ზელენსკი: ევროპამ უნდა აჩვენოს ძალა, ვინაიდან მხოლოდ ძალას მიიჩნევს რუსეთი არგუმენტად, ერთიანობა კი ამ ძალის ფუნდამენტია

ევროპამ უნდა აჩვენოს ძალა, ვინაიდან მხოლოდ ძალას მიიჩნევს რუსეთი არგუმენტად, ერთიანობა კი ამ ძალის ფუნდამენტია, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შეთანხმებისკენ მოუწოდა სანავთობო ემბარგოს ჩათვლით.

„ამგვარ სხდომებზე რუსეთს სურს, იხილოს არა ერთიანი ევროპული საბჭო, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არა ერთიანი ევროკავშირი, არამედ 27 ცალკეული სახელმწიფო, 27 ნამტვრევი, რომელთა გაერთიანება შეუძლებელია. ეს მისი სურვილია. ასეთია აგრესორის პოლიტიკა – თანმიმდევრული. ევროპისგან განსხვავებით, რუსეთს არ სჭირდება ასეთი სამიტების მოწყობა და მრავალი კვირის განმავლობაში კომპრომისები ძებნა. სხვათა შორის, მე სურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, რომ ამბობთ სიმართლეს ამ კომპრომისების შესახებ, იმისთვის, რომ გინდათ იპოვოთ უკრაინის დახმარების და მხარდაჭერის გზა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 8 აპრილს ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დააწესა, მას შემდეგ კი, ომის კიდევ 52 დღე გავიდა, უკრაინაში ოკუპანტების მიერ მოკლული ბავშვების რაოდენობა 169-დან 243-მდე გაიზარდა.

„მინდა, რომ გამიგოთ: მე არავის გადანაშაულებთ. დანაშაული იმაზე, რაც ხდება, მხოლოდ რუსულ სახელმწიფოს ეკისრება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანისთვის აშკარაა, რომ უნდა იყოს ამ აგრესიისთვის სანქციებში პროგრესიც. ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება, ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება. ისეთი პროგრესია საჭირო, რომ რუსეთმა მშვიდობა ეძიოს. მხოლოდ ეს შეიძლება, იყოს ჩვენი საერთო მოთხოვნა – მშვიდობა. არანაირი კომპრომისი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი სუვერენიტეტის ხარჯზე არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მხოლოდ დიდი ერთიანობის დახმარებით შესაძლებელია, პასუხი გაეცეს იმას, რასაც რუსეთი უკრაინისა და ევროპის წინააღმდეგ აკეთებს.

„თქვენ ხედავთ, რომ რუსეთის აგრესიის შედეგები გასცდა ჩვენი კონტინენტის საზღვრებს და აუცილებლად დაბრუნდება იქიდან კიდევ უფრო დიდი პრობლემებით მთელი ევროპისთვის. მაგალითად, მასშტაბური შიმშილი აფრიკასა და აზიის ქვეყნებში ნიშნავს, რომ სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას ახალი მასშტაბური მიგრაციული კრიზისი ემუქრება. როდესაც მოსკოვისგან გესმით სურსათით შანტაჟი, იცოდეთ, რომ ეს არის თქვენს საზოგადოებაზე მათი გაცნობიერებული დარტყმა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთი ქმნის პირობებს ენერგორესურსების ფასის გასაზრდელად, რითაც ევროპაში არასტაბილურობის შექმნა სურს.

„ჯერ კიდევ გასულ წელს რუსეთმა შექმნა პირობები, რომ გაზის ფასი რეკორდულად გაზრდილიყო, ახლა არასტაბილურობაში წვლილის შეტანით რუსეთი აკეთებს ისე, რომ ენერგორესურსების ფასი მაქსიმალურად მაღალი იყოს. რისთვის? რომ ევროპელებმა საპროტესტო აქციები გამართონ და არა აგრესორის და მისი აგრესიის წინააღმდეგ, არამედ თავიანთი სახელმწიფოების წინააღმდეგ, პირადად თქვენ წინააღმდეგ. თუ ეს არის საფრთხე თითოეულისთვის და თითოეული ქვეყნისთვის, თითოეული თქვენგანისთვის, თუ ეს არის რუსეთის მიერ თქვენს ქვეყნებში პოლიტიკურ ქაოსზე დადებული ფსონი, მაშინ რატომ ფიქრობს ჯერ კიდევ ზოგიერთი თქვენგანი, რომ შეუძლიათ თავის დაცვა საკუთარი ძალებით? ევროპამ უნდა აჩვენოს ძალა, ვინაიდან მხოლოდ ძალას მიიჩნევს რუსეთი არგუმენტად. დადგა ეს დრო. დადგა დრო, რომ თქვენ იყოთ არა ცალ-ცალკე, არა ნამტვრევები, არამედ ერთიანნი. უკრაინამ თავისი მაგალითით აჩვენა, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. რატომ არის მნიშვნელოვანი ერთიანობა? ჩვენს ქვეყანაში 24 თებერვლიდან მაქსიმალური ერთიანობაა, ყველა მუშაობს ერთი შედეგისთვის – ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. ამის წყალობით შესაძლებელი გახდა ის, რასაც არ ელოდა მსოფლიო, რასაც არ ელოდა რუსეთი – უკრაინამ შეაჩერა მათი არმია, არადა მისი ყველას ეშინოდა, ყველას ახსოვს ეს. ჩვენ შევძელით ჩვენი დაპყრობილი ტერიტორიის ნაწილის გათავისუფლება. დიდი ერთიანობა, ეს არის ამ ძალის ჭეშმარიტი ფუნდამენტი. თქვენ ეს იცით. საბოლოოდ უნდა დასრულდეს ევროპაში ნებისმიერი უთანხმოება, შიდა დავა, რომლებიც ახალისებს რუსეთს უფრო მეტი ზეწოლისკენ მთელ ევროპაზე. უნდა იქნას შეთანხმებული სანქციების მეექვსე პაკეტი. ის უნდა იყოს ეფექტიანი და მოიცავდეს ნავთობს, რომ რუსეთმა იგრძნოს იმის საფასური, რასაც უკრაინის და ევროპის წინააღმდეგ აკეთებს, რომ თქვენ საბოლოოდ გახდეთ რუსული ენერგეტიკული იარაღისგან დამოუკიდებლები ჩვენთან ერთად. სანავთობო ნაწილისგან მაინც. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ სასურსათო კრიზისი“, – აღნიშნა ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერების წინაშე ვიდეორეჟიმით სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაში„ოსტანკინოს“ შენობაზე ალა პუგაჩოვას შეურაცხმყოფელი წარწერები გამოსახეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაზელენსკი: არასდროს იქნება სრულფასოვანი ევროპული ძალა უკრაინის გარეშე