ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს

საპრეზიდენტო კანდიდატები ხშირად უხეშად ახსენებდნენ ერთმანეთს, უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

უწმინდესი საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. ილია მეორემ მრევლს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველო ირჩევს პრეზიდენტს.

„დღეს განსაკუთრებული დღეა. ქართველი ერი, ქართველი ხალხი, საქართველო ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. ეს წინა დღეები მძიმე იყო არამარტო იმათთვის, ვინც იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, არამედ მძიმე იყო მთელი ხალხისთვის, მთელი ერისთვის. ხშირი შემთხვევა იყო, როცა უხეშად ახსენებდნენ ერთმანეთს და ეს უნდა გავითვალისწინოთ მომავალში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს არ მისცემს ადამიანს, პირიქით, სხვისი ამაღლება აღგამაღლებთ თქვენც.

მაცხოვარი ჩვენი ბრძანებს „ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ”, რა უნდა ვთხოვოთ უფალს? უნდა ვთხოვოთ სიმშვიდე, შვილების კეთილდღეობა. წმინდა მამები ამბობდნენ: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისათა“.

უნდა დაინახოს ადამიანმა თავისი თავი. ძველი რომაელები ამბობდნენ, შეიცანი თავი თვისი. უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი და არ უნდა დავინახოთ ან ნაკლებად დავინახოთ ნაკლი ჩვენი მოყვასისა. უნდა დავინახოთ მისი კეთილი მხარე.

საპატრიარქოში ჩვენ ავანთეთ სანთელი და ვთხოვეთ უფალს, რომ მშვიდობა მოსცეს საქართველოს და წავიკითხეთ ფსალმუნებიდან ერთი კანონი, მე-14 კანონი.

გადავშალე და გაიხსნა მე-14 კანონი. საოცარია, რომ ამ მე-14 კანონში არის ჩვენი, თითქოს საქართველოს ცხოვრება, საქართველოს წარსული და მომავალი, განცდები და სიხარული. საოცარი ფსალმუნები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ უფალი ჩვენთან არის. უფალი მფარველობს საქართველოს.

მინდა ვთხოვო მეუფე დანიელს, რომ წავიკითხოთ ეს მე-14 კანონი. ეს კანონი გვიჩვენებს ჩვენ გზას“, – განაცხადა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია
შემდეგი სტატიაცესკო – ჟენევაში საარჩევნო უბანი ნაადრევად ვერ დაიხურებოდა მხოლოდ იმის გამო, რომ იქ უბანი არც გახსნილა