უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეში „თიბისი ბანკის“ მაღალი მენეჯმენტის ყოფილი წარმომადგენელი პ.ღ. ფიგურირებს

„თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში კიდევ ერთი პირი პ.ღ. ფიგურირებს, რომელიც „თიბისი ბანკში“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „თიბისი ბანკმა“ მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები „სამგორი თრეიდი“ და „სამგორი ემ“, რომლებზეც 2008 წლის აპრილ-მაისში სესხის სახით 17 მილიონი აშშ დოლარი გასცა და იმავე დღეს ეს თანხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე ჩაირიცხა, 2012 წელს ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან საერთოდ გაათავისუფლა.

პროკურატურის ინფორმაციით, ეს განხორციელდა შემდეგნაირად: „თიბისი ბანკმა“ ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები, ყოველგვარი სასესხო უზრუნველყოფის გარეშე, ჩაანაცვლა ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა. სწორედ ამ ოფშორული კომპანიის მინდობილ პირს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქე პ.ღ., რომელიც ,,სამგორი ემ“-ზე და „სამგორი თრეიდ“-ზე სესხების გაცემისას „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი იყო, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას ,,თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას იკავებდა.

პროკურატურა განმარტავს, რომ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აღნიშნულმა კომპანიამ, ნაცვლად ,,სამგორი ემ’’-ისა და ,,სამგორი თრეიდისა’’, აიღო ,,თიბისი ბანკისთვის“ 17 მილიონის ოდენობის სესხის დაბრუნების ვალდებულება და თავის მხრივ, წარმოეშვა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძისგან თანხის მოთხოვნის უფლება.

ამის პარალელურად, ,,თიბისი ბანკმა“, გარკვეული პერიოდულობით, იპოთეკისგან გამოათავისუფლა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონებები.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით დღეს მორიგი განცხადება გაკეთდა. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები ბრიფინგზე დღეს პროკურორმა, სალომე ჩიქობავამ წარადგინა.

 

https://youtu.be/TYQNawFVH-k

banner
წინა სტატიაშირუსეთის ბრძოლა ორი მიმართულებით: საზღვრის გადმოწევა და კინდღის პორტის მშენებლობა
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 4 მარტს მოუსმენენ