ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს შესთავაზა, კონცენტრირება მოახდინონ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც უკრაინისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს შესთავაზა, კონცენტრირება მოახდინონ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც უკრაინისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის.

კერძოდ, პრეზიდენტმა მიიწვია G7, შეუერთდეს მუშაობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე. ამის შესახებ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გაკეთებულ მიმართვაში ისაუბრა, რომელშიც მონაწილეობა ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიიღო.

უკრაინის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების გარანტიები მომავალში შესაძლებელს გახდის ისეთი კონფლიქტების თავიდან აცილებას, როგორიცაა რუსული აგრესია.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება თანამედროვე და ეფექტური სარაკეტო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობა უზრუნველყონ უკრაინის ფრონტიდან შორს მდებარე ქალაქებში. მისი თქმით, რუსეთი აძლიერებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ძირითადი უსაფრთხოების გარანტირება.

მან G7-ის ქვეყნებს მადლობა გადაუხადა დაცვისა და უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე. ამასთან, მადლობა გადაუხადა მუდმივი სასანქციო პოლიტიკისთვის აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

„ეს გადაწყვეტილება სრულად ასახავს ჩვენს პროგრესს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, ჩვენს წვლილს ევროპული ღირებულებების დაცვაში, რაზეც ჩვენ ყველა ვსაუბრობთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშინატო მაღალ მზადყოფნაში მყოფი ძალების რაოდენობას 300 000-მდე გაზრდის
შემდეგი სტატიათუ ოცნება ნაბიჯებს არ გადადგამს, პარლამენტში საქმიანობა ამ რეჟიმში ვერ გაგრძელდება – ლელო