ვახტანგ ხმალაძე – ჩანს, რომ საკონსტიტუციო კომისია არაფრის შემქმნელი არ არის

ვახტანგ ხმალაძე – ჩანს, რომ საკონსტიტუციო კომისია არაფრის შემქმნელი არ არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა უნდა დაასრულოს, რადგან ჩანს, რომ ის არაფრის შემქმნელი არ არის, – ამის შესახებ დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი იმ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, რომელიც პარლამენტთან, პრეზიდენტთან და მთავრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის მიზნით ჩამოყალიბდა.

აღნიშნული ჯგუფი 2014 წლის 12 მაისის შემდეგ, დღეს პირველად და სავარაუდოდ, უკანასკნელად შეიკრიბა, თუმცა იმის გამო, რომ კვორუმი არ იყო, არც ერთ საკითხზე არსებითი განხილვა არ გამართულა.

სხდომაზე მისულმა ჯგუფის წევრებმა ზოგადი პოზიცია დააფიქსირეს საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიღების საჭიროებასა და ამ მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნის საკითხზე. მოსაზრებები გამოითქვა კონსტიტუციით პარლამენტის ადგილსამყოფელად ქალაქ ქუთაისის განსაზღვრის და აღნიშნულის შეცვლის თაობაზე.

გარდა ამისა, როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს კომისიაში შესული საკონსტიტუციო წინადადებათა პროექტები ელექტრონული ფორმით გადაეგზავნათ, თან დართული გრაფებით – “ვეთანხმები”, “არ ვეთანხმები”, “თავს ვიკავებ”. კომისიის წევრებს კი, სათანადო პასუხების გასაცემად ვადა 15 თებერვლამდე მიეცათ. აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე უარყოფითი პოზიციები გამოითქვა. როგორც კომისიის წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, ეს ონლაინ-გამოკითხვას ჰგავს და არა კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხებზე მუშაობას და ამ ფორმით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, არასერიოზული იქნება.

თავის მხრივ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ რამდენჯერმე დააფიქსირა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კომისია ვერც ერთ საკითხზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

“საკონსტიტუციო კომისიაში რაღაც წინადადებები შემოვიდა. ეს ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი. აღნიშნული წინადადებები კომისიის ყველა წევრს აქვს, მაგრამ მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ საკონსტიტუციო კომისიამ რომელიმე წინადადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შეძლოს. ჯერ-ჯერობით არც ერთ სამუშაო ჯგუფს მის მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია. დღეს ჩვენ გვქონდა მცდელობა, სამუშაო ჯგუფი შეკრებულიყო და რაღაც გადაწყვეტილებები მიგვეღო, მაგრამ ჯგუფის 32 წევრიდან სხდომაზე ჯგუფის ცხრა წევრი მოვიდა და ჯგუფი უფლებამოსილი არ იყო რაიმე გადაწყვეტილება მიეღო. ჩემი ინფორმაციით, ასეთივე ვითარება იყო სხვა სამუშაო ჯგუფებში. არ ვიცი, იქნება თუ არა კვორუმი უკვე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე. შესაძლებელია კვორუმი არ შეიკრიბოს. კვორუმი რომც იყოს, ეჭვი მეპარება, კომისიამ რაიმე საკითხზე გადაწყვეტილების მიღება შეძლოს”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საკონსტიტუციო კომისიის უშედეგოდ მუშაობის მიზეზთა შორის ხმალაძე კონსტიტუციაში ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო მაღალ კვორუმს ასახელს.

“კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას პარლამენტის წევრთა 3/4 ანუ სულ მცირე 113 ხმა სჭირდება. იმ პირობებში, როგორი ურთიერთდამოკიდებულებაც არის საპარლამენტო უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის – უპირველს ყოვლისა, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ურთიერთობა, ალბათობა იმისა, რომ რაიმე საკითხზე შეთანხმდნენ, ძალიან დაბალია. აქედან გამომდინარე, არის განცდა იმისა, რომ საკონსტიტუციო კომისიამ რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ცვლილებებს პარლამენტი მაინც არ მიიღებს და ამაზე ტყუილად დრო და ენერგია რატომ ვკარგო”, – აღნიშნა ხმალაძემ.

ამასთან, სამუშაო ჯგუფის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებსაც გადაუხვიეს და ერთგვარი იუმორით, საუბარი იმის შესახებ წარიმართა, რამდენად სწორია ქალისადმი “ქალბატონოთი” მიმართვა და რა ეწოდება დაკოდილ და დაუკოდავ ხარს.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია პარლამენტის დადგენილებით 2013 წლის ბოლოს შეიქმნა. კომისიას კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი პარლამენტისთვის ჯერ კიდევ 2014 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის უნდა წარედგინა, რაც ვერ შეძლო. ამის შემდეგ პარლამენტის დადგენილების პროექტში ცვლილებები რამდენჯერმე განხორციელდა და კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად დამატებითი ვადა რამდენჯერმე მიეცა. ბოლო ცვლილებებით, კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტისთვის წარდგენის ვადა 2016 წლის 29 თებერვლამდე აქვს, თუმცა არც ერთ საკითხზე კომისიაში გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომა 28 თებერვლისთვის ჩაინიშნა.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/366001-vakhtang-khmaladze-chans-rom-sakonstitucio-komisia-arafris-shemqmneli-ar-aris.html

banner
წინა სტატიაშიმიუნხენში 52-ე უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გეგმავს