“უმნიშვნელოვანესია გავუფრთხილდეთ ჩვენს მოსახლეობას”

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა არის კონსტიტუციური ვალდებულება.

პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების შემაჯამებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია, მოსახლეობის გაფრთხილება, კერძოდ იმ ჯგუფისა, რომლებსაც ლარის დევალვაციამ განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა.

„მაგრამ დავუბრუნდეთ იმ თანხმობებს, იმ წერტილებს, რომლის თაობაზეც ჩვენ არ გავიგეთ მძაფრი დაპირისპირება ამ დარბაზში და ჩავთვლი, რომ ეს საკითხები მეტ-ნაკლებად, ასე ვთქვათ, როგორც ოპოზიციურ, ასევე უმრავლევლოსობის პოზიციებს აერთიანებს. პირველი არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი, რომელზეც თავიდანვე გავაკეთე აქცენტი. მე აღვნიშნე, რომ სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა არის ჩვენი არა კონკრეტული პოლიტიკური მემარჯვენე-მემარცხენე, ამა თუ იმ პოზიციის მქონე პოლიტიკური ძალის ვალდებულება, არამედ კონსტიტუციური ვალდებულება, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში. ეს არის განსაკუთრებით აქტუალური ჩემთვის დღეს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი რეგიონი დგას სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე. ასეთი იყო 2015 წელი და 2016 წელს ჩვენ ასევე ვიცით, რომ განვითარებული ბაზრებიდან, სავარაუდოდ, იქნება კაპიტალის გადინება. ასევე ვიცით, რომ იქნება სერიოზული კონკურენცია პირდაპირი ინვესტიციების მიმართულებით და აქედან გამომდინარე, ამ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია, როგორც ჩვენ ვსაუბრობდით, შესაძლებლობების გამოყენება, ამავე დროს ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა, ამავე დროს უმნიშვნელოვანესია გავუფრთხილდეთ ჩვენს მოსახლეობას. გავუფრთხილდეთ იმ ჯგუფებს, რომლებსაც განსაკუთრებით სერიოზული დარტყმა მიაყენა თუნდაც ლარის დევალვაციამ, თუნდაც იმ სირთულეებმა ეკონომიკაში, ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებამ, თუნდაც 5%-დან 3%-მდე. მათი დაცვა არის სახელმწიფოს ვალდებულება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქველმოქმედებს, რომლებიც ეკონომიკური გამოწვევების დროს მოსახლეობაზე ზრუნავენ.

“მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა და მადლობით მოვიხსენიო ნებისმიერი ის ქველმოქმედი, ვინც ზრუნავს ჩვენს მოქალაქეებზე, ვინც უზიარებს მათ თავის შესაძლებლობებს, ვინც ზრუნავს მათ დასაქმებაზე”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“სასიამოვნოა, რომ არამხოლოდ ქალბატონები, არამედ ბატონებიც მიჭერენ მხარს”
შემდეგი სტატია“შარშანდელი გამოსვლა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს დავამთხვიე”- პრეზიდენტის პასუხი სანიკიძეს