ზელენსკი: არასდროს იქნება სრულფასოვანი ევროპული ძალა უკრაინის გარეშე

ევროპული სახლი არასდროს იქნება დასრულებული უკრაინის გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სტრატეგიულ დონეზე უკვე ივნისში უნდა იყოს დამტკიცებული უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის მიუღებელია ევროკავშირის წევრობის ნებისმიერი ალტერნატივის მოძებნის მცდელობები.

„ევროპული სახლი არასდროს ყოფილა დასრულებული უკრაინის გარეშე და არც იქნება. არასდროს იქნება სრულფასოვანი ევროპული ძალა უკრაინის გარეშე. თავად ფაქტმა, რომ უკრაინა ევროპის ნამტვრევად რჩებოდა სადღაც იქ, თქვენი სახელმწიფოების საზღვრებს მიღმა, ხელი შეუწყო, რომ რუსეთში მეზობლების დაპყრობის აგრესიული მადა განვითარდა. მხოლოდ ევროპული ერთიანობის გაფართოებით, გაძლიერებით არის შესაძლებელი, თავიდან იქნას აცილებული იმის გამეორება, რაც ევროპამ გამოიარა 24 თებერვალს, 2014 წელს, ასევე 1968 ან 1956 წლებში. ამიტომ სტრატეგიულ დონეზე უკვე ივნისში უნდა იყოს დამტკიცებული უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მე მინდა, ცალკე მადლობა გადავუხადო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მათი გაგებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის. 8 აპრილს, როდესაც დამტკიცდა სანქციების მეხუთე პაკეტი, ჩვენ ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ კითხვარი მივიღეთ. ჩვენ უკვე გადავეცით ეს პასუხები ევროკომისიას უპრეცედენტოდ სწრაფად, და რაც მთავარია, შეუფერხებლად. იმედი გვაქვს, რომ ევროპის მხრიდან ასეთივე რეაქცია იქნება. ჩვენ უარს ვაცხადებთ უკრაინისთვის არასაჭირო ნებისმიერი ალტერნატივის მოძებნის ან კიდევ რამის პოვნის ნებისმიერ მცდელობაზე. ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ ისეთივე, როგორც თქვენ. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ამ სტატუსის ყველა აუცილებელი კრიტერიუმი შევასრულეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი სახელმწიფო, რომელიც ამ დრომდე ჩვენში არ არის დარწმუნებული, თავის აზრს შეიცვლის და აჩვენებს ჩვენს გაერთიანებულ ძალას ჩვენი ერების ძალად, რომლებიც ევროკავშირში ჩვენს წევრობას უპრეცედენტო უმრავლესობით უჭერენ მხარს. ჩვენი ერების, თქვენი სახელმწიფოებისა და გაერთიანებული ევროპის ძალად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ევროკავშირს ასევე უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„ახლა ჩვენი საერთო თავისუფლება დამოკიდებულია ბრძოლის ველზე ჩვენს წარმატებაზე, თქვენი სტაბილურობა კი დამოკიდებულია ჩვენს სტაბილურობაზე. ეს კი არის კიდევ ერთი მიზეზი, რომ იპოვოთ და გაყინოთ, შემდეგ კი ჩამოართვათ ყველა რუსული აქტივი და გადაამისამართოთ ის აღდგენაზე და ომის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციაზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინას იმაში, რომ უკრაინაში სამხედრო დანაშაულის ჩამდენი თითოეული რუსი სამხედრო სასამართლოს წინაშე წარდგეს.

„დღეს უკრაინის ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა გოგონა. ის ცხრა წლის იყო. კიდევ ორი ბავშვი დაჭრილია: შვიდი თვის ჩვილი და ხუთი წლის გოგონა. ვერც ერთი ნორმალური ადამიანი ასეთ დანაშაულებს უბრალოდ ვერ შეეგუება. ეს ყოველდღიური დანაშაულებია. ეს არის რუსი სამხედროების მიერ ჩვენი სამოქალაქო პირების, ჩვენი შვილების გაცნობიერებული მკვლელობა. მათ ზუსტად იციან, ვის ესვრიან. მე მაქვს თქვენი პრინციპულობისა და აქტიურობის დიდი იმედი, რომ თითოეული რუსი სამხედრო, რომელიც კლავდა ან აწამებდა ჩვენს ხალხს, თითოეული მეთაური, რომელიც ასეთ ბრძანებებს გასცემდა და ამას აქეზებდა, სასამართლოს წინაშე წარდგეს. ევროპას ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია. მოდით, გავაკეთოთ! ვინაიდან ეს არის არა უბრალოდ კონკრეტული ომისთვის აგრესორის პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ კაცობრიობის დაცვის საკითხი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ევროპამ უნდა აჩვენოს ძალა, ვინაიდან მხოლოდ ძალას მიიჩნევს რუსეთი არგუმენტად, ერთიანობა კი ამ ძალის ფუნდამენტია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში იმყოფებოდა