2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე თავდაპირველად, დეპუტატები უმცირესობა-უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებენ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე თავდაპირველად, დეპუტატები უმცირესობა-უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებენ.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კობახიძემ განაცხადა, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით სირთულეების შექმნა იმ საკითხმა, რომ წინა მოწვევის პარლამენტმა არჩევნების გამო, მასზე მუშაობა არ განახორციელა.

კობახიძის განმარტებით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, დოკუმენტზე შინაარსობრივი განხილვა გაიმართოს, რის გამოც, პროექტს თავდაპირველად უმცირესობა-უმრავლესობა განიხილავს.

სპიკერის ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს, ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც მსჯელობა აღნიშნულ საკითხზეც იქნება.

„ბიუჯეტის პროექტის შინაარსობრივად განხილვა უნდა შევძლოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიუჯეტის პროექტი განსახილველად მერვე მოწვევის პარლამენტს ოქტომბრის დასაწყისში წარედგინა და კომიტეტებმა მასზე იმსჯელეს. შემდეგ დოკუმენტი შენიშვნებით მთავრობას გადაეგზავნა, თუმცა რეგლამენტის შესაბამისად, მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის პროექტი 5 ნოემბრამდე არ წარუდგინა.

სავარაუდოდ, დეპუტატები ბიუჯეტზე მსჯელობას მიმდინარე კვირაში დაიწყებენ და რეგლამენტის მიხედვით, დოკუმენტი პარლამენტმა დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა მიიღოს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: ქართული დიპლომატია დაკავებულია უსაქმურობით
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლო: ექსპერტ ჩაჩუას მიმართ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა