(video) ადამიანები იგონებენ საფრთხეებს – სოზარ სუბარი სეკულარიზმზე პრემიერის განცხადებას ხსნის

„ადამიანები იგონებენ საფრთხეებს,“ – ეს განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში სეკულარიზმის საკითხზე საუბრისას გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში რელიგია და სახელმწიფო ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნულია.

„მსოფლიოში, ალბათ, თითზე ჩამოსათვლელია სახელმწიფოები, რომელსაც შეიძლება, დავარქვათ, რომ ეს არის კლასიკური სეკულარული სახელმწიფო, მაგრამ ეს სახელმწიფოები არის კლასიკური დემოკრატიული სახელმწიფოები და იქ რელიგია, ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთს აძლიერებენ, ხელს უწყობენ და ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდიან. ეს არის საქართველოც,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, კლასიკური სეკულარული სახელმწიფოს მაგალითი მენშევიკების პერიოდი იქნებოდა, ხოლო არჩევანის სტუდიაში სტუმრები ეკლესიის მხოლოდ ჩამორჩენილობასთან ასოცირებას ახდენენ. მან ოპოზიციური ძალის წამომადგენლებს „ბოლშევიკები“ უწოდა.

„რასაც თქვენი სტუმრები ლაპარაკობდნენ, ეს იყო კლასიკური ბოლშევიზმი. კლასიკური ბოლშევიზმის გარდა, არავინ არ ამბობს, რომ ეკლესია, თურმე, არის ჩამორჩენილობის სიმბოლო, ხოლო ინკვიზიცია, ჯორდანო ბრუნო, ჟანა დარკი, კოპერნიკი, ეს თემები დასძლია საზოგადოებამ და ამიტომ განვითარდა, თორემ ეკლესიას, თურმე, არაფერი როლი არ შეუსრულებია. პირიქით არის, ევროპული ცივილიზაცია არის ქრისტიანული ცივილიზაციიდან ამოსული. ადამიანის უფლებების თეორიაზე როცა ვსაუბრობთ, საფუძველი არის სწორედ ქრისტიანულ მოძღვრებაში,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამ განცხადებას სტუდიაში კამათი მოჰყვა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრმა, ზვიად ქორიძემ, სოზარ სუბარს განუმარტა, რომ სახელმწიფო ეკლესიის საკითხებში არ უნდა ჩაერიოს და არც ეკლესია უნდა ჩაერიოს ქვეყნის მართვის საკითხებში. ხოლო მის მიერ მოყვანილი მაგალითები სტალინისა და ბოლშევიზმის შესახებ, რადიკალურია და სეკულარიზმის მაგალითი არ არის.

დევნილთა მინისტრმა კი კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გიორგი კვირიკაშვილი თავის განცხადებაში ოქროს შუალედის მიღწევას გულისხმობდა.

 

banner
წინა სტატიაშითეთრუაშვილი საპატრიარქოში სძულთ
შემდეგი სტატიადე-ფაქტო ცხინვალი: აქციებით ქართველები საზღვრის არსებობას აღიარებენ