ბრიუსელში გვაქვს საიუბილეო ღონისძიება, სადაც წევრი ქვეყნები მასპინძლობენ კანდიდატის სტატუსის მქონე ცხრა ქვეყანას – დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

როგორც ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, მონაწილოებას მიიღებს ღონისძიებებში, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავს ეძღვნება.

„20 წლის წინ ევროკავშირის ისტორიაში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაფართოება და ეს იყო ძალიან ძლიერი იმპულსი, რათა ევროკავშირს გაეგრძელებინა ამ მიმართულებით სვლა. დღეს ვიმყოფები ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით. ბელგიის თავმჯდომარეობის პირობებში გვაქვს საიუბილეო ღონისძიება, სადაც წევრი ქვეყნები მასპინძლობენ კანდიდატის სტატუსის მქონე ცხრა ქვეყანას და გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები. როგორც ცნობილია, ევროკავშირი თავად იწყებს შიგნით მსჯელობას მომავალი გაფართოების პროცესთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია, რომ სწორედ კანდიდატი ქვეყნები იღებენ ამ პროცესში მონაწილეობას.

ჩვენ გვექნება სამუშაო შეხვედრაც და საიუბილეო ღონისძიებაც, რომელიც აღნიშნავს 20 წლის წინ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაფართოებას, რომელიც მოხდა ევროკავშირის შიგნით. ასევე ჩვენთვის წლევანდელი წელი ასევე გამოირჩევა საიუბილეო თვალსაზრისით. ჩვენ ვზეიმობთ 10 წლის თავს ასოცირების შეთანხმების და 15 წლის თავს აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის შექმნის“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრებს გამართავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე ევროპელ კოლეგებთან.

„ვიზიტის ფარგლებში ასევე მექნება შესაძლებლობა, შეხვედრა გავმართო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, რომელიც ამავდრიულად არის კომისარი ღირებულებების და გამჭვირვალობის, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ძალიან ღია და სიღრმისეული დიალოგი.

მექნება შესაძლებლობა, შევხვდე ევროკომისიის პრეზიდეტის კაბინეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, რომელთანაც, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც აქვს ქვეყანას. იმ პროგრესზე, რეფორმების თვალსაზრისით, რომელიც ქვეყანამ მიიღო და მომავალ აქტივობებზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი სრულად იყოს ინფორმირებული ქვეყნის რეფორმების დღი სწესრიგზე.

ასევე მექნება შესაძლებლობა, გავმართო ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან, რომლებთანაც, რა თქმა უნდა, ვისაუბრებ, ერთი მხრივ, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე და მეორე მხრივ მათ მხარდაჭერაზე ჩვენი შემდგომი ევროინტეგრაციის მიმართულებით“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსული კანონის მხარდამჭერ ბიზნესმენებს სოსო ფხაკაძეც შეუერთდა
შემდეგი სტატია„ფარა“ ერთ-ერთი აქტუალური კანონია აშშ-ში და შარშან „ფარას“ კანონის პირდაპირ თარგმანსაც რუსული კანონი დაარქვეს – მდინარაძე