უგულავა კვირიკაშვილს: თქვენი პოსტი მაინც ქოცურ ნარატივს ავითარებს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტთან და სამოქალაქოს საზოგადოების რეაქციასთან დაკავშირებით.

უგულავას თქმით, 2013 წლამდე საქართველოს ხელისუფლება ეფექტურად განარჩევდა ტურისტს და ანტისაოკუპაციო კანონმდებლობის დამრღვევს.

„გავეცანი ბატონ გიორგი კვირიკაშვილის პოსტს. “ზღვარგადასული რეაქცია აუცილებლად დააზიანებს სავალუტო შემოდინებას რუსეთიდანო”- გვამცნობს ის. თითქოს ფორმალურად სწორია, მაგრამ არსებითად მაინც ქოცურ ნარატივს ანვითარებს(პრინციპში არაა გასაკვირი). ეს ნარატივი არსებითად მცდარ პრინციპს ეფუძნება. 2008 წლის ომის მერე საქართველომ ცალმხრივად გააუქმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რაც გზავნილი იყო, რომ მიუხედავად ომის უმძიმესი შედეგებისა, დიპლომატიური ურთიერთოებების გაწყვეტის მიუხედავად, ჩვენ მივესალმებით ტურისტებს რუსეთიდან. ამავე დროს მივიღეთ ანტისაოკუპაციო კანონი, რომელიც კრძალავს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ნამყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას. ამ ორი აქტით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ ეფექტურად განარჩევდა ტურისტს და ანტისაოკუპაციო კანონმდებლობის დამრღვევს. 2013 წლამდე ეს ეფექტურად ხორციელდებოდა. ტურიზმი განუხრელად იზრდებოდა, მათ შორის რუსეთიდან. ოცნების მოსვლით ყველაფერი აირია. ჯერ საზღვარზე ქურდებს აცილებდა პოლიცია, მერე გავრილოვი ჩამოაბრძანეს, მანამდე მაქსიმ შევჩენკო, ახლა პოზნერი. რატომ დაკარგეს სახელმწიფო ორგანოებმა ანალიზის უნარი? ამ ათ წელიწადში სახელმწიფოს, პირიქით, კანონთან ერთად პრაქტიკა უნდა დაედგინა ვინ შეიძლება შემოვიდეს, უფრო ზუსტად ვინ არ უნდა შემოვიდეს ქვეყანაში. ორი გრამი ტვინი და ინსტიტუციური მეხსიერებაა საჭირო, რომ მიხვდე ადამიანი – გავრილოვი, პოზნერი, შევჩენკო არ უნდა შემოუშვა. თუ ეროვნული ღირსების არგუმენტი და კანონის მოთხოვნა არ ჭრის, პრაგმატულად მაინც უნდა იაზროვნო. ასეთი ამბები ხომ ტურიზმს აზიანებს, როგორც ბ-ნ გიორგიმ სამართლიანად ბრძანა. ამდენად, პრობლემა მკაფიო პოლიტიკის არქონაშია. ან რა გასაკვირია. ქართულ ოცნებას, კრემლის რუსეთს და თუნდაც სეპარატისტთა დე ფაქტო ლიდერებს ხომ ერთი მტერი ყავთ და ერთი რამ აშფოთებთ – ქართული საზოგადოების თავისუფალი, პროდასავლური ნაწილის გამარჯვება საქართველოში. გიმეორებთ ბატონო გიორგი – 2008 წლის ომის მერე მართლა რუს ტურისტებს აქ სიკეთის და შესაფერისი სერვისის მეტი არაფერი მიუღიათ, ხოლო პოზნერის მსგავსი “ასიჩკა” ჩვენი შინაარსით რუსული და სრულიად უსისტემო მთავრობის ბრალია და ამ თვალსაზრისით არც თქვენი მთავრობა გამოირჩეოდა სამწუხაროდ.
რუსეთი ოკუპანტია – თუ ამ თეზისს მთავრობის წევრებიდან დაწყებული რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული, ყოველ ასეთ სიტუაციაში ვეტყვით საკუთარ თავს და აქედან ამოვალთ გადაწყვეტილების მიღებისას, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებამდე მივალთ. მთავარია გვახსოვდეს ყოველთვის, მანამ სანამ, რუსეთი ოკუპანტია
პ.ს. “ზღვარგადასულ რეაქციაზე” მე მაინც მოკრძალებული ვიქნებოდი. არ მგონია, რომ კვერცხის სროლის ექსკლუზივი, თუნდაც მხოლოდ ნაცების მიმართ, ქოცებს აქვთ. არასდროს დამავიწყდება წიწილებიანი კვერცხები გურჯაანში. მანდ აიღო სადავე ქართულმა “ზღვარგადასულობამ”
პ.ს. კრიტიკის მიუხედავად თქვენი პოსტი მაინც დასაფასებელია. იმ პოლიტიკურ წრეში სადაც იტრიალეთ, თქვენი მოსაზრებები აშკარად ერესია.“ – მიმართავს უგულავა კვირიკაშვილს.

banner
წინა სტატიაში“ლელოს” ლიდერები ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაკობახიძე: ვისაც ვაჟა წაკითხული აქვს ნაციონალი ვერ გახდება, ნაციონალი არის ანტივაჟა