წუთებს ვითვლიდით, ვიდრე მალტა ევროკავშირს შეურთდებოდა, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას უყურებენ ამავე იმედით, მინდა, მათ ჩვენსავით სჯეროდეთ – მეცოლა

ადამიანები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას უყურებენ იმედით. მინდა, ადამიანებს ჩვენსავით სჯეროდეთ და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არ ვართ მხოლოდ ეკონომიკური ბლოკი, არ ვართ მხოლოდ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, უნდა შევძლოთ ლიდერობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა , რობერტა მეცოლამ ფლორენციაში, ევროპის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მეცოლამ ევროპის მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რის წინაშეც კონტინენტი ახლა დგას.

„ვიდრე ვისაუბრებთ იმაზე, როგორი უნდა იყოს ევროპა, მჯერა, რომ გვჭირდება იმის გააზრება, რა არის ევროპა და ხალხს როგორი უნდა, რომ იყოს ის. ევროპარლამენტის პრეზიდენტის რანგში ჩემი პირველი სიტყვით გამოსვლის დროს ვთქვი, რომ მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც არც ძველი და არც ახალი ევროპა უნახავს. ჩვენ ერასმუსის პირველი თაობა ვართ, ვალესას და ჰაველის ბოლო თაობა. 18 წლის წინ პირველ მაისს, ვალეტაში ვიდექი, მთელი ქვეყანა წუთებს ვითვლიდით, მანამდე ვიდრე მალტა ცხრა ქვეყანასთან ერთად ევროკავშირს შეურთდა. ახლაც ვიხსენებ აურაცხელი შესაძლებლობების, იმედის და მომავლის რწმენის განცდას. ევროპაში ომის ფონზე სწორედ ეს სულისკვეთება, ენთუზიაზმი, მკაფიო მიმართულება არის ის, რისი ნახვაც მინდა ევროპის მიმართულებად.

ადამიანები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას უყურებენ იმავე კუთვნილების განცდით და იმედით. მინდა, ადამიანებს სჯეროდეთ, როგორც ჩვენ გვჯეროდა და ამისთვის ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ ეკონომიკური ბლოკი, ჩვენ არ ვართ მხოლოდ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. ჩემი თაობისთვის ევროპა კლიშეა საერთო ოცნებაზე, საერთო ღირებულებებზე, საერთო მომავალზე, ერთად ყოფნაზე. ჩვენთვის ევროპა მომავალია. ის ყოველთვის იყო მომავალი. ჩვენ ვერ უარვყოფთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს საზოგადოებებში პოლარიზაცია გაიზარდა. ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, რომელიც თავს დაკარგულად გრძნობს. ჩვენ უნდა შევძლოთ ლიდერობა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს პასუხის გაცემა“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინის ომის საკითხს შეეხო და აღნიშნა, არსებობს 24 თებერვლამდე რეალობა და რეალობა 24 თებერვლის შემდეგ.

„არსებობს 24 თებერვლამდე რეალობა და 24 თებერვლის შემდეგ რეალობა. მსოფლიო შეიცვალა. უნდა გავიგოთ, რომ გლობალური დემოკრატიის დღის წესრიგი ახლა ისე მძიმედ წევს ევროპის მხრებზე როგორც არასდროს, ჩვენ უნდა შევძლოთ ამის ტარება. ეს ჩვენი მომენტია, მომენტი, რომელიც თაობაში ერთხელ დგება. მომენტი, როცა უნდა გავიგოთ, რომ ევროპა ბუჩას ქუჩებშიცაა, მარიუპოლის გვირაბებშიც, ირპენის თავშესაფრებშიც და ზმეინის კუნძულის ნაპირებთანაც“, – განაცხადა მეცოლამ.

banner
წინა სტატიაშიელისო ბოლქვაძე ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკის პრეფექტს, მონსინიორ სერჯო პაგანოს შეხვდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი კონგრესზე, როტერდამში მიიწვიეს