ერ-რიადი მზად არის ჟურნალისტის მკვლელობა აღიაროს 

საუდის არაბეთის ხელისუფლება მალე ოფიციალურად აღიარებს, რომ  The Washington Post -ის ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.

როგორც “სიენენი” ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, 15 ოქტომბრიდან ერ-რიადი განცხადების ტექსტს ამზადებს, რომელშიც ხაშოგის სიკვდილის მიზეზად  ჟურნალისტის გატაცების მცდელობის წარუმატებელ ოპერაციას დაასახელებს.

საკონსულოში ხაშოგის დაკითხვას გატაცების ოპერაციის ნაწილს უწოდებენ, რომელიც ფარულად, საუდის არაბეთის მთავრობასთან შეუთანხმებლად ჩატარდა. ამავე დროს, ერ-რიადი პასუხისგებაში მისცემს ყველას, ვინც მომხდართან კავშირშია – ამის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით მზადების პროცესშია და შესაძლებელია მისი შინაარსი შეიცვალოს.

თავის მხრივ The Wall Street Journal -ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ ერ-რიადი ოფიციალურად იტყვის, რომ ხაშოგის მკვლელობა საუდის სპეცსამსახურების ერთ-ერთი თანამშრომლის ინიციატივით მოხდა. ეს სამეფოს შესაძლებლობას მისცემს ჟურნალისტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა მოიხსნას.

გუშინ საუდის არაბეთის მეფესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის ხელმძღვანელი კატეგორიულად უარყოფს ხაშოგის საქმეზე რაიმე ტიპის ინფორმაციის ქონას.
“ალ-ჯაზირა” თურქეთის გენერალურ პროკურორს ციტირებს, რომელიც ამბობს, რომ საუდის არაბეთის საკონსულოში იპოვეს იმის მტკიცებულებები, რომ ხაშოგი საკონსულოს შენობაში მოკლეს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა დღეს თქვა, რომ საკონსულოში ჩხრეკა გრძელდება. გამომძიებლები, მისი თქმით, განიხილავენ მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების ვერსიასაც.
“ბიბისის” წყაროს ინფორმაციით, ასევე, არსებობს აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები იმისი, რომ ხაშოგი შენობაში მოკლეს.

ჟურნალისტის გაქრობის ისტორიამ საუდის არაბეთსა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობა დაძაბა. შაბათს დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს “მკაცრად დასჯას” დაპირდა.  საუდის არაბეთზე ძლიერ დიპლომატიურ ზეწოლას ახდენენ – მისგან დეტალურ ახსნა-განმარტებას მოითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები. გუშინ საუდის მეფემ განკარგულება გასცა ჟურნალისტის გაქრობაზე გამოძიების დაწყების შესახებ.

ჯამალ ხაშოგი, რომელიც Washington Post-ის ჟურნალისტი იყო, 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა და გაქრა.

banner
წინა სტატიაშიჩანაწერი იქნა დადგმული და საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ გაეხვია უმძიმეს სკანდალში – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიატუსკი თვლის, რომ “ბრექსიტი” სავარაუდოდ, ვერ დარეგულირდება