ჩანაწერი იქნა დადგმული და საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ გაეხვია უმძიმეს სკანდალში – ნიკა გვარამია

პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ჩანაწერებს „რუსთავი2-ის” გენერალური დირექტორი ეხმაურება. ნიკა გვარამია უწყების მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს „სამარცხვინოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მან გუშინვე დაანონსა, რომ მსგავსი ჩანაწერის გავრცელება იგეგმებოდა.

„სისტემური დანაშაულის დაფარვის საქმეში ჩაერთო მთელი სახელმწიფო აპარატი და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი სისტემური დანაშაული. პირველი, გუშინვე ჩვენ დავაანონსეთ, ჩემი სტატუსით დაანონსდა და ასევე, “კურიერშიც” გავიდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ჩანაწერი მზადდებოდა გლდანის ციხეში და ამ ჩანაწერის, ნამდვილად დადგმული ჩანაწერის შინაარსი ჩვენ აბსოლუტურის სიზუსტით ვიწინასწარმეტყველეთ. მართლაც, დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერი იმას ადასტურებს, რომ ჩანაწერი იქნა დადგმული და საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ გაეხვია უმძიმეს სკანდალში და დანაშაულში მთელ სახელმწიფო სისტემასთან ერთად,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, თავად აუდიოჩანაწერი ბევრ კითხვას აჩენს, მათ შორის იმას, რომ ციხეში ფარული მიყურადება მიმდინარეობს.

„მითია ის, რომ დემონტაჟი მოხდა ყველა ფარული ჩანაწერების, რაც ჩვენ საეთეროდაც გვაჩვენეს და დღესაც ციხეებს წინასწარი პატიმრობის საკნებში ფარულად უსმენენ. ამის აღიარება მოხდა დღევანდელი ჩანაწერის გამოქვეყნებით. მეორე, თუ 6 ივლისს, ხაზს ვუსვამ, მეშვიდე თვეს მოხდა ამგვარი ინფორმაციის მიღება საქართველოს უსაფრთხოების ორგანოების მიერ, რატომ არ აღიძრა საქმე, რატომ არ დაიკითხნენ პირები, ფიგურანტები ამ საქმის, რატომ არ დაიკითხა საქართველოს პარლამენტის წევრი, ბატონი ჯაფარიძე და რატომ არ დაესვა ყველა ამ ჩანაწერში მოქმედ ფიგურანტს არცერთი შეკითხვა. მესამე, რატომ არ აცნობა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჯაფარიძემ კომპეტენტურ ორგანოებს აღნიშნულის თაობაზე, რომ მზადდებოდა ფაბრიკაცია ხელისუფლების ყალბ ბრალდებებში მხილების მიზნით. მეოთხე, თუ იცოდა, ბატონმა ჯაფარიძემ, რომ ასეთი რამ მზადდებოდა, რატომ მოხდა ის კიდევ ერთხელ და არა ერთხელ, რასაც ნახავთ მომდევნო ეთერებში, ბატონ სუბელიანთან საკანში და რატომ მიიღო მონაწილეობა მის მიერ წინასწარ გაცხადებული ყალბი ცნობების შემცველი საუბრების დადგმაში. ანუ ისიც თანამონაწილეა ბატონი სუბელიანის ამ ყველაფრიდან ასე იკვეთება,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში გამოკვეთილ გარკვეულ უზუსტობებზე საუბრობს. მისი თქმით, ჩანაწერში სუბელიანი აცხადებს, რომ მას აქვს ინფორმაცია რუსთაველზე მიმდინარე მოვლენების, თუმცა, გვარამიას თქმით, 6 ივლისს, რა დროითაც პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი თარიღდება, რუსთაველზე გამზირზე არაფერი ხდებოდა.

ნიკა გვარამია ტექნიკურ ნიუანსებზე საუბრობს და ამბობს, რომ არსებული მონაცემები მიანიშნებს იმაზე, რომ „ადგილი აქვს ტექსტის წაკითხვას პირდაპირ ეთერში“.

აუდიოჩანაწერი, პროკურატურის ცნობით, 6 ივლისით თარიღდება. გამოძიების ვერსიით, „საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე.“

banner
წინა სტატიაშიკომიტეტებში განიხილება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, სესხის ლარში გაცემის 100 000 ლარიანი ზღვარი 200 000 ლარამდე იზრდება
შემდეგი სტატიაერ-რიადი მზად არის ჟურნალისტის მკვლელობა აღიაროს