უსამართლო, დეგრადირებული, თავისუფლებისაგან განძარცვული, ლუკმა პურს მონატრებული ცხოვრების დედა, ვერანაირად ვერ იქნება ღვთისმშობელი

თეოლოგი ვანო შოშიაშვილი კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგებასთან (“ამ ცხოვრების დედა ღვთისმშობელია”) დაკავშირებით:

“უსამართლო, დეგრადირებული, თავისუფლებისაგან განძარცვული, ლუკმა პურს მონატრებული ცხოვრების დედა, ვერანაირად ვერ იქნება ღვთისმშობელი.

ის ბავშვი სწორედ მსგავსი სახის ცხოვრებას აგინებდა, რომლის დამკვიდრებაშიც დიდი წვლილი, ვინ იცის, იქნებ თქვენმა უწმიდესობამაც შეიტანა!

ფუფუნებაში მცხოვრები პატრიარქი ვერასდროს მიხვდება მისი გაჭირვებული შვილების აღმონათქვამს, რადგან მან და მისმა დამქაშებმა დიდი კედელი ააშენეს მასსა და თავის შვილებს შორის და ეს კედელი ხელს უშლის “მამას”, გაიგოს საკუთარი “შვილების” მაჯის ცემა. ამ კედლის ერთ მხარეს ანტიკვარები, შავი ჯიპები, მარტო რქები, ათასებად შეფასებული მცენარეები, ასატრინის ხინკლებია, კედლის მეორე მხარეს კი ბუნკერში საჭმლის საძებნელად “ჩაყუდებული”, უსამართლოდ, სისტემისაგან დაჩაგრული, რომელსაც თქვენ პანეგირიკებს უძღვნით, ხალხია. რა საერთო უნდა გქონდეთ თქვენ ამ ხალხთან, რომ მათ მიერ ნათქვამი სიტყვის, “ამ ცხოვრბეის დედაც” აზრს ჩასწვდეთ! თქვენ ამ ყველაფერთან ერთად, ლოცვასაც კი აყვედრით გარდაცვლილს, წესს უგებთ მას იმ განზრახვით, რომ შესაძლოა იგი გადმოვარდა მაღალი შენობიდან და ამით ისევ დამნაშავეებს აფარებთ ხელს! არ მგონია, ამას უნებლიედ აკეთებდეთ.

თქვენ შეიძლება ამ ფრაზით სიტუაციის განეიტრალება გინდათ, მაგრამ მერწმუნეთ, არასწორი გზა აგირჩევიათ, ისევე როგორც უმეტეს შემთხვევაში!

P.S. ვიცი ბევრს არ ესიამოვნება ჩემი სიტყვები, მაგრამ ქრისტეა მსაჯული და როგორც კარდინალი ჰუმბერტი იტყოდა: სწორედ ამ ქრისტემ იხილოს და განსაჯოს! ამ ქრისტემ, რომელიც გააძევეთ ეკლესიიდან და რომელსაც მშივრებში, მწყურვალეებში, გაჭირვებულებში ვერ ხედავთ და შესაბამისად როგორც ამბობს ოქროპირი, ვერც ბარძიმში ვერ დაინახავთ მას!”

banner
წინა სტატიაშილერი ხაბელოვი-გვსურს, რომ სამინისტროში სპორტი შევიდეს, როგორც საქვეუწყებო ინსტიტუცია, რომელიც დამოუკიდებლად განახორციელებს სპორტის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკას
შემდეგი სტატიაალექსანდრე ქანთარია – „ახლა რომ სკოლებში გამოკითხვა ჩავატაროთ რამდენს ეამაყება, რომ ის პატარა ქართველია?“