უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის წასვლაზე შალვა პაპუაშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაიმართება

უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წასვლასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაიმართება.

შეხვედრა დღეს 17:00 საათზეა დაგეგმილი. შეხვედრაზე უკრაინაში დელეგაციის წასვლის დეტალები დაზუსტდება.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ჩასვლა გამოიწვია საქართველოს მოქალაქეების განწყობამ, რადგან მოქალაქეების 87 პროცენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის ომი საქართველოსაც ეხება.

„უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით, შეიძლება, იყოს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ „ქართული ოცნებისგან“ არ მაქვს კონკრეტული პასუხი, რას აპირებენ საპარლამენტო დელეგაციასთან დაკავშირებით. ერთადერთი ვიცი, რომ დადასტურდა და საბოლოო კომუნიკაცია იყო სტეფანჩუკსა და პაპუაშვილს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ის უნდა ჩავიდეს უკრაინაში. პაპუაშვილის უკრაინაში ჩასვლა გამოიწვია საქართველოს მოქალაქეების განწყობამ, რადგან მოქალაქეების 87 პროცენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის ომი ჩვენ გვეხება და ეს არის ჩვენთვის ომი. პირადად მე გამონაკლისი ვარ იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინაში მიმდინარე მძიმე სამხედრო აგრესია და რაშიზმი არის ყველაფერზე მაღლა. დაველოდები პასუხს, როგორი იქნება შალვა პაპუაშვილის შეთავაზება და რას ფიქრობენ, ამ ვიზიტზე. მათთან კომუნიკაცია გვექნება და შემდეგ გადავწყვეტთ. კიევიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი. ჩემთვის წასვლა არავითარი დაბრკოლება არ არის, მთავარია, ამოსავალი იყოს საქართველოსა და უკრაინის ინტერესი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიდეპარტამენტის ანგარიშში მთავარი გზავნილი არის, რომ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, საქართველოს მთავარ პრობლემად მაინც გაუმართავი მართლმსაჯულების სისტემა რჩება – ჰერმან საბო
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა უკრაინიდან იძულებით, 500 000-ზე მეტი ადამიანი გადაასახლეს – ზელენსკი