ვაშაძე: ყველაფერში დამნაშავე არის „ქართული ოცნება“, რომელსაც არ ესმის, რა არის ევროპული ინტეგრაცია

“ვფიქრობ, პირველი, მე პირდაპირ გეტყვით, ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენსაათიანი მუშაობის შედეგად ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა ქართულ საზოგადოებას, ვერც ევროპული სტანდარტი და ღიად მინდა, განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე არის „ქართული ოცნება“, რომელსაც არ ესმის, რა არის ევროპული ინტეგრაცია. ჩემი აზრით, საერთოდ დასავლეთმა კიდევ ერთხელ ნახა, ვისთან აქვთ საქმე. პირდაპირ რომ ვთქვა, ჩვენ, ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად ლოგიკურად ვმსჯელობდით ყველა საკითხზე, მაგრამ როგორც ვხვდები, „ქართული ოცნების“ მხრიდან არ არის ადეკვატურად აღქმული ის მძიმე კრიტიკული სიტუაცია, რაც ქვეყანაშია. პირდაპირ მინდა, ვთქვა, რომ დღევანდელი ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულებული დღე და პროცესი უჩვენებს, რომ ჩვენ არ გვაქვს საქმე სახელმწიფოებრივ მიდგომასთან, ჩვენ სამწუხაროდ საქმე გვაქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან ქვეყანაში ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებასთან. აქედან გამომდინარე, თუ დღეს შეთანხმება არ არის და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონსტრუქციულ მიდგომას და შეთანხმებისთვის მზაობას.

„ღიად შემიძლია, ეს ვთქვა, მათ მოუწევთ კარგად დაფიქრება საერთოდ ქვეყანასთან დაკავშირებით, საქართველოსთან დაკავშირებით, რას უნდათ, მიაღწიონ და ვფიქრობ, რომ ამის შედეგი, რასაც ისინი დღეს აკეთებენ, იქნება ძალიან მძიმე დასავლეთიდან. ყველამ დაინახა, მედიაციის მხარემ, რომ ოპოზიცია განწყობილი იყო შეთანხმებისთვის და კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის, მაგრამ ის დამოკიდებულება, რაც იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ პროცესში, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევდა შედეგს შეთანხმებასთან დაკავშირებით. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მხრიდან არის ბოლომდე გაფლანგული ამ ეტაპისთვის. ჩვენ, ოპოზიციას გვაქვს ერთიანი პოზიცია და ღიად მინდა, განვაცხადო, რომ არც კი მისულა საკითხი იქამდე, რომ ოპოზიციის მხარეს არის რაიმე პრობლემა. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“, გაუგებარი მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროცესი ბოლომდე შეაფერხა. როგორც ჩანს, მათ ჰგონიათ, 16 რადგან გადააგორეს, ამის გამო რაღაცას მიაღწევენ. დამერწმუნეთ, რომ დასავლეთმა ძალიან კარგად დაინახა, სად დგას ოპოზიცია და სად დგას „ქართული ოცნება“ და ამას ექნება შესაბამისი შედეგები მათი მხრიდან“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

banner
წინა სტატიაში“ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა – დანიელსონი თბილისს ტოვებს
შემდეგი სტატიავაშაძე: „ქართულ ოცნებას“ არ უნდა არანაირი შეთანხმება