ზარქუა – სააკაშვილის მხარდამჭერებმა, ასევე ექიმებმა, თუ ისინი ნამდვილად არიან პროფესიონალები, მას ურჩიონ, რომ შეეშვას პროვოცირებას, შიმშილობას და მიიღოს ის საკვები, რაც მიეწოდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ამ ეტაპზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი არ განიხილება.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ექიმებმა მიხეილ სააკაშვილს უნდა ურჩიონ, რომ „შეეშვას პროვოცირებას, შიმშილობას და მიიღოს ის საკვები, რაც მიეწოდება“.

„უნდა ითქვას, რომ ყველა სამედიცინო სერვისი, რაც სჭირდება და მომავალში დასჭირდება, პატიმარ სააკაშვილს, ისევე როგორც დანარჩენ პატიმრებს, მიეწოდება. მოცემული მომენტისთვის არც იყო მსჯელობა, არც განიხილება რამდენადაც მაქვს ინფორმაცია პატიმარ სააკაშვილის სადმე გადაყვანა. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ამის აუცილებლობა დადგა, როგორც წინა შემთხვევაში გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და სხვა კლინიკებში, ამის პრობლემა არ იქნება. უბრალოდ, ეს დღის წესრიგში არ დგას. მთავარია, თითოეულმა მისმა მხარდამჭერმა, ასევე ექიმებმა, თუ ისინი ნამდვილად არიან პროფესიონალები, მიმართონ და ურჩიონ, რომ შეეშვას პროვოცირებას, შიმშილობას და მიიღოს ის საკვები, რაც მიეწოდება.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გვაქვს თავისუფალი საზოგადოება, შიმშილობა ისევე, როგორც არშიმშილობა, ადამიანის გადასაწყვეტია. უბრალოდ, ვისურვებდი, რომ თითოეული ექიმი, მათ შორის სახალხო დამცველი, ნუ იქნებიან ჩვეულებრივად მხარე. მათ უნდა დაიცვან თითოეული პატიმრის უფლებები, მათ შორის მოუწოდონ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუ ეს ასეა და მიიღოს სერვისი, ის კვება, რაც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია”, – განაცხადა ზარქუამ.

წინა სტატიაშიბიბილოვი – სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება
შემდეგი სტატიათქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, ჩვენი სამშობლოს, რუსეთის უსაფრთხოებისთვის – პუტინის გამოსვლა წითელ მოედანზე