ვინ იყენებს ადამიანების სიცოცხლეს დესტაბილიზაციის გამოსაწვევად

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე დაძაბული ვითარება ნარჩუნდება, თუმცა ალექსანდრ ლუკაშენკო პოზიციების დათმობას იწყებს-მისი დავალებით, მიგრანტები ბელარუსის ტერიტორიის სიღრმეში გადაყავთ და მათთვის ლოგისტიკური ცენტრს აწყობენ. ამასთანავე, ერაყიდან მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეც- რეისების დანიშვნა დაიწყო.

ევროკავშირზე განხორციელებულმა ჰიბრიდულმა შეტევამ, რომელიც ბელარუსის ხელისუფლების ორგანიზებით დაიწყო, 15-16 ნოემბერს პიკს მიაღწია. სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე „ბრუზგი-კუზნიცა“ ათასობით სირიელი და ერაყელი მიგრანტი შეიკრიბა, მათ ჯებირების გარღვევა და პოლონეთში უკანონოდ გადასვლა სცადეს. მიგრანტებმა პოლონელ მესაზღვრეებს ქვებიც დაუშინეს, საპასუხოდ კი ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი იყო გამოყენებული.

ახლო აღმოსავლეთიდან ათასობით მიგრანტი პოლონეთის საზღვარს შემთხვევით კი არ მიადგა. ყველა საღად მოაზროვნემ უკვე დაინახა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ განზრახ მოახდინა სიტუაციის პროვოცირება და ევროკავშირის საზღვრებთან ათასობით მიგრანტის გადაყვანის ორგანიზება. ეს ყველაფერი ბელარუსის რეჟიმმა ევროპულ სანქციებზე საპასუხოდ გააკეთა.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიგრანტებმა სწორედ ბელარუსი სამხედროებისგან მიიღეს შუქ-ხმოვანი ჭურვები, რომელიც შემდეგ მათ მესაზღვრეებს დაუშინეს. „შეტევა მიმდინარეობს ბელარუსის სხვადასხვა სამსახურების კონტროლის ქვეშ“.-განაცხადეს უწყებაში. ამას გარდა, გაჩნდა ცნობა, რომ 15-ში, გვიან ღამით უშუალოდ ბელარუსმა სამხედროებმაც სცადეს ჯებირების მონგრევა და მიგრანტებს პირდაპირ უბიძგეს საზღვარზე გადასვლა, რის ამსახველი ვიდეო კადრებიც კი გავრცელდა.

ევროპაში მიიჩნევენ, რომ ლუკაშენკო ამ კრიზისს შურისძიების მოტივით ქმნის-ეს არის მისი პასუხი სანქციებზე, რომლებიც მის რეჟიმს ევროპამ დაუწესა.

თუმცა, ბელარუსის ლიდერი ევროკავშირს ასე მძაფრად მარტო ვერ დაუპირისპირდებოდა. ის, რომ მიგრაციული ომის დაწყების უკან სინამდვილეში ვლადიმერ პუტინი დგას, პირველად პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გააჟღერეს. გერმანიის შს მინისტრმა ზეეჰოფერმა არა მხოლოდ ლუკაშენკო, არამედ პუტინიც პირდაპირ დაადანაშაულა. მისი თქმით, „ისინი იყენებენ ადამიანების სიცოცხლეს იმისთვის, რომ დასავლეთის დესტაბილიზაცია გამოიწვიონ“.

ევროპელი პოლიტოლოგები და ექსპერტები, აცხადებენ, რომ მჭიდრო კოორდინაცია მინსკსა და მოსკოვს შორის არის მთავარი ფაქტორი ამ სიტუაციაში. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთმა პოლონეთის საზღვრის მიმდებარედ, ბელარუსის მხარეს, სამხედრო პარაშუტისტების დესანტი გადასხა, რაც ვითომ და სამხედრო წვრთნის ნაწილი იყო.

კრემლთან ერთობლივი თამაშის გარეშე ლუკაშენკო „ჰიბრიდულ შეტევას“ არ დაიწყებდა, ეს აბსოლუტურად ნათელია. ჩეხი ანალიტიკოსი პაველ გავლიჩეკი ამბობს, რომ რუსეთის და ბელარუსის სპეცსამსახურები ერთი ჯაჭვის ნაწილები არიან-„რუსეთს და ბელარუსს ერთიანი საჰაერო სივრცე აქვთ, ერთიანი თავდაცვითი სისტემა და ფაქტიურად საზღვრის დაცვის ერთიანი სამსახური. მოსკოვი არ მისცემს უფლებას ბელარუსებს მისი თანხმობის გარეშე რამე მოიმოქმედონ.“


„ადამიანები არ უნდა იყვნენ იარაღად გამოყენებულნი.“-ეს შესანიშნავი სიტყვები კი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს ეკუთვნის, რაც ზუსტად გამოხატავს ევროპული ღირებულებების მაღალ დონეს. სასიხარულოა, რომ ახლა ევროპა ყველაფერს აკეთებს, რათა ორი „მეგობარი რეჟიმის“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია მშვიდობიანად დასრულდეს და ეს მხოლოდ ფუჭი სიტყვები არ არის- მალე ბელარუსის რეჟიმის მიმართ სანქციების მეხუთე პაკეტიც ამოქმედდება. როგორც „დოიჩე ველეს“-ს მიმომხილველი ნიკოლას ბრუსე წერს, დიქტატორები ხომ მხოლოდ ძალისმიერ მეთოდებზე და არა მოწოდებებზე რეაგირებენ.

 

 

 

 

 

 

 

ნინო ნებიერიძე

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: სახალხო დამცველთან მოქმედი მედიკოსების ჯგუფის თითქმის ყველა წევრი პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია
შემდეგი სტატიაჯაღმაიძე: სააკაშვილის რამე რომ დაემართოს თვითონ იქნება პასუხისმგებელი