„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემების გამოფენა ტექნიკურ უნივერსიტეტში

„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემების გამოფენა ტექნიკურ უნივერსიტეტში

daro5ამასწინათ ჩემმა მეგობარმა მითხრა, გამოგვიარე ტექნიკურ უნივერსიტეტში ისეთ „ვეფხისტყაოსანს“ გაჩვენებ, ყველაზე ფერად სიზმარშიც რომ არ გექნება ნანახი და ისეთ კაცს შეგახვედრებ რომლის მოსმენაც არ მოგწყინდებაო.

„თაიმერი“ ყოველგვარი შესავლის გარეშე გთავაზობთ ორ ინტერვიუს ერთ თემაზე. ჩვენი რესპოდენტები არიან პროფესორები ვაჟა პაპასკირი და სოსო სიგუა.

ვაჟა პაპასკირი:

_ იუნესკომ 2016 წელი გამოაცხადა შოთა რუსთაველის წლად, რასაც პირველები ჩვენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო სამეცნიერო ცენტრალური ბიბლიოთეკა გამოეხმაურა.  აქ წარმოდგენილია დიდი კოლექცია, რომელიც გროვდება 1912 წლიდან.  ამ დროს ვორონცოვმა რუსეთის იმპერატორის დავალებით შექმნა დოკუმენტაცია რათა საქართველოში გახსნილიყო უმაღლესი სასწავლებელი. გაიხსნა ეს სასწავლებელი, რომელიც შემდეგ ლენინმა დახურა, მაგრამ წიგნები არ დაკარგულა და 1922 წლიდან ჩვენ გადმოგვეცა.

_ წიგნები არ გამქრალა?

_ საბედნიეროდ ეს არ მომხდარა. ბიბლიოთეკაში მუშაობდნენ თავისი საქმის დიდოსტატი ადამიანები. დღეს ჩვენთან სამი ქალბატონი მუშაობს, მომავალ წელს 80 წლის გახდებიან, ბიბლიოთეკაში 20 წლის იყვნენ რომ მოვიდნენ. 60 წელი ადამიანი ბიბლიოთეკაში რომ იმუშავებს, ის უკვე პროფესიითაა დაავადებული.

_ რაც ეხება გამოფენაზე წარმოდგენილ „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემებს?

_ ყველა გამოცემა უნიკალურია, მაგრამ დავიწყებ ქართველიშვილის გამოცემით, რომელიც 1888 წელს გამოვიდა ორ ვარიანტად – ჩვეულებრივი  და ქსოვილიანი (რუსთაველის ბარელიეფით) ყდით.  ქსოვილიანი ყდით 200 ეგზემპლარი გამოვიდა, ჩვეულებრივი კი – 600. 200 ცალიდან ათიოდე ეგზემპლარია შემონახული, დაუზიანებელი ვარიანტი ჩვენთანაა, რაც კარგად იცის საჯარო ბიბლიოთეკამ და ისინი ხშირად მოდიან, გვეუბნებიან ხომ არ დავუთმობდით მათ ამ ეგზემპლარს, მაგრამ ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი და…

_ ვერ იმეტებთ.

_ ვერა. ამ წიგნს კორექტირება გაუკეთეს აკაკი წერეთელმა, ილია ჭავჭავაძემ და რაც მთავარია პირველად აქ გამოჩნდა ზიჩის ნახატები. ზიჩიმ არ იცოდა ქართული, ის ვერ წაიკითხავდა ტექსტს, ამიტომ მისთვის სპეციალურად იდგმებოდა სცენები. „ვეფხისტყაოსანი“ იხსნება სურათით სადაც გამოსახულია როგორ მიართმევს თამარ მეფეს რუსთაველი პოემას და რასაც ასე ვთქვათ ესწრებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები. მთელი ინტერესი ისაა, რომ პოემა იდგმებოდა და ასე იქმნებოდა ზიჩის ნახატები.

dar1

_ გამოფენაზე წარმოდგენილია არა მხოლოდ „ვეფხისტყაოპსანი, არამედ ზიჩის ნახატები.

_ დიახ, ნახატები „ვეფხისტყაოსნიდან“, მთლიანი კომპლექტი, რომელიც 1938 წელს გამოიცა. ეს არის უნიკალური გამოცემა, მოთავსებულია კარდონის ყუთში, სადაც სურათები სამმაგადაა დაცული. სულ რამდენიმე ეგზემპლარია შემორჩენილი, ერთი ჩვენთანაა.

_ გამოფენაზე წარმოდგენილი პოემის დიდი ნაწილი გასული საუკუნის 30-იან წლებშია გამოცემული. ეს არის რეპრესიების პერიოდი…

_ რუსთაველის გატანა მსოფლიო ასპარეზზე დაკავშირებულია იოსებ სტალინის სახელთან. მან აღნიშნა რუსთაველის იუბილე პირველად. საკავშირო მწერალთა პირველი ყრილობა რუსთაველის 750 წლისთავს მიეძღვნა. როდესაც ყრილობა გაიხსნა პრეზიდიუმის უკან პუშკინის და ტოლსტოის უზარმაზარი სურათი იყო გაკრული, ყრილობის მეორე ნახევარი როცა დაიწყო, რუსთაველის სურათი ტოლსტოის და პუშკინის სურათებს შორის იყო გამოფენილი. აი, ბატონ სოსოს ვთხოვოთ გაიხსენოს ეს ისტორია.

სოსო სიგუა, პროფესორი:

_ მწერალთა პირველი ყრილობის ინიციატორი იყო მაქსიმ გორკი, რომლის უკანაც იდგა სტალინი. მოსამზადებელი სამუშაოები, სეხვედრები იმართებოდა გორკის ბინაზე. გორკი, მოგეხსენებათ სოციალისტური რეალიზმის ფუზემდებელი იყო, თავის დროზე ლენინთან დაპირისპირების გამო საზღვარგარეთ ცხოვრობდა და სტალინმა ჩამოიყვანა. სტალინი ესწრებოდა ამ შეხვედრებს, სადაც ძირითადად რუსები იკრიბებოდნენ, მათ მოამზადეს პროექტი. 1934 წელს უნდა გამართულიყო ყრილობა, სადაც ყველა რესპუბლიკა მიიღებდა მონაწილეობას. ყრილობამდე დელეგაციის წევრებს თავიანთი პროექტები უნდა წარმოედგინათ, საქართველოდან სტალინმა მიიღო მალაქია ტოროშელიძე. ის იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ძველი ბოლშევიკი, სტალინის ახალგაზრდობის დროინდელი მეგობარი. მალაქია ტოროშელიძის მოხსენება იწყებოდა დანიელ ჭონქაძით.

_ არაა…

_ კი, მაშინდელი იდეოლოგიით… მოკლედ, სტალინმა მას უთხრა მოხსენება დანიელ ჭონქაძით კი არა შოთა რუსთაველით უნდა დაიწყოთ მოხსენებაო. მალაქია შეცბუნდა, სამი სახელმწიფოს მონარქია პოემაში მოხსენიებული, სხვა რომ არაფერი. მალაქია დაბრუნდა თბილისში, მას რათქმა უნდა არ შეეძლო დაეწერა მოხსენება, ამიტომ დაიხმარეს პავლე ინგოროყვა, კორნელი კეკელიძე და სხვები. მოხსენება ფაქტიურად დაწერა კომისიამ, რაც მალაქია ტოროშელიძემ წაიკითხა. ეს იყო ძალიან ვრცელი მოხსენება, რომელიც ცალკე ბროშურადაც გამოვიდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა კრემლის სვეტებიან დარბაზში რუსთაველის პორტრეტი, ირაკლი აბაშიძეს ლექსიც აქვს დაწერილი ამ ფაქტზე.

_ საინტერესო მომენტია, არა? ეს ხდება 1934 წელს და სულ ცოტა ხანში 1937 წელს ქართველ მწერალთა დიდი ნაწილი ან დახვრიტეს ან გადაასახლეს. 1937 წელსავე ძალიან ბევრი „ვეფხისტყაოსანი“ გამოვიდა.

_ საქმე რაშია იცით? რუსთაველის სახელის აღდგენა შემთხვევით არ მომხდარა. 1934 წელს საკავშირო ცეკას დადგენილებით უმაღლეს სასწავლებლებს და სკოლებს ნება დაერთოთ ისტორიის პროგრამა შეემუშავებინათ, მანამდე ისტორია არ ისწავლებოდა. იყო მეორე მომენტი – ტროცკისტები და სხვები აცხადებდნენ რომ სტალინი იყო წარმოშობით უკულტურო და ჩამორჩენილი ქვეყნიდან. ამიტომ იყო რომ სტალინი ცდილობდა თავისი ნაციონალური ძირი წარმოეჩინა. 1937 წელს რომ გადაეფარათ ის უბედურება რაც ხდებოდა, დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს პუშკლინის, ილია ჭავჭავაძის, რუსთაველის იუბილეები. ამ დროს ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით მოხდა მცხეთა-არმაზის გათხრები, სადაც წარმოჩნდა არქაული საქართველო. ყველაფერ ამაზე ხელის შეწყობა ხდებოდა იმისათვის რომ წარსულის მოშველიებით თანამედროვე ტრაგედია გადაფარულიყო. ამ პროცესში იყო წამოწეული რუსთაველის სახელი.

daro

_ თარგმანებს რაც ეხება?

_ მტავარი თარგმანი იყო კონსტანტინ ბალმონტის გადათარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“. ბალმონტი დიდი რუსი პოეტი იყო, მაგრამ ანტისაბჭოთა შეხედულებების გამო იყო ემიგრანტი. ის პარიზში ცხოვრობდა და მისი ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ საფრანგეთში დაიბეჭდა, მიუხედავად ამისა მაინც გამოსცეს ბალმონტის ნათარგმნი. კომუნისტებს რათქმა უნდა ერჩიათ ბალმონტის კი არა საბჭოთა ინტელიგენტის ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ გამოეცათ. ამ დროს შალვა ნუცუბიძე დააპატიმრეს, ის თურმე ამ დროს თარგმნიდა პოემას. ნუცუბიძეს შეუქმნეს საუკეთესო პირობები, ის ფაქტიურად შინაპატიმრობაში იყო, მაგრამ რა ლიტერატურასაც ითხოვდა აძლევდნენ.

_ ციხეში?

_ არა, ციხეში არ იყო, მაგრამ გარეთ არ უშვებდნენ, შეუქმნეს ყველა პირობა და დაახლოებით ერთ წელიწადში ნუცუბიძემ პოემა თარგმნა.

_ არაპოეტმა…

_ და მერე ეს ნათარგმნი უნდა ენახა სტალინს. ალბათ ნუცუბიძეც და ბერიაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, შემთხვევით რომ ვერ გაემართლებინა ნუცუბიძეს? თარგმნა რომ დაასრულა მიიყვანეს სტალინთან. ნუცუბიძე თავის მოგონებებში წერს რომ მას სტალინმა შუბლზე აკოცა, მოეწონა ნათარგმნი ესე იგი და ნუცუბიძემ სტალინს უთხრა: ამ შუბლით მე ყველა კედელს გავანგრევ! ნუცუბიძე წერს რომ მას სტალინმა სთხოვა მისი ნათარგმნი სტროფიც ჩაესვათ, სალვა რათქმა უნდა დაეთანხმა. შალვა არ აცხადებდა რომელი სტორიფი იყო სტალინის ნათარგმნი.

_ რატომ?

_ კრიტიკოსები ფიქრობდნენ ვაითუ სტალინის ნათარგმნი სტროფი გავაკრიტიკოთო და ნუცუბიძის თარგმანს ფრთხილად ეკიდებოდნენ. გარდა ამისა, როცა ეს თარგმანი გამოვიდა რედაქტორად მითითებული იყო სტალინი, თუმცა მან ბოლო მომენტში ამოიღო თავისი გვარი.

_ და დარჩა არაოფიციალურ რედაქტორად.

_ დიახ. სტალინმა უარი თქვა რედაქტორობაზე იმის შიშით რომ ვინმეს ნაციონალიზმში არ დაედო ბრალი.

daro67

_ თქვენ როგორ ფიქრობთ დღეს სათანადოდაა დაფასებული „ვეფხისტყაოსანი“? აი, იუნესკომ გამოაცხადა შოთას წლად წლევანდელი წელი და არც ერთი ტელეარხი არ დაინტერესებულა იმ უნიკალური გამოცემებით რაც ვნახეთ ტექნიკურ უნივერსიტეტში.

_ არა, ქართული კულტურის არც ერთი წარმომადგენელი სატანადოდ არაა დაფასებული, ყველაფერი გადასულია კლანურ ურთიერთობაზე, ძმაკაცობაზე. შექმნეს რაღაც პატარა ჯგუფი, რომელთაც ტელევიზიები უწევენ რეკლამას, ამიტომ… რუსთაველზე გადაცემა და არა მხოლოდ მასზე, ბოლოს როდის ნახეთ გადაცემა?

ვაჟა პაპასკირი:

_ მე და ბატონი სოსო თითქმის ერთ პერიოდში ვიყავით სტუდენტები. ჩვენი სტუდენტობის დროს უნივერსიტეტში სტუმრად მოვიდა გერმანული წრმოსობის ზალიან დიდი პიროვნება, ჰერმან ბუდენზიგი. მან თარგმნა ყველაზე უკეთ „ვეფხისტყაოსანი“ გერმანულად. მე და ბატონი სოსო პირადად ვიცნობდით მას და ერთადაც ვიმუშავეთ ამ დიდ მეცნიერთან.

 

 

banner
წინა სტატიაშიესპანელი სამსახურში 6 წელი გამოუცხადებლობის გამო 30 ათასი დოლარით დააჯარიმეს
შემდეგი სტატიაჰაკერებმა აშშ-ს ფედერალური ბიუროს 20 ათასი აგენტის მონაცემები გაასაჯაროვეს