ექსკლუზივი-ზურაბ ერქვანია: ხმამაღლა გავაჟღეროთ ჩვენი სამართლიანი პრეტენზიები

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 2, 2016 22:09

ექსკლუზივი-ზურაბ ერქვანია: ხმამაღლა გავაჟღეროთ ჩვენი სამართლიანი პრეტენზიები

   

ზურაბ ერქვანია აფხაზეთის ექს-პრემიერ მინისტრი, გენერალ-მაიორი

ზურაბ ერქვანია
აფხაზეთის ექს-პრემიერ მინისტრი,
გენერალ-მაიორი.

           ჩემში უკიდურესი პროტესტის ემოცია გამოიწვია ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ არაღიარებული აფხაზეთის, „სამხრეთ ოსეთის“ და არაღიარებული დნესტრიპირეთის ე.წ. დელეგაციები მთიანი ყარაბაღის .. დამოუკიდებლობის 25  წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს ესწრებიან და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ ”ფეისბუქში” ფოტოები გაავრცელა, სადაც არაღიარებული სახელმწიფოების დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიც ფიგურირებს…საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიან ყარაბაღში აფხაზეთის ე.წ. დელეგაციასთან სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას მთელი რის განმავლობაში ამოწმებს… თუ ეს დადასტურდა, სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური რყევების პირობებში  პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მიერ საქართველოს  სეპარატისტული რეგიონების  დამოუკიდებლობის ცნობით მუქარად უნდა აღვიქვათ? რატომ ვერ ან არ ვფლობთ ზუსტ ცნობებს და ტრადიციულად რატომ ვაგვიანებთ შესწავლა-რეაგირებას?… . რატომღაც ვფიქრობ, სომხური მხარე შეეცდება არც დაადასტუროს და არც უარყოს…  თუმცა, ჩემი  სადღეისო საფიქრალი მხოლოდ  ყარაბაღში სეპარატისტული ეს დემარში და ეს ფოტო არ არის..საჭიროა არსებული პრობლემის  ვითარების  სისტემური, კვალიფიციური და მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი, მოქმედება, პროგნოზირება  და არა მხოლოდ ფეისბუქზე გავრცელებული ცნობების გარშემო წინასაარჩევნო ვნებათაღელვა…ესეც  ჩვენი უახლესი ისტორიის  ტრაგიკული ყოველდღიურობაა.              

 

            მთავარი მაინც ის გახლავთ, რომ  სადღეისოდ უკვე  შეუძლებელია  ყარაბაღის პრობლემის განხილვა ახლო აღმოსავლეთის სიტუაციის, უკრაინაში, თურქეთ–სომხეთის ურთიერთობათა კრიზისის, სამხრეთ კავკასიაში აშშ–სა და რუსეთში შორის კონკურენციის,  სომხეთსა და აზერბაიჯანის შიდასახელმწიფიებრივი პროცესების და რუსეთის, აზერბაიჯანის და ირანის  რეგიონში ახალი გეოპოლიტიკის   კონტექსტების გარეშე. იგი კვლავ იქცა დიდი გეო–სტრატეგიული ინტერესების ჭიდილის ერთ–ერთ ეპიცენტრად. ყველა მოთამაშე ცდილობს  შექმნილი კრიზისის საკუთარი ინტერესების რეალიზებისთვის გამოყენებას. იქნებ დადგა დრო, ჩვენც კრიტიკულად გავანალიზოთ წარსული და  ახლებურად გავიაზროთ ეს პრობლემა.

 

მოგეხსენებათ, მთიანი ყარაბაღის ტრაგედიის ისტორიული და სოციალურ–პოლიტიკური მიზეზები და შედეგები კიდევ დიდხანს იქნება სპეციალისტების განსჯის საგანი. 25 წლის განმავლობაში საერთაშორისო დონეზე მისი მშვიდობიანი დარეგულირების მცდელობები, ბიშკეკის 1994 წლის  სამშვიდობო შეთანხმებამ, რუსეთის, აშშ–ს და საფრანგეთის თავმჯდომარეობით ეუთოს  მინსკის ჯგუფის  სამშვიდობო პოლიტიკურმა პროცესმა ვერც ერთი სადავო საკითხი ვერ დაგაწყვიტა. პოლიტიკურმა პროცესმა რაიმე პროგრესი ვერ უზრუნველყო, მხოლოდ  სიტუაციის მეტ–ნაკლებად კონსერვაცია და გაყინვა შეძლო. პროცესი პოლიტიკურ რიტორიკას ვერ გასცდა. 5 თვის წინ,  ა. წ. 2 აპრილის  ღამეს დაწყებული შეტაკება ყველაზე მასშტაბური იყო 1994 წლის მაისის შემდეგ. 5 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის სამშვიდობო ზავი, რბილად რომ ვთქვათ,  არანაირად  არ ხსნის კითხვის ნიშნებს სადღეისო და სამომავლო გართულებებთან დაკავშირებით…

         

 

           ერევანში  მმართველ  ძალებს აწყობთ მუდმივად დაძაბული ვითარება, რადგან მხოლოდ ამ პირობებში შეინარჩუნებენ ხელისუფლებას. …თავად სერჟ სარგსიანი წარმოშობით მთიანი ყარაბაღიდან, სტეფანაკერტიდანაა, 1989–1993 წლებში ყარაბაღის თავადაცვის კომიტეტს, ხოლო 1993 წლიდან სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა…

 

        როდესაც ყარაბაღთან დაკავშირებული დისკუსიები იმართება, როგორც წესი, სამართლიანად გაიჟღერებს ხოლმე  „აფხაზური კრიზისის სომხური კონტექსტი“. აფხაზეთის  მოვლენებში ეს მნიშვნელოვანი კონტექსტი ხომ მარტივად იკითხებოდა და დღეს ბევრს მიავიწყდა… დაინტერესებულ მკითხველს   შევახსენებ ზოგიერთ არსებით ასპექტს, მოვლენას და ფაქტს.

 

            აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების ანატომია ადასტურებს, რომ აფხაზეთის სომხური დიასპორა აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში სარგებელს პროგნოზირებდა, ხოლო   სომხეთის ელიტას მიაჩნდა, რომ  მოსკოვის გავლენა კიდევ უფრო გაიზრდებოდა. 1992 წლის აგვისტომდე  გაგრის სომხური კულტურულ-საქველმოქმედო სათვისტომო ,,მაშტოცი,, არსენ ჩეკრიანის ხელმძღვანელობით  სოხუმის ,,კრუნკის,, სათვისტომოსგან განსხვავებით დისტანცირებული იყო აქტიური პოლიტიკისგან და არ მონაწილეობდა სეპარატისტების მხარდამჭერ აქციებში. ასე, გაგრელმა სომხებმა არ გამოუცხადეს სოლიდარობა აფხაზ სეპარატისტებს 1989 წლის შეიარაღებულ დაპირისპირებაში, ისინი ქართველთა რიგებში ჩადგნენ, რომლებმაც არ დაუშვეს ე,წ, ,,თურქი მესხების,, მასობრივი სვლა ადლერიდან საქართველოში. სამწუხაროდ, შემდგომში მათზე ,,აიდგილარას,, და ,,კრუნკის,, ხელმძღვანელის ალბერტ ტოპოლიანის ღია ზეწოლისა და მუქარის შედეგად პრო-სეპარატისტული პოზიცია დაიკავეს.

 

       220px-Location_Nagorno-Karabakh2-ruეს ცალსახად დადასტურდა იმ პერიოდში მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედების  გააქტიურების პერიოდში აფხაზეთიდან სომეხ მოხალისეთა  და მათი სახსრებით შესყიდული იარაღის პარტიების გაგზავნის კომპანიის დროს. კიდევ უფრო დაიძაბა ურთიერთობები ,,კრუნკის,, გამგეობის არძინბას ხელისუფლებასთან ერთად სოხუმიდან გუდაუთაში გადასვლის შემდეგ და ქართული გვარდიის უკონტროლო ჯგუფის მიერ ,,მაშტოცის,, ლიდერის ჩაკრიანის ოჯახის დაყაჩაღების შემდეგ. სომხურმა ოჯახებმა დაიწყეს მასობრივი გასვლა გაგრიდან. ამ ეტაპზე გაგრის სომხურ თემმა არ ისურვა  თუნდაც ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. მათი ლიდერები გამუდმებით პროვოკაციულად გაიძახოდნენ, რომ ათწლეულების მანძილზე იჩაგრებოდნენ ქართველების მიერ და 14 აგვისტოს დაწყებული ომის დღიდან შეიარაღებული ჯგუფები მიზანმიმართულად აწიოკებდნენ და ძარცვავდნენ მათ ოჯახებს. კრიმინალი ყველა ომის თანმდევი მოვლენაა და ეროვნებას არ ასხვავებს. მაგრამ ეს საბაბი იყო. გაგრის დაცემის შემდეგ სომხური ბატალიონების მეთაურები ვაგარშაკ კასიანი, სერგეი მატოსიანი და სხვები უკვე ღიად აცხადებდნენ, რომ ეჭვის გარეშე უჭერენ მხარს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ამაში სომხური დიასპორა ერთიანია. საბრძოლო ნათლობა ,,ბაგარმინელებმა,, 1993 წლის 15 მარტს სოხუმისა და ოჩამჩირეს ფრონტებზე მიიღეს. იმავე წლის 2 ივლისს  გალუსტ ტრაპიზონიანის ბატალიონმა შტურმით აიღო ცუგუროვკის მთის სტრატეგიული სიმაღლე, რამაც საშუალება მისცა სეპარატისტულ შენაერთებს ახბიუკის მთის მასივზე სრული კონტროლი დაეწესებინათ. 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს ,,ბაგრამიანის ბატალიონის,, მებრძოლები ყველაზე ადრე შეიჭრნენ მთავრობის სასახლეში და 25 ქართველი  ტვედ აიყვანეს. სამხედრო მოქმედებებში აფხაზების მხარეზე სულ 1500-ზე  მეტი სომეხი მონაწილეობდა. მათგან 140  დაიღუპა. საბრძოლო დამსახურებებისათვის 11  სომეხს მიენიჭა .. აფხაზეთის გმირის წოდება (. გურგენიანი, . ტრაპიზონიანი, . ისხანიანი, . კირაკოზიანი, . ასატურიანი და სხვ.), 5  დაჯილდოვდალეონის ორდენით“, ხოლო 10მედლითმამაცობისათვის“. სომხური ბატალიონი მონაწილეობდა აგრეთვე 1998 წლის მაისში გალის რაიონში განხორციელებულ ქართველთა ეთნიკურ წმენდაში. თვითმხილველთა, საქართველოს გენპროკურატურის, უშიშროების და სადაზვერვო ორგანოების შეფასებით, თავი გამოიჩინა განსაკუთრებული სისასტიკით და მონაწილეობა მიიღო ქართველთა გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაში. ბაგრამიანის ბატალიონს ფინანსურად და ეკონომიკურად ეხმარებოდნენ რუსეთის სომხური დიასპორის წარმომადგენლები, ბიზნესმენები. ომის და ომის შემდეგ სომხეთიდან ჩამოსული და ,,ბაგრამიანის ბატალიონში,, გაწევრიანებულმა მოხალისეებმა კარგად იხეირეს. მათი დიდ ნაწილს  აფხაზეთში  ქართველების სახლ-კარი ერგო და  საცხოვრებლად დარჩა. მათ ორმაგი მოქალაქეობა უბოძეს და დღეს სომხეთსა და რუსეთში უპრობლემოდ დადიან.

 

           kio   გასაგებია, რომ აფხაზი სეპარატისტული ლიდერებისათვის ერევანთან კომუნიკაცია   მზარდ აქტუალობას იძენს, მათთვის რეალური საფრთხეა  აფხაზეთის სომხური დიასპორის სადღეისო პოლიტიკური ამბიციები. დღეს სომხური დიასპორა ყველაზე მრავალრიცხოვანი თემია აფხაზეთშიისინი აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ, სოხუმის რაიონში, გაგრასა და გულრიფშში. სომხები აცხადებენ, რომ აფხაზეთი განზრახ ამცირებს მათ რეალურ რაოდენობასაფხაზური სტატისტიკით სომხების რაოდენობა დაახლოებით  45 ათასია, ისინი მოსახლეობის 20%-ს შეადგენენ. ადგილობრივი სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით კი, სომხების რეალური რაოდენობა  70  ათასს აღემატება და ისინი მოსახლეობის 45%-ს  შეადგენენ. სომხების მერე აფხაზები რიცხოვნობით მეორე ადგილზე იმყოფებიან, რასაც რუსეთის ხელისუფლებაში რეგიონზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირები ანონიმურად აღიარებან.  სომხური თემის აქტიურობა სოხუმში ყველას არ მოსწონს და ზოგიერთი ნაციონალისტურ წრეებში თვლიან, რომ სომხები კრემლისმეხუთე კოლონასწარმოადგენენ. აფხაზეთის სომხები უფრო პრორუსულად არიან განწყობილნი ვიდრე აფხაზეთის საზოგადოება მთლიანად. უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, აფხაზეთში მცხოვრებ სომეხთა 80% რუსეთთან ინტეგრაცია პრიორიტეტად მიაჩნიათ, მაშინ როდესაც აფხაზეთის საზოგადოებაში რუსული ორიენტაციის პოპულარობა კლებულობს. თუ 2006 წელს აფხაზეთის მოსახლეობის 2/3 აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას უჭერდა მხარს, ამჟამად რუსული არჩევანის მომხრე მხოლოდ 28%ია...

 

               ცნობილია, რომ   რუსეთის სტრატეგია კავკასიის მიმართ კლასიკურ იმპერიულ  პოლიტიკას  წარმოადგენდა.  XIX საუკუნის 1960-70-იან წლებში აფხაზებმა სამშობლოს მასობრივი დატოვება დაიწყეს (მუჰაჯირობა). მათ ნაცვლად აფხაზეთში მეფის რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ერების ჩასახლება დაიწყო. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი სომხებს ეკავათ. სომეხთა გადმოსახლება XX საუკუნის შუა წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა. თუ 1926 წლის აღწერით აფხაზეთში სულ 25 ათასი სომეხი ცხოვრობდა, 1959 წელს, მათმა რიცხვმა 64 ათასს გადააჭარბა. 1989 წელს კი, სომეხთა რიცხვი ამ რეგიონში 76 ათასს აღწევდა. ქართველებისა (239 ათასი) და აფხაზების (93 ათასი) შემდეგ, სომხური დიასპორა ავტონომიურ რესპუბლიკაში ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო…

 

           აფხაზი ახალგაზრდობის სულ უფრო მზარდი მიგრაცია და ნარკომოხმარების კატასტროფული დონე,  სომხურ დიასპორაში შობადობის და ეკონომიკური მდგომარეობის  ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებლები და  სტატისტიკის ფალსიფიცირების ვერანაირ შესაძლებლობას ვერ შექმნიან. აფხაზეთში მოსახლეობის აღწერის 2016 წლისთვის დაგეგმილი კომპანია გააშიშვლებს ძველ და ახალ პრობლემებს. სომხური დიასპორის პრო-სეპარატისტული ლიდერების მიერ კულუარული ტერმინოლოგია ,,Абхазия маленькая Армения,, ახალ გამოწვევებს შეიცავს. როგორც ჩანს, ინტერესთა კონფლიქტი კვლავ მართული იქნება რუსეთის მიერ, რომელიც დღეს აფხაზებზეც და სომხებზეც  მისთვის სასურველ გავლენას აძლიერებს.

 

 რა თქმა უნდა, არასოდეს დავივიწყებთ  აფხაზეთის ომის დროს საქართველოში მცხოვრები სომეხი თანამოქალაქეების მხარდაჭერასა და აქტიურ პოზიტიურ ჩართულობას. საქართველოს სომხური დიასპორა, სომხური ელიტა მტკიცედ იდგა საქართველოს ინტერესების დამცველთა რიგებში.  აფხაზეთში მცხოვრებ სომეხთა პროგრესული ნაწილიც დღემდე ერთგულობს საქართველოს  ისტორიას. გაგრელებს ყოველთვის ემახსოვრებათ ვოვა სელეპანოვი, საქართველოზე შეყვარებული  საბურთალოელი სომეხი ბიჭი, რომელიც გაგრის გასასვლელთან ხელყუმბარით ხელში რუსულ ტანკს შეუვარდა. მას და მის ოჯახს პირადად ვიცნობდი…

 

          ფაქტი ფაქტად რჩება. დეკლარირებული მეგობრობის მიუხედავად, იმის მაგივრად, რომ სომხეთს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ცალსახად ეღიარებინა, გამოდის  აფხაზებისა და .. სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერის  მოთხოვნით.

 

               შეგახსენებთ, რომ სომხეთის მხრიდან ბოლო წლებში მსგავს მიუღებელ ინციდენტებს არაერთხელ ჰქონია ადგილი. 2008  წელს ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე დევნილების დაბრუნების რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ეხებოდა, 14  ქვეყანამ დაუჭირა მხარი სომხეთის გამოკლებით. 2009  წელს იგივე ტიპის რეზოლუციას დევნილების საკითხთან დაკავშრებით 48 ქვეყანა მიემხრო სომხეთის გარდა. 2010  წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა 50  ქვეყანამ, სომხეთი კვლავ წინააღმდეგი იყო. ცნობისთვის, 86  ქვეყანამ საერთოდ თავი შეიკავა, ამ საკითხზე კენჭისყრისაგან. 2011  წელს 57   ქვეყანა მიემხრო საქართველოს სომხეთის გარდა. 2014 წელს მაშინ, როცა თვით რუსეთის მოკავშირე სერბეთი, რომელიც წლების განმავლობაში წინააღმდეგ აძლევდა ხმას, თავი შეიკავა, სომხეთი კვლავ საქართველოს წინააღმდეგ გამოვიდა...  2015  წლის 12  მაისს ევროკავშირის უცხო ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის 1227 შეკრებაზე, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე იყო საუბარი44 ქვეყანამ, მათ შორის აზერბაიჯანმაც მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის დოკუმენტს, .. „შეთანხმებასრუსეთის ფედერაციასა, აფხაზეთსა და .. სამხრეთ ოსეთს შორის. მხარდამჭერთა შორის, სერბეთსა და შვეიცარიასთან ერთად სომხეთიც აღმოჩნდა.

  

            მიუხედავად ემოციებისა, ჩვენც  ცივი გონებით უნდა ვეცადოთ გავაანალიზოთ საქართველოს წინაშე მდგარი ახალი გამოწვევები, საფრთხეები და რისკები. ვეთანხმები შეფასებას-პრინციპულად ახალ გეო–პოლიტიკურ ვითარებაში  იღვიძებს მთიანი ყარაბაღის «მფშვინვარე  ვულკანი». როგორც ჩანს, ძალისმიერი  დაპირისპირების ესკალაციის  ფრონტალურ საომარ მოქმედებაში გადაზრდის საფრთხე ახლო მომავალშიც რეალურია…

 

       ამჟამად რეგიონს მთლიანად აკონტროლებს დე-ფაქტო დამოუკიდებელი, სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, გაერო კი მას აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს.

 

         აზერბაიჯანი არ ცნობს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებელ სტატუსს, წინააღმდეგია მისი სომხეთთან შეერთების ან/და მისი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისა. სომხეთი აცხადებს, რომ ნებისმიერი მოდელი, რაც მისაღებია ყარაბაღისთვის, ასევე მისაღებია მისთვის. მთიანი ყარაბაღის ლიდერებს პრიორიტეტად სტატუსის განსაზღვრა მიაჩნიათ, დამოუკიდებლობის აღიარება და უსაფრთხოების გარანტიები.

            

            გაერო უშიშროების საბჭო 4  რეზოლუციით და გენერალური ასამბლეის  დოკუმენტები ცნობს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მიიჩნევს სომხური ძალების მიერ ოკუპირებულად და მოუწოდებს მხარეებს სამშვიდობო პროცესისკენ. ოფიციალურ ერევანს  და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის  კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს.                           

 

         დღემდე რუსეთი სომხეთის მეკავშირე იყო. გიუმრიში რუსეთის სამხედრო სტრატეგიული ბაზაა განთავსებული. მიმდინარე 2016 წელს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სომხეთი თავმჯდომარეობს.

 

         დღეს რუსეთი ახალ იმიჯს ეძებს და  არ ჩქარობს  კონფლიქტის დარეგულირებას. რუსეთი უკმაყოფილოა თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობის გააქტიურებით. იგი ყველანაირად ეცდება  გაიყვანოს პილიტიკური დარეგულირების პროცესიდან აშშ და დასავლეთი. რუსეთისგან სამხედრო შეიარაღებას ორივე ქვეყანას იძენს და ცდილობს ურთიერთობების გაღრმავებას აზერბაიჯანთან, რაც ამ დღეებშიც დადასტურდა. რუსეთი ოფიციალურად აღიარებს აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და იღებს იმ შეთანხმების  ვალდებულებას, რომელსაც მიაღწევენ აზერბაიჯანი და სომხეთი…

 

           ყველა რწმუნდება, რომ ყარაბაღელი სომხების, აფხაზებისა და ოსების სეპარატიზმი უკავშირდება სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის პრინციპისა და ერთა თვითგამორკვევის პრინციპის არასწორ ინტერპრეტაციას. მათ რუსეთის მხარდაჭერისა და რუსული იარაღის გამოყენების გზით შეძლეს თავიანთი დე-ფაქტო მდგომარეობის მოპოვება და თვითგამოცხადებული რესპუბლიკებად გამოცხადება, რაც უპერსპექტივოა. დღესდღეობით, მთიანი ყარაბაღი  თავს “მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკად” აცხადებს. მისი დამოუკიდებლობა სეპარატისტულმა აფხაზეთმა, სამხრეთ ოსეთმა და დნესტრისპირეთმა აღიარა, რაც საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ბევრს არაფერს ნიშნავს.

 

            მთავარი საფიქრალი ის გახლავთ, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს განსხვავებული საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია აქვთ აღებული, რაც რეგიონალური უსაფრთხოების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს!

   

        ამის გამო  ყარაბაღის კონფლიქტის რეალიები  საქართველოსთვის უკიდურესად სახიფათოა. საქართველო შეიძლება იქცეს სამხედრო დახმარების სატრანზიტო დერეფნად იქცეს. ორივე დაპირისპირებულ მხარეს უკან დგას მათი სტრატეგიული პარტნიორები ანუ რუსეთის ფედერაცია და თურქეთის რესპუბლიკაა.  იმ შემთხვევაში, თუ ორივე ქვეყანამ  მოინდომა მათი დახმარება  ყველაზე უმოკლესი გზა როგორც სახმელეთო, საზღვაო და  საჰაერო გადის საქართველოში ანუ რუსეთიდან სომხეთისკენ, ასევე თურქეთიდან აზერბაიჯანისკენ. ესკალაცია აუცილებელ რეზონანს გამოიწვევს საქართველოს სომხურ და აზერბაიჯანულ თემში, ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით, 15 პროცენტს შეადგენენ…

 

     450px-Step      საქართველომ მტკიცედ უნდა დაიცვას  ტერიტორიული ერთიანობის პრინციპი! ეს წინააღმდეგობაში მოდის სომხეთის პოზიციასთან.  სრული ნეიტრალიტეტის და ბალანსის შენარჩუნება შეუძლებელია. არც  ზედმეტი დელიკატურობა და არც მუშტების ქნევა მოგვიტანს სიკეთეს… მაგრამ, ხმამაღლა გავაჟღეროთ ჩვენი სამართლიანი პრეტენზიები.  ჩვენ აქტიურად უნდა ჩავერთოთ ამ დიდ ახალ პოლიტიკურ პროცესში. მონაწილეობის პროცესში თუ შევძელით მედიატორობა-შუამავლობა, მეტად სასარგებლო იქნებოდა.

      

        ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ! საქართველომ კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს, როგორც ერევანთან, ასევე ბაქოსთან, არ მიემხროს კონფლიქტის რომელიმე მხარეს და ნებისმიერი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე იზრუნოს. მზად უნდა ვიყოთ სიტუაციის გართულების ნებისმიერი სცენარისათვის. ეს ურთულესი პოლიტიკური ამოცანაა და საქართველომ ეს ამოცანა უნდა შეასრულოს.

 

                  

 ზურაბ ერქვანია

                                                                  

აფხაზეთის ექს-პრემიერ მინისტრი,

გენერალ-მაიორი

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 2, 2016 22:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,030
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics