“ლელოს” ლიდერები ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ

პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს“ ლიდერებმა განაცხადეს, საუბარი ეხებოდა მედიატორების ჩართულობას მოლაპარაკების პროცესზე. ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს „ლელოს“ პოზიციაზე, მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიზემ და გრიგოლ გეგელიამ ევროპელ დიპლომატს კიდევ ერთხელ დაუადასტურეს მზაობა, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტიდან 3 პუნქტს, რომელიც საერთო ოპოზიციური ფლანგისთვის მისაღები იყო.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ვადამდელ არჩევნებზე და ამ არჩევნებამდე მისასვლელ გზებზე.
შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ბადრი ჯაფარიზემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიოლა ფონ კრამონი დაიტერესებულია საქართველოში კრიზისის დასრულებით.

„რაც შეეხება იმ პუნქტებს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით ბატონი დანიელსონის მედიაციით, ჩვენ სამ პუნქტს დავეთანხმეთ და ეს ცნობილი არის ჩვენი ევროპელი მეგობრებისათვის. ვიოლა ფონ კრამონი ყოველთვის ინტერესდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და ძალიან კარგად არის ინფორმირებული იმაზე რაც ხდება. ის ძალიან დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი“, – ბადრი ჯაფარიძე.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ფონ კრამონთან შეხვედრაზე ისაუბრეს ყველა იმ პრობლემაზე, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას.

მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, რომ როგორც ჩანს ხელისუფლებას არ სურს მოლაპარაკება და კრიზისის გადაჭრა, რადგან უკვე მერამდენე შემთხვევა, როცა “ქართული ოცნება” ცდილობს ძირი გამოუთხაროს მოლაპარაკებას.

“ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ღარიბაშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ეს უშინაარსო მოლაპარაკებები უნდა დამთავრდეს; ეს მიუთითებს, რომ ქართულ ოცნებას მოლაპარაკება არ უნდა, სხვა შემთხვევაში, როგორ შეიძლება უშინაარსო ეწოდოს პრეზიდენტ მიშელის პატრონაჟით ბატონი დანიელსონის მიერ წარმართულ მოლაპარაკებას”, – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: კრემლის რუპორებმა უნდა იცოდნენ, რომ აქ ელარჯს ვეღარ გაწელავენ
შემდეგი სტატიაუგულავა კვირიკაშვილს: თქვენი პოსტი მაინც ქოცურ ნარატივს ავითარებს