Washington Examiner: პომპეომ უნდა გამოიყენოს მომენტი და საქართველოში ოპოზიციას შეხვდეს

region
ავტ.: region ნოემბერი 17, 2020 18:40

Washington Examiner: პომპეომ უნდა გამოიყენოს მომენტი და საქართველოში ოპოზიციას შეხვდეს

გავლენიანი პოლიტიკური კომენტატორი და საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი ტომ როგანი გამოცემა Washington Examiner-ში თბილისში დაგეგმილი პომპეოს ვიზიტის შესახებ კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს და სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გამართოს შეხვედრა.

როგანი აღნიშნავს, რომ ამჟამად ყველაზე საგანგაშო საკითხი 31 ოქტომბრის სადავო არჩევნებია, რომელშიც მმართველმა პარტია ქართულმა ოცნებამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

“მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კვლევებით ქართულ ოცნებას სტაბილური უპირატესობა ჰქონდა, არჩევნების დღეს პარტიამ მოსალოდნელზე ბევრად უკეთესი შედეგები მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა ეს შედეგი არ მიიღეს. მათი შეფასებით, საარჩევნო “კარუსელებმა” და ამომრჩეველთა დაშინებამ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია, რამაც მმართველ პარტიას უსამართლო უპირატესობა მოუპოვა”, – ამბობს როგანი.

ავტორის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების დასკვნებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ანგარიშები მეტ დამაჯერებლობას სძენს. მისი თქმით, IRI-ის ანგარიშები ცხადყოფს, რომ საარჩევნო უბნებზე ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩევლების საერთო რაოდენობას, ისევე როგორც, მრავალ შემაჯამებელ ოქმში აშკარა იყო გულგრილობა გაყალბების ფაქტების მიმართ. როგანი ასევე აღნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებზე დამკვირვებელი სამი მთავარი ორგანიზაციის საჩივრების მხოლოდ 17% დააკმაყოფილა.

როგანი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ პომპეო ოპოზიციის ლიდერებს არ შეხვდება, ეს თბილისში გამართული სხვა მაღალი შეხვედრებისგან განსხვავებული ფორმატი იქნება, რასაც ავტორი შემაშფოთებლად მიიჩნევს.

“რა პრობლემებიც ჩვენ ვიხილეთ ბოლო არჩევნების დროს არ არის უბრალო საკითხი, ის გამოხატავს პრემიერმინისტრ გახარიას ნელ, თუმცა ცხად დაშორებას დემოკრატიული წესებისგან”, – წერს როგანი.

როგანს, წინა სტატიის მსგავსად, ანაკლიის პორტისა და ციფრული დერეფნების პროექტების ჩაშლა მოჰყავს საქართველოში რუსული ინტერესების ზრდის საილუსტრაციოდ, რაც, მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით მოხდა.

“ეს ორი ინფრასტრუქტურული პროექტი უკიდურესად წაადგებოდა საქართველოს მოსახლეობას, ქვეყანას კი აუთვისებელ საინვესტიციო რესურსად წარმოაჩენდა. ამის ნაცვლად, საქართველო უფრო და უფრო მეტად ემსგავსება რიგით პოსტსაბჭოთა ქვეყანას. ადგილს, სადაც ბიზნესს ძალაუფლების მქონეთა მიმართ ერთგულება და ბიზნესის მხოლოდ მათთან ერთად კეთება მოეთხოვება”, – წერს როგანი.

ავტორის შეფასებით, პომპეომ ამ პრობლემების შესახებ საჯაროდ უნდა ისაუბროს.

“თუკი პომპეო არ დაადასტურებს, რომ დემოკრატიულ სამყარო თბილისისგან დემოკრატიული წესების ერთგულებას მოელის, მიმდინარე პროცესები გაამყარებს კრონიზმს ქვეყანაში”, – წერს როგანი.

როგანმა საკუთარი მოსაზრება პომპეოს ვიზიტის შესახებ Washington Examiner-ში 13 ნოემბერსაც გამოაქვეყნა, რომელშიც ავტორი ამბობდა, რომ საქართველოში გაზრდილი ავტორიტარული მმართველობის გამო, პომპეომ თბილისში საქართველოს ხელისუფლებისთვის მკაცრი გზავნილები უნდა ჩამოიტანოს.

მაიკ პომპეო საქართველოს დღეს, 17 ნოემბერს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებთან, “რათა მათგან მოისმინოს მოსაზრებები კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის განხორციელების პროცესის და ადამიანის და ეკონომიკური უფლებების დაცვის შესახებ”.

region
ავტ.: region ნოემბერი 17, 2020 18:40