ზესტაფონი-ზუგდიდის სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან შვიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, მათგან სამი ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს განეკუთვნება, კიდევ სამი კი შპს „გორგიას“ სასაწყობე მეურნეობის დარაჯის კონტაქტია. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის ერთი ზესტაფონი-ზუგდიდის სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლია.

მალხაზ თორიას განმარტებით, კიდევ სამი ინფიცირებული ჩხოროწყუს მცხოვრებია.

„ერთი არის ადრე გამოვლენილი საავადმყოფოს ექიმების კონტაქტი, ხოლო ორი ახალი ინფიცირებულის კონტაქტის დადგენა მიმდინარეობს“, – აღნიშნა მალხაზ თორიამ.

რაც შეეხება ზესტაფონი-ზუგდიდის სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლს, თორიას თქმით, მას ვირუსი გეგმური ტესტირებისას დაუდასტურდა.

„კვლევა ჩაუტარდა ზუგდიდში, მაგრამ მკურნალობას გადის იმერეთში. მიმდინარეობს მისი კონტაქტების მოძიება. რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. რეგიონის მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 180-ს. რუხის კლინიკაში მკურნალობს 71 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან ხუთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. გუშინ სამი პაციენტი, რომელთა მდგომარეობა დამძიმდა, რუხის კლინიკიდან გადაიყვანეს თბილისის სხვადასხვა კლინიკაში. რაც შეეხება ფოთს, იქ მკურნალობს 19 კოვიდინფიცირებული. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 133 მოქალაქე“, – აცხადებს მალხაზ თორია.

banner
წინა სტატიაში„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“- ,,მარნეულის ინციდენტის მონაწილეთა გირაოთი გათავისუფლება, წინასაარჩევნოდ, ძალადობას წაახალისებს”
შემდეგი სტატიაეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მიერ გამართული აქციის უკან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დგას