამ შინაგანი ბავშვური პროტესტი ჩემი ინტერნატში ყოფნის გამო.

-ინტერნატში ფრიადოსანი ათვალისწუნებული ჰყავდით თუ სხვა მიზეზი იყო?
– ეს უფრო ჩემი სიჯიუტის ბრალი იყო. მოვიდა ჩემი დროც -ერთერთ მატჩში ჩვენი გუნდი მეკარის გარეშე დარჩა, ბიჭებმა მკითხეს “ზურა, მეგობრულად კარში ჩადექი, გვიჭირს”. დავთანხმდი,რამდენიმე წუთში კი მოხდა მომენტი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს იმდროინდელ ცხოვრებაში – ნაცვლად იმისა, რომ როგორც მეკარეს შემეყვანა ბურთი მინდორზე, მე ბურთიანად წავედი წინ, მოვატყუე მეტოქის გუნდის რამდენიმე მოთამაშე და ძლიერი დარტყმით გავიტანე ულამაზესი გოლი: მაყურებლებმა (პედაგოგები, სკოლელები) და გუნდელები აღფრთოვანებული მიკრავდნენ ტაშს.იმ დღიდან მაღიარეს ფეხბურთელად (იცინის), პედაგოგები კი მირჩევდნენ საფეხბურთო სკოლაში შესვლას. 14 წლის ასაკში (გვიან) დავიწყე ვარჯიში გლდანის სპორტულ სკოლა-ინტერნატში, სადაც ჩემი მწვრთნელები იყვნენ ცნობილი ფეხბურთელი ანდრო ზაზროევი და თენგიზ კუბლაშვილი. რამდენიმე თვეში გლდანის სპორტული სკოლა-ინტერნატის გუნდი ჩავიდა შეკრებაზე შენს (თ.პ.) მშობლიურ სოხუმში-ეს იყო 1964 წლის ივნისი.

ზურაბ პეტრიაშვილი -საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ფორვარდი , 1967 წელი

-სოხუმში ტურნირი იყო თუ ზღვაზე ისვენებდით?
-ჩვენი გუნდი სამი თვით გააგზავნეს სოხუმში-ვცხოვრობდით სკოლა-ინტერნატში სოხუმის მაღალმთიან ადგილას. ფეხით ჩავდიოდით და პირდაპირ სტადიონზე აღვმოჩნდებოდით(ორჯონიკიძისა და ლესელიძის ქუჩებს შორის), ვარჯიშობდით, ვთამაშობდით, ზღვაში ვბანაობდით. მე კი ჩემთვის ვფიქრობდი- ზღვა კარგია, მაგრამ სამი თვე აქ რა გამაძლებინებსო. მე თვითონ დავბრუნდი თბილისში, დეიდაჩემთან დავბინავდი დიღმის მასივში, დავიწყე თამაში 35-ე სპორტსკოლაში, ჩემი მწვრთნელი იყო სერგო სიხარულიძე. ჩვენმა გუნდმა ნორჩ დინამოელებს მოუგო და 1965 წლის თბილისის ჩემპიონი გავხვდით, 1966 წელს კი მიმიწვიეს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში (მწვრთნელები სერგო სიხარულიძე და ავთო ვარდიაშვილი). 1966 წელს ჩვენმა ნაკრებმა ამიერკავკასიის ჩემპიონატი მოიგო, რომელიც ჩატარდა ერევანში-ერთნაირი ანგარიშით 3:0 დავამარცხეთ აზერბაიჯანიც და სომხეთიც. მე სამი ბურთი გავიტანე – ორი აზერბაიჯანის, ერთი- სომხეთის კარში. სომხეთთან თამაშის მეორე ნახევარში, როცა უკვე 3:0 იყო, მეტოქის გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა დაიწყო უხეშობა, ამ მომენტში ჩვენი გუნდის წევრმა სომხურის მცოდნე თბილისელმა ვალერი ასატუროვმა შემთხვევით ყური მოკრა მატჩის მთავარი მსაჯის (ერევნელი იყო) მასპინძელი გუნდის მოთამაშეებთან საუბარს. რეფერის უთქვამს: “ნუ უხეშობთ,თორემ ქართველები გაბრაზდებიან და 10:0 მოგიგებენ”. სომეხმა არბიტრმა, ალბათ იხუმრა, მაგრამ მისმა ხერხმა გაჭრა-ამ სიტყვების შემდეგ მოედანზე სიმშვიდე იყო. ისე კი, მოედნის ფარგლებს გარეთ ჩვენ სომეხ და აზერბაიჯანელ ფეხბურთელებთან ძალიან ვმეგობრობდით.
დადგა 1967 წელი.

– გადამწყვეტი და წარმატებული თქვენთვის?
– 1967 წლის ივლისში ჩვენ ჩავატარეთ საკავშირო „იმედის თასის“ შესარჩევი ტურნირის მატჩები- სტუმრად წავაგეთ მოლდოვასთან 2:3 და ბელარუსი დავამარცხეთ-1:0 მინსკიდან გავფრინდით ლენინგრადში(1991 წელს ამ ქალაქს აღუდგინეს ისტორიული სახელი- სანქტ-პეტერბურგი), სადაც საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა სსრკ ჭაბუკთა სპარტაკიადზე: ჯგუფურ ეტაპზე ფრე 0:0 ვითამაშეთ აზერბაიჯანთან, 2:0 დავამარცხეთ თურქმენეთი (მე და რომან კედელაძემ გავიტანეთ ბურთები) და 2:1 მოვუგეთ მოლდოვას( მე და ვაჟა ტოგონიძემ გავიტანეთ), შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე დავამარცხეთ სომხეთი 1:0 (რამაზ კირთაძე ) და გავანადგურეთ ლატვია 8:1( ხუთი ბურთი მე გავიტანე, თითო-თითო კირთაძემ, კედელაძემ და კარლო ჯიშკარიანმა) და გავედით სპარტაკიადის ფინალში, სადაც ფრე ვითამაშეთ უკრაინასთან 0:0, მაგრამ პენალტების სერიაში წავაგეთ და მეორე ადგილი დავიკავეთ.
თენგო, საქართველოს ნაკრებში თამაშობდა ორი სოხუმელი- მეკარე კოტე ზარატიადი და თავდასხმელი რამაზ კირთაძე. მათ გარდა ნაკრებში იყვნენ მეკარე ჯემალ მორჩილაძე, მცველები ნუგზარ კიტია, თამაზ ღირდალაძე, დათო მარგველაშვილი, ლერი ლობჟანიძე, თემურ ფირანიშვილი, ნახევარმცველები რომან კედელაძე, ვიქტორ მალცევი(აგარიდან იყო), კარლო ჯიშკარიანი, თავდასხმელები ბადრი მესხაძე, ნოდარ კვანტალიანი, ვალერი ასატუროვი და ვაჟა ტოგონიძე. სპარტაკიადის ფინალურ ეტაპზე ლენინგრადში 6 მატჩში მე 7 გოლი გავიტანე და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გავხვდი, მაგრამ სიხარულს ვერ ვგრძნობდი- მოწყენილი ვიყავი.

-მიზეზი რა იყო?
-ფინალურ მატჩში უკრაინასთან მეორე ტაიმში ვერ გავიტანე პენალი, რითაც შემეძლო გამარჯვება-ჩემპიონობა მომეტანა ჩვენი ნაკრებისათვის. ერთერთ მომენტში მე მოვატყუე უკრაინელთა რამდენიმე მცველი, მომცელეს საჯარიმო მოედანზე და მსაჯმა დანიშნა 11-მეტრიანი. ჩემმა გუნდელებმა იცოდნენ რომ მე პენლებს კარგად ვურტყამდი და წინასწარ დაიწყეს მოსალოდნელი გოლის აღნიშვნა- მილოცავდნენ მე და ერთმანეთს. მოკლედ, ხდებოდა ის რაც წესით არ უნდა ყოფილიყო 11 მეტრიანის შესრულებამდე, ჩვენ 17 წლის ვიყავით. ზედმეტმა ემოციამ ამიყოლია. ამას დაემატა ორი ფაქტორი: 1)11 მეტრიანზე მე არ დამიდია ბურთი, როგორც ეს არის ტრადიცია, არამედ გუნდელმა დიდი სითბოთი გააკეთა , თუმცა ეს არ იყო კარგის მანიშნებელი, 2)ახლო მდგომმა მსაჯმა თითქმის ყურში ჩამისტვინა- შეგიძლია დაარტყაო. აფორიქებულმა, საჭირო გამორბენის გარეშე დავარტყი- ბურთი აცდა კარს! ჩემს ტკივილს საზღვარი არ ქონდა -მანამდე და შემდეგ არასოდეს გამცუდებია თერთმეტმეტრიანი. ამან ისე იმოქმედა ჩემზე, რომ ცხოვრება აღარ მინდოდა. თუმცა, მატჩის შემდეგ გუნდელებმა და განსაკუთრებით მაყურებლებმა-ლენინგრადელმა ფანემმა და ნევისპირელთა ქალაქში მყოფმა საქართველოს დელეგაციის წევრებმა ძალიან გამამხნევეს.
– საქართველოს ნაკრებს ქომაგობდნენ ლენინგრადელი გულშემატკივრები?
– დიახ, წარმოიდგინეთ, ლენინგრადელი ფანები ჩვენ ნაკრებს გულშემატკივრობდნენ სპარტაკიადის ყველა მატჩში, მათ შორის ფინალშიც რომელსაც „დინამოს“ სტადიონზე არანაკლებ 6 ათასი მაყურებელი ესწრებოდა. ლენინგრადელების ასეთი სიმპათიები თავიდან გვიკვირდა, თავად ფანები გვეუბნებოდნენ, საქართველოს ნაკრებს იმიტომ ვქომაგობთ, რომ მოგვწონს თბილისის „დინამოს“ ტექნიკური და ლამაზი თამაში. ამ საფინალო მატჩის შემდეგ ლენინგრადელი ფანები მომეფერნენ, იქვე იყვნენ საქართველოს დელეგაციის წევრები და ჩვენი სპორტსმენები. ამან ძალიან კარგად იმოქმედა ჩვენზე.

1967 წელი, ლენინგრადი,სსრკ სპარტაკიადა, ზ.პეტრიაშვილი უკრაინასთან მატჩის წინ

– 1967 წლის ოქტომბერში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა სენსაციურად დაამარცხა გდრ ჭაბუკთა ნაკრები-ევროპის ერთერთი საუკეთესი გუნდი.
– იმ დროს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადებოდა: გდრ-მა სტავროპოლში 1:0 დაამარცხა სსრკ ნაკრები და ამის შემდეგ მოინდომა თამაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებთან. შეხვედრა გაიმართა თბილისში, მოვიგეთ 2:1 , ერთი ბურთი მე გავიტანე, მეორე-ჩემი გადაცემით. საქართველოს ნაკრების ტექნიკურმა და წარმატებულმა თამაშმა გააოცა გერმანელები და მოსკოველი სტუმრები, რომელთა შორის სსრკ ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი ევგენი ლიადინიც იყო. ცოტა ხანში კი სოჭში გაიმართა საკავშირო „იმედის თასის“ ფინალური ეტაპი 6 ნაკრების მონაწილეობით (რუსეთი, ლიტვა, ყაზახეთი, მოსკოვი, თურქმენეთი და საქართველო), ჩვენმა ნაკრებმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა, 5 მატჩში მე 5 ბურთი გავიტანე და კვლავ ტურნირის ბომბარდირი გავხვდი. ამ ტურნირსაც ესწრებოდა ე.ლიადინი, ის ჩემი თამაშით აღფრთოვანებსა და კმაყოფილებას არ მალავდა.

– და თქვენ დაგპატიჟეს სსრკ ნაკრებში?
-თავდაპირველად სსრკ ნაკრებში ლენინგრადში გამართული სპარტაკიადის შემდეგ მიმიწვიეს. მონაწილე გუნდების ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან გამართულ ღია კრებაზე ლიადინმა თქვა, რომ ძალიან მოსწონდა პეტრიაშვილის თამაში და დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე. გდრ-თან საქართველოს ნაკრების მატჩის შემდეგ კი ლიადინმა მიმიწვია ნაკრებში, რომელიც ევროპის 1968 წლის ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. 1968 წლის თებერვალში სსრკ ჭაბუკთა ნაკრებში გავიარე შეკრება, რომელიც ჩატარდა ოჩამჩირეში. ჩვენ იქ ჩავატარეთ რამდენიმე ამხანაგური მატჩი. ლიადინი სულ ძირითადში მათამაშებდა თავიდან ბოლომდე. ერთხელ მან ასე მითხრა :”ზურა, შენ ტექნიკური ხარ, მოედანსაც კარგად ხედავ და პასებიც გეხერხება დიდ დისტანციაზე, ნაკრების ფეხბურთელების უმრავლესობა რუსეთის კლუბებში თამაშობს, ფიზიკურად ძლიერები არიან, უყვართ ბევრი სირბილი, შენ კი უდირიჟორე, ხშირად გაუკეთე გრძელი პასები, გუნდისთვის სასარგებლოდ არბენინე”. ოჩამჩირეში სსრკ ნაკრებმა (U-18 ) დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა სსრკ ნაკრები (U-16 ), რომლის შემადგენლობაში იმ დროს თამაშობდა 16 წლის ოლეგ ბლოხინი (1975 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, კიევის „დინამოსა“ და სსრკ ნაკრების წამყვანი ფორვარდი 1970-1980-იან წლებში), მე იმ მატჩში 4 ბურთი გავიტანე. იქვე ოჩამჩირეში სსრკ 18 წლამდელთა ნაკრებმა 0:0 დაასრულა შეხვედრა ფოთის „კოლხეთი-1913“ ძირითად გუნდთან, რომელიც სსრკ ჩემპიონატის მეორე ლიგის ერთერთი ჯგუფის წამყვანი კლუბი იყო. სსრკ U-18 ნაკრებში ჩემთან ერთად თამაშობდნენ გენადი ანტონოვი (კაპიტანი) და ისეთი ვარსკლავები როგორც იყვნენ ვლადიმერ ონიშჩენკო და ანატოლი შეპელი. ამ ორი მატჩის შემდეგ გადაწყდა – მე სსრკ 18 წლამდელთა ნაკრების შემდგენლობაში ვითამაშებდი 1968 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საფრანგეთში, მაგრამ შეკრების ბოლო მატჩში მივიღე სერიოზული ტრავმა.
– ვინმემ სპეციალურად, კონკურენციის გამო ხომ არ მოგაყენათ ტრავმა?
– არა, რას ამბობთ. ტრავმა მივიღე სსრკ ნაკრების შეკრების ბოლო მატჩში, რომელიც ჩავატარეთ გალში ადგილობრივ „მზიურთან“. ვიგებდით 3:1, მეორე ტაიმის დასასრულს კუთხურიდან ჩამოაწოდეს ბურთი გუნდელებმა, საჰაერო დუელის მოგებას ვეცადე, ამ დროს გალელთა გუნდის მცველი ბრძოლაში შემთხვევით ზედ დამეცა. სერიოზული ტრავმა მივიღე, 7 თვე ბურთი აღარ მითამაშია. ჩემი მატარებელი ევროპის ჩემპიონატზე უჩემოდ წავიდა(იცინის)..

– გამიგია, რომ თქვენ გარეგნობით და ვარცხნილობით ლეგენდარულ ფეხბურთელს ჯორჯ ბესტს ბაძავდით.
– იყო ასეთი მომენტი(იცინის), მე იმ წლებში დავდიოდი ჰიპების სტილში, გატაცებული ვიყავი დასავლური მუსიკით, თუმცა ჩემი ცხოვრების წესი და მოქმედება სპორტული იყო და დისციპლინას არასოდეს ვარღვევდი. მიუხედავად ამისა, ზოგ მწვრთნელს, მათ შორის თბილისის „დინამოში“, არ სჯეროდათ და ხშირად კითხულობდნენ “ვინ არის ეს ბიჭი-ფეხბურთელია თუ ჰიპი?”. მაშინ საზოგადოებაში, მათ შორის თბილისის „დინამოს“ და სხვა გუნდების სამწვრთნელო შტაბში უარყოფითი დამოკიდებულება იყო მათ მიმართ, ვინც გარეგნულად ჰიპებს ბაძავდა. 1970 წელს ვიყავი თბილისის „დინამოს“ დუბლებში, გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო ევროპის 1960 წლის ჩემპიონი გივი ჩოხელი. დუბლები ძირითად გუნდთან ერთად გავფრინდით ტაშკენტში სათამაშოდ, დუბლებში იმ დროს იყვნენ ვოვა გუცაევი, გოჩა მაჩაიძე, ვახტანგ ქორიძე, ბესო მჭედლიშვილი, ბადრი ქარქაშაძე, აგრეთვე ძირითადის მოთამაშე ალიკ ილიადი, რომელიც ტრავმის შემდეგ ნელ ნელა შედიოდა ფორმაში- იმ დროს იყო ასეთი პრაქტიკა.. ჩვენმა დუბლიორებმა დაამარცხეს „ფახთაკორი“ 2:0, ძირითადმა გუნდმა კი წააგო 1:2. დუბლების მწვრთნელი იყო წარსულში თბილისის „დინამოს“ ცნობილი ფეხბურთელი, ოჩამჩირელი ნიაზ ძიაპშიპა. ნახევარდაცვაში „ფახთაკორის“ დუბლის წამყვანი ფეხბურთელის ბეკტაშევის წინაამდეგ თამაში დამავალეს, მე თავდასხმელი ვიყავი და მწვრთნელის ასეთი დავალება 20 წლის ზურაბ პეტრიაშვილს არ მოეწონა (იცინის), თუმცა ბესო მჭედლიშვილი მოვიდა ჩემთან და მითხრა:”ზურა, არ ინერვიულო, ითამაშე როგორც ხარ მიჩვეული”. ჩვენ მოვიგეთ, გუნდელებსა და მწვრთნელებს ჩემი თამაში მოეწონათ.
უკანა გზაზე თვითმფრინავში გუნდის ადმინისტრატორმა თენგიზ მაჭავარიანმა გამოაცხადა, რომ ელოდება ფეხბურთელებს ძირითადი გუნდის ვარჯიშზე და დაასახელა დრო და საათი. მე ვიფიქრე, რომ ეს მე არ მეხებოდა, რადგან პირადად არ მითხრეს(იცინის), დამატებითი კითხვა კი მომერიდა, ვიფიქრე შევეკითხები და მეტყვიან შენთვის ჯერ ადრეა ან კიდევ ამგვარ.
ძირითადი გუნდის გამოცხადებულ ვარჯიშზე არ მივსულვარ. გუნდის კაპიტანს, ლეგენდარულ მცველს მურთაზ ხურცილავას უკითხავს – “სად არის ის ევროპული ვარცხნილობის ბიჭი, მან ხომ ტაშკენტში კარგად ითამაშა?“ ვარჯიშზე ჩემი არ მისვლა სხვაგვარად შეფასდა მწვრთნელების მხრიდან (არ მივედი, რადგან პირადად არ მითხრეს). შემდეგ ჩემთვის არავის არ დაურეკავს, მთავარ მწვრთნელს გივი ჩოხელს კი „კეთილმოსურნეებმა“ ურჩიეს: “არ ღირს ახლა პეტრიაშვილის დაძახება, ნიჭიერი კია, მაგრამ ჰიპობს, მწვრთნელებს არ უსმენს და თუ მომავალში გამოსწორდება, მერე მოიწვიეთ „დინამოში”.
მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გავიგე, რომ ჩემი არ მისვლა ძირითადის ვარჯიშზე მწვრთნელებმა შეაფასეს როგორც ჩემი “ვარსკლავური” გამოხტომა.

– კიდევ გქონდათ შანსი მოხვედრილიყავით თბილისის „დინამოში“?
– იყო ასეთი შანსები, ამავე დროს იყო ცხოვრებისა და ფეხბურთის ირგვლივ სხვა ნიუანსები, ამაზე არ ვსაუბრობ. ვთამაშობდი თბილისის „სინათლეში”, რომელიც წარმატებით გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატში და საკავშირო ტურნირებში, შემდეგ თელავის გუნდში და თბილისის „შევარდენში“, მაგრამ ჩემი საფეხბურთო მატარებელი წავიდა.

– მერე თქვენ გახდით კომენტატორი?
– 1978 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს ტელევიზიაში, სპორტულ რედაქციაში-ჯერ ვამზადებდი მოკლე სიუჟეტებს, 1982 წლიდან კი ტატო ლასხიშვილთან ერთად (იგი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ყოფილი მეკარე იყო) ვამზადებდი გადაცემას “საქართველოს საფეხბურთო მიმოხილვა”. ტელევიზიის სპორტული რედაქციის მთავარი რედაქტორი იყო დავით ქლიბაძე, რომელსაც მიყავდა ძალიან პოპულარული საავტორო გადაცემები. ტელერადიოკომენტატორებად კი მუშაობდნენ ლეგენდარული კოტე მახარაძე, გენიალური ეროსი მანჯგალაძე, იუმორით სავსე ნუგზარ ჯუღელი, ენეგრიული და ძალიან ნიჭიერი ჯამლეტ ხუხაშვილი, გამოცდილი და მშვიდი თემურ ჯაფარიძე. მე და ტატო ლასხიშვილს მიგვყავდა საქართველოს იმ გუნდების მატჩების ტელერადიორეპორტაჟები, რომლებიც სსრკ მეორე და პირველ ლიგაში თამაშობდნენ, ზოგჯერ კი უმაღლესი ლიგის გუნდების შეხვედრები.
-1989-1990 წწ თქვენ იყავით საქართველოს გუნდების სსრკ ჩემპიონატიდან გამოსვლისა და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთერთი მთავარი ინიციატორი. სპეციალისტებისა და ფეხბურთელების ერთი ნაწილი თვლიდა და ახლაც თვლის, რომ საფეხბურთო კუთხით ის ცოტა ნაადრევი ნაბიჯი იყო, თუმცა ეთანხმება იმ აზრს, რომ პოლიტიკურად ის გადაწყვეტილება გამართლებული იყო.

– ასეთი კამათი და დისკუსია მიდიოდა იმ დროსაც. სიტუაცია კი 1988-1989 წწ საქართველოში და ჩვენს ირგვლივ ისეთი იყო, რომ მომწიფდა სსრკ ჩემპიონატიდან გამოსვლისა და ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების გადაწყვეტილება. განსაკუთრებით ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც საბჭოთა ჯარმა სადისტურად დაარბია მშვიდობიანი მიტინგი საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით.1990 წლის 15 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება სსრკ ჩემპიონატიდან ჩვენი გუნდების გამოსვლისა და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ. დღესაც მიმაჩნია, რომ საქართველომ 1990 წლის თებერვალში დროული და სწორი ნაბიჯი გადადგა. ახლა მთავარია ქართული ფეხბურთის განვითარება, არსებული პრობლემების მოგვარება, ეროვნული ნაკრების მხარდაჭერა, რომელსაც აქვს რეალური შანსი პირველად თავის ისტორიაში ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე.

ესაუბრა თენგიზ პაჭკორია

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა
შემდეგი სტატიაევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი განათლების მინისტრს მიმართავს