ვიქტორ დოლიძე: საარჩევნოდ ქცევის წესებზე შეთანხმება არის დროულიც და მნიშვნელოვანიც

საარჩევნოდ ქცევის წესებზე შეთანხმება არის დროულიც და მნიშვნელოვანიც, რათა წინასაარჩევნო გარემო ორიენტირებული იყოს პროგრამებსა და პლატფორმებზე და არა ცემა-ტყეპაზე, უღირსად მოხსენიებასა და სიძულვილის ენაზე, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ გააკეთა, რომელიც “საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ“ პარლამენტის განცხადების პროექტის ავტორია.

დოლიძემ განცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა კოლეგებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

ამასთან, როგორც მან ბიუროს სხდომაზე განმარტა, პროექტთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთი-ორი შენიშვნის გარდა, არაფერი მიუღია. დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობაც შეუერთდება და არასაპარლამენტო პარტიებიც.

“ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვიმუშავეთ. ინიციატივას პარლამენტში გამოსვლის დროს პრეზიდენტმაც დაუჭირა მხარი. მინდა ყველა კოლეგას მადლობა გადავუხადო, ვინც განცხადებას ხელი მოაწერა და ვინც ჩათვალა, რომ მართლაც მნიშვნელოვანი თემაა. ქცევის წესებზე შეთანხმება დროულიც არის და მნიშვნელოვანიც, რათა წინასაარჩევნო გარემო პროგნოზირებადი, პროგრამებსა და პლატფორმებზე ორიენტირებული იყოს და არა ცემა-ტყეპაზე, უღირსად მოხსენიებაზე და სიძულვილის ენაზე“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

პარლამენტი საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ სპეციალური განცხადების მიღებას გეგმავს. პარლამენტის განცხადების პროექტი ბიუროს დღეს წარედგინა. პროექტის ავტორი დეპუტატი ვიქტორ დოლიძეა. მას ყველა ფრაქციის თავმჯდომარე აწერს ხელს, გარდა “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა.

განცხადების პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი აცხდებს, რომ დაცული უნდა იქნას დადგენილი ქცევის წესები და ეთიკური სტანდარტები, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმოქმედონ კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, “საარჩევნო კოდექსის“ და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების შესაბამისად. აღიარებს პოლიტიკური პარტიების კონკრეტულ უფლებებს და თავისუფლებებს, მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, უარი თქვან სიძულვილის ენაზე, ნებისმიერი ფორმის ძალადობაზე.

 

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანიების წარმომადგენლები პრეზიდენტის მრჩევლებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიასაგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შესაძლებელია