ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ითხოვენ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩაკეტილი ყველა გადასასვლელი პუნქტი დაუყოვნებლივ გაიხსნას

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები საქართველოში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ.

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები სამხრეთ ისეთთან ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ. ბოლო თვეებმა აჩვენა ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის სერიოზული გაუარესება, რამაც მოსახლეობას შორის შიში გააჩინა. ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში ყველა მონაწილის ჩართვა აჩვენებს ორმხრივ შეშფოთებასა და დეესკალაციისადმი ყველა მხარის მხარდაჭერას, რასაც თანათავმჯდომარეები მიესალმებიან. თანათავმჯდომარეები და ორგანიზაციები რჩებიან აქტიურად ჩართულნი ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არსებული გამოწვევების გადაწყვეტის ხელშეწყობაში.

ამავე დროს, ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ გახსნან სექტემბრის დასაწყისიდან დახურული ყველა გადასასვლელი პუნქტი. უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებული საერთო შეშფოთების მიუხედავად, ამ საკითხის გადაწყვეტისკენ მიმართული ნაბიჯები უნდა იყოს პროპორციული და ყოველთვის ითვალისწინებდეს ჰუმანიტარულ ასპექტებს. გადასასვლელი პუნქტების დახურვა ამწვავებს ისედაც რთულ სიტუაციას, რაზეც მეტყველებს ბოლო დროინდელი სამედიცინო შემთხვევები, რაც სერიოზულად აისახება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე”, – ნათქვამია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ზოსიმესთან დაკავშირებული სკანდალის სავარაუდო მსხვერპლი დუმილს არღვევს
შემდეგი სტატიადედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 65 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს