ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები სამინისტროს მიმართავენ

ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები მათთვის მინიჭებული წინასწარი ქულებით უკმაყოფილო არიან. ისინი ამბობენ, რომ დევნილთა სამინისტრო მათ ბინის მისაღებად საჭირო ქულებს პრინციპულად არ ანიჭებს.

საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებულები უწყებისგან ქულების ჩამონათვალთან ერთად, თითოეული ოჯახის შეფასების კრიტერიუმის გასაჯაროებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხევაში არ გამორიცხავენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ.

“რამდენი წელია ამ გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ და სამინისტროს პრინციპულად არ გავყავართ აქედან. ორი დღის წინ დაიდო სამარცხვინო ქულები. პრინციპულად არ გვანიჭებენ იმ ქულებს რაც გვეკუთვნის, რადგან აქტიურად ვაპროტესტებთ ამ უსამართლობას. არიან ოჯახები, რომლებსაც წელს მაღალი ქულები მიენიჭათ, გვაინტერესებს რა პრინციპით შეარჩიეს, როდესაც აქ ყველას თითქმის ერთნაირი საცხოვრებელი ფართი და პირობები გვაქვს. გვაინტერესებს თითეულ აპლიკანტს რა პრინციპით და რა კრიტერიუმით მიენიჭა ქულა“, – აცხადებენ დევნილები.

დევნილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, დევნილებმა განაცხადის შევსების დროს დაუყოვნებლივ განსასახლებლად აუცილებელი ყველა დოკუმენტი არ მიუთითეს. მისი ცნობით, ეს დოკუმენტები იყო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, იმის შესახებ, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და აღნიშნული შენობის მეპატრონის წერილობითი თხოვნა, მათ გასახლების შესახებ.

რაც შეეხება დევნილების პრეტენზიებს, ქულების შერჩევითი პრინციპით მინიჭებასთან დაკავშირებით, ჩილაჩავა აცხადებს, რომ სამინისტრო ყველასთვის ერთი პრინციპით მუშაობს და საკითხისადმი არაობიექტურ მიდგომას გამორიცხავს.

უკმაყოფილებას ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებიც გამოთქვამენ. მათთან დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერები მივიდნენ და მათი პრობლემებს გაეცნენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – სიამაყით ვულოცავ ლევან გორგაძეს
შემდეგი სტატიაბათუმი-სარფის საავტომობილო გზა, სავარაუდოდ, დღეს გაიხსნება