ტრამპმა ერდოღანს რეფერენდუმში გამარჯვება მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს საკონსტიტუციო რეფერენდუმზე გამარჯვება მიულოცა. თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრის დროს, სირიაში არსებული ვითარებაც განიხილეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ერდოღანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი 16 აპრილს ჩატარდა. რეფერენდუმის შედეგებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 51,41 %–მა დაუჭირა. მასში 55 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

საკონსტიტუციო ცვლილებები, საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას ითვალისწინებს.

თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი ევროსაბჭოს სტანდარტებს არ შეესაბამებოდა – ასე შეაფასა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ცეზარ ფლორინ ფრედამ 16 აპრილს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართული რეფერენდუმი.

ეუთოს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამომრჩევლებს არ მიაწოდეს ობიექტური ინფორმაცია რეფორმის მომავალ ასპექტებზე. ასევე ხაზგასმულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეებსა და მოწინააღდეგეებს არ ჰქონდათ თანაბარი ხელმისაწვდომობა მედიასაშუალებებში.

banner
წინა სტატიაში„ქიმიური შეტევა რუსული მონახაზია, ასადი თვითონ ამის გაკეთებას ვერ გაბედავდა“ – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: ასეთ ვიზიტი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფაა