“ვინც მუშაობენ და ჯერ არ დახურულან შემოიტანონ რეკლამა ტელეკომპანია „იბერიაში“ – ნატო ჩხეიძის მიმართვა ბიზნესმენებს

“ხელისუფლებამ დახურა იბერია”- დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ეკრანზე ეს წარწერა გუშინ საღამოს გამოჩნდა. უკვე მეორე დღეა, ტელეკომპანიის ეთერში საინფორმაციო გამოშვება და გადაცემები აღარ გადის.

სახელისუფლებო შეტევის და ომეგა ჯგუფის სკანდალის დაწყებიდან, დაახლოებით ერთ თვეში, არხი იძულებულია ფინანსური კრიზისის გამო, მთავარი პოლიტიკური გადაცემები შეწყვიტოს.

“იბერიისა” და “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელები, დამოუკიდებელი არხისთვის პრობლემების შექმნაში სწორედ ხელისუფლებას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა ამ შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა.

ნატო ჩხეიძე ტელევიზიაში ცოტა ხნის წინ მივიდა და ამ წუთებში თანამშრომლებს ხვდება. შეხვედრამდე მან ბიზნესმენებს მიმართა დაეხმარონ ტელეკომპანიას მუშაობის აღდგენაში.

„ის, რაც იყო მცირე საშუალებები რეკლამებიდან, ის ყველაფერი ამოიწურა. თუ იქნება რაიმე რეკლამა ძალიან დიდი თხოვნით მივმართავ, თუკი უნდათ, რომ ამუშავდეს ტელეკომპანია „იბერია“ არსებობს ორი საშუალება – ერთი „ომეგა ჯგუფი“ ამუშავდეს და მეორე საშუალებაა, რომ იმათ, ვინც მუშაობენ და ჯერ არ დახურულან შემოიტანონ რეკლამა ტელეკომპანია „იბერიაში“,-ამბობს ნატო ჩხეიძე.

ტელეკომპანია „იბერიას“თანამშრომლები კი ამბობენ, რომ წინ არჩევნებია და ძალიან სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო პროცესებსა და არჩევნებს ტელეკომპანია ვერ გააშუქებს.

„იბერიაში“ საინფორმაციო გამოშვებისა და გადაცემების შეწყვეტას პრობლემას უწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი მარიამ გოგესაშვილი.

მისი თქმით, ტელეკომპანიის გაჩერება მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება.

„არჩევნებამდე ტელეკომპანია როდესაც იხურება და ვეღარ აგრძელებს მუშაობას, ეს არასწორია და არ უნდა იყოს ასეთი ფაქტები.

ეს მოქმედებს იმაზე, რომ მედიაგარემო არ არის ჯანსაღი საქართველოში. ყველაფერ ამაზე გარკვეულწილად პასუხისმგებლობა ხელისუფლებასაც ეკისრება,“-ამბობს გოგესაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – პრეზიდენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით გაიღვიძა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომას პრეზიდენტის პირადი მიმართვის შემთხვევაში მოიწვევს