ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს. როგორც ხატიაშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით სხვა პოლიციელები დაიცვა, ვისი ბრალეულობაც აღნიშნულ საქმეში ვლინდებოდა.

“მოსამართლემ დღეს მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება. ადვოკატი იყო ნაწამები და ეს ყველამ ნახა. გამოდის, რომ ამ ადამიანმა თვითონ მიიყენა დაზიანებები. ეს სამარცხვინო ფაქტია. მოსამართლემ ევროსასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. მე დარწმუნებულო ვარ ევროპის სასამართლოში ამ საქმეს ადვოკატი მოიგებს, იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი შედის პოლიციის დაწესებულებაში და იქიდან გამოდის დაზიანებებით, ეს არის ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევა. მოსამართლემ დაიცვა სხვა პოლიციელები, იმიტომ რომ დაახლოებით 10 პოლიციელი მიდიოდა ციხეში”, – განაცხადა ხატიაშვილმა.

ადვოკატ დავით მდინარაძის ცემის საქმეზე სასამართლომ დღეს განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალი პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში სცნო, ძალადობის ნაწილში კი გაამართლა. საბოლოოდ, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილ უფროსს ლაშა კვირკვაიას 10 ათას ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.

გიორგი მდინარაძის მიმართ ფიზიკური ძალადობა ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების შენობაში 2015 წლის 8 ნოემბერს განახორციელეს. საქმეზე პროკურატურამ აღნიშნული განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია დააკავა. კვირკვაია ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ პოლიციელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება და ამ დროს მიიყენა მდინარაძემ თვითდაზიანებები.

banner
წინა სტატიაში”ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დღეს თბილისის ქუჩებს პარტიის მხარდამჭერი პლაკატებისგან გაასუფთავებენ
შემდეგი სტატია“ლეიბორისტული პარტია” ხმების თავიდან დათვლას ითხოვს