“შარშანდელი გამოსვლა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს დავამთხვიე”- პრეზიდენტის პასუხი სანიკიძეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოველწლიური მოხსენების შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას, “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის შენიშვნას უპასუხა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, გასულ წელს, პარლამენტში მისი გამოსვლა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს დაამთხვია.

“მინდა გამოვეხმაურო ბატონ გუბაზს და ვუთხრა, რომ ჩვენი ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ბევრ თანამემამულეს ჰქონდა ტრაგიკული ბიოგრაფია, საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ადამიანისგან შემდგარია. ზუსტად ამ დარბაზში, შარშან, ჩემი გამოსვლა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს დავამთხვიე და მაშინ ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს პირველი პრეზიდენტის როლი. მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას და ბატონი ზვიადის ღვაწლის დაფასებას. ამასთან ერთად, მინდა ვთქვა, რომ საბედნიეროდ, ჩვენ ძალიან ბევრი ღვაწლმოსილი თანამემამულე და თანამებრძოლი გვყავდა, რომლების პატივის მიგებასაც ყოველთვის ვერ ვახერხებთ”,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

“ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას, გიორგი მარგველაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ მას გამოსვლაში ზვიად გამსახურდია არ უხსენებია.

“მოკლე მეხსიერებამ ჩვენ ბევრჯერ წაგვაგებინა და ვთვლი, რომ მოკლე მეხსიერება არ არის ჩვენი მოკავშირე. ვთვლი, რომ ზვიად გამსახურდია არ არის ის პერსონა, რომელიც ჩვენ სასწრაფოდ უნდა გადავივიწყოთ. ის არის საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი მედროშე”, – აღნიშნა სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაში“უმნიშვნელოვანესია გავუფრთხილდეთ ჩვენს მოსახლეობას”
შემდეგი სტატიამწამს, რომ გიორგი მარგველაშვილი პრინციპულ საკითხებზე პრეზიდენტის ინსტიტუტს მნიშვნელოვნად გააძლიერებს