უზენაესი სასამართლო: ექსპერტ ჩაჩუას მიმართ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა

უზენაეს სასამართლოში ადასტურებენ, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული ექსპერტის ლევან ჩაჩუას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

„პროკურატურის საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო. შესაბამისად, ძალაში რჩება სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი,“ -განმარტავენ უზენაეს სასამართლოში.

ლევან ჩაჩუა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წლის 21 მარტს დააკავა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილ გამგეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წაუყენეს.

პროკურატურა ამტკიცებდა, რომ 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს, გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.

პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ლევან ჩაჩუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ის 8 თვის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

2015 წლის 16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჩაჩუა გაამართლა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

banner
წინა სტატიაში2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე თავდაპირველად, დეპუტატები უმცირესობა-უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებენ
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: კონკრეტული თანამდებობის პირებს ვურჩევდი, რომ დოკუმენტებში უფრო საფუძვლიანად ჩაიხედონ