,,ვფიქრობ, დღეს არის ის მომენტი, როდესაც ფოთის ინდუსტრიული ზონა გახდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა”

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, ჩინური კომპანიისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. გახარიას თქმით, ჩინელები ზოგადად თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მართვაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტები არიან.

“დარწმუნებული ვარ, რომ გაამართლებს. ვალდებულებები არის ბევრად უფრო მკაფიოდ და გააზრებულად სტრუქტურიზებული. ჩინელები საერთოდ არიან თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მართვაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტები. სულ სხვა რეალობა გვაქვს დღეს. დღეს არის უკვე სხვადასხვა სახის გაუმჯობესებები. მაგალითად თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები გვაქვს უკვე ევროკავშირთან და ჩინეთთან, ასეთ თავისუფალ ვაჭრობის რეჟიმებს ვავითარებთ სხვა ქვეყნებთანაც. ანაკლიის პორტი გვაქვს როგორც მიზანი და ვფიქრობ, რომ დღეს არის ის მომენტი, როდესაც ფოთის ინდუსტრიული ზონა გახდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი დრაივერი”,- აღნიშნა გახარიამ.

მისივე ინფორმაციით, სავალდებულო ინვესტირება 150 მილიონი დოლარია.

“პირველი 3 წლის განმავლობაში ეს უნდა იყოს 60 მილიონი დოლარი, შემდგომ დანარჩენი და რაც მთავარია ვალდებულება არის, რომ ფოთის ინდუსტრიულ ზონაში უნდა შეიქმნას ინდუსტრიული წარმოებები, რომლებიც იმუშავებენ ძიითადად იმ დიდ ბაზრებზე, რომლებთანაც საქართველოს აქვს მარტივი წვდომა. რა თქმა უნდა ეს არის ევროკავშირი, ჩვენი რეგიონის ბაზრები და ა.შ.”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის მფლობელი ჩინური კომპანია “CEFC China Energy Company Limited”-ი გახდება.

banner
წინა სტატიაშისოფელ დუისში “პანკისობა-2017” მიმდინარეობს
შემდეგი სტატია,,ჯაბა ჯიშკარიანი პასუხს აგებს კანონისა და სასამართლოს წინაშე”