მთავრობის ექსკლუზიური ურთიერთობა HUMANITY GEORGIA-სთან ბევრ კითხვას აჩენს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 12, 2016 17:55

მთავრობის ექსკლუზიური ურთიერთობა HUMANITY GEORGIA-სთან ბევრ კითხვას აჩენს

აერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებით, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური ურთიერთობა მცირე გამოცდილებისა და ისტორიის მქონე კომპანიასთან – Humanity Georgia – ბევრ კითხვას აჩენს. ცნობისთვის, ფარმაცევტული კომპანია Humanity Georgia-ს $30 მილიონით ინვესტირება საპარტნიორო ფონდმა დეკემბერში დაიწყო. კომპანიის დირექტორის მოადგილე საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის დავით საგანელიძის ძმისშვილი გიორგი საგანელიძეა. TI-ის შეფასებით, ნათესაური კავშირიც მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს პროცესში შესაძლო კორუფციული გარიგების არსებობაზე. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განმარტოს, თუ რატომ ენდო გამოცდილების არმქონე კომპანიას და რა სარწმუნო ინფორმაციას ფლობს ამ კომპანიის კომპეტენციაზე. ასევე, მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, თუ რეალურად ვინ დგას Humanity Holding GmbH-ის უკან, რათა შემცირდეს კორუფციის რისკები.

“წინა კვირას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ პაციენტებისთვის ჰუმანითი ჯორჯიას მაღალხარისხიანი მედიკამენტები შეღავათიან ფასებში უკვე ხელმისაწვდომია. მისი განმარტებით, სამინისტროს მიზანი არა რომელიმე კომპანიის ლობირება, არამედ ისეთი სისტემის შექმნაა, რომელიც ხარისხს და კონკურენციას უზრუნველყოფს. ჰუმანითი ჯორჯია შეიძლება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშიც ჩაერთოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მინისტრი ფიქრობს, რომ კარგი იქნება თუ იგივე პირობებით სხვა კომპანიებიც გამოჩნდებიან, რადგან ეს ბაზარზე კონკურენციას გაზრდის, თუმცა ამ ეტაპზე ჰუმანითი ჯორჯია ერთადერთია. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის ერთგვარი ექსკლუზიური ურთიერთობა მცირე გამოცდილებისა და ისტორიის მქონე ამ კომპანიასთან ბევრ კითხვას აჩენს, ასევე, ვფიქრობთ, რომ ამ პროექტმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს კონკურენცია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე.

კითხვებს ბადებს ის ფაქტი, თუ რატომ თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინიტრო ჰუმანითი ჯორჯიასთან, როცა ეს კომპანია არის ახალი, გამოცდილების არმქონე. მაშინ როცა საქართველოში არის ბევრი სხვა ფარმაცევტული კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებით. მაგალითად, ერთ-ერთ ტელეინტერვიუში პსპ-ეს დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის მეოთხე ტალღაში მათ მიერ წამლით მომარაგებასთან დაკავშირებით არც კი მიუმართავთ, რომ მიემართათ ანალოგიური მედიკამენტების მიწოდებას იგივე პირობებით ისინიც მოახდენდნენ.

ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ჰუმანითი ჯორჯიას” მენეჯმენტში გიორგი საგანელიძე („საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძის ძმისშვილი) მაღალ პოზიციას იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს, შესაძლოა, მართლაც მაღალი კვალიფიკაცია გააჩნია და გასაკვირი არ უნდა იყოს მისი წარმატებული კარიერა, აღნიშნული ნათესაური კავშირი მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს ამ პროცესში შესაძლო კორუფციული გარიგების არსებობაზე.

ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას „ჰუმანითი ჯორჯიას”‘ მიერ იმპორტირებული და წარმოებული მედიკამენტების ფასები და შესაბამისად ხარისხიც. როგორ ახდენს ან გეგმავს ის კონკურენტებზე დაბალ ფასად მედიკამენტების იმპორტს, წარმოებას და ასევე მათი ხარისხის შესაბამის დონეზე შენარჩუნებას”. – წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.

ჰუმანითი ჯორჯია სააქციო საზოგადოებაა, რომელიც 2015 წლის 29 აპრილს დარეგისტრირდა. მისი ხელმძღვანელი ანდრეი კუზმაა. კომპანიის ვებგვერდზე წერია – „ჰუმანითი არის ფარმაცევტული კონცერნი, რომელიც სპეციალიზდება მედიკამენტების შექმნა-განვითარებასა და წარმოებაზე. ჰუმანითის პროდუქციის პორთფოლიოში შედის 700-ზე მეტი ფართო სპექტრის სხვადასხვა დოზისა და მიღების წესის მქონე მედიკამენტი. განვითარების სხვადასხვა ეტაპს გადის ასევე ჰუმანითის 156 ახალი პროდუქცია (ჰუმანითის კვლევისა და განვითარების ცენტრი)”. კომპანიის სტრატეგია ქართულ ბაზარზე იაფი წამლების იმპორტია, ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა – წარმოება და შემდეგ პრეპარატების ექსპორტზე გატანა, თუმცა ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ საავადმყოფოებთან ურთიერთობით შემოიფარგლება. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, კომპანია ანალოგიური სქემით მუშაობს სხვა ქვეყნებშიც, თუმცა ეს პროექტი დასრულებული სახით მხოლოდ საქართველოშია და სხვა ქვეყნებში ის მხოლოდ დამუშავების ეტაპზეა.

სს ჰუმანითი ჯორჯია Humanity Holding GmbG-ის შემადგენლობაში შედის, ეს უკანასკნელი კი ავსტრიული კომპანიაა. TI-ის ინფორმაციით, Humanity Holding GmbH-ის მმართველი დირექტორია ნორბერტ კუდერი. კომპანია დარეგისტრირებულია ვენაში 2015 წლის 9 მარტს, დაახლოებით ორი თვით ადრე, სანამ ჰუმანითი ჯორჯია საქართველოში დარეგისტრირდებოდა.

“ნათელია, რომ Humanity Holding GmbH-ი ახალი შექმნილია, ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოში მოღვაწეობს და მას აღნიშნულ სფეროში გამოცდილება საერთოდ არ გააჩნია. ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი კიდევ ერთი ავსტრიული კომპანია ProjectH Holding GmbH-ია, რომლის მმართველი დირექტორიც იგივე ნორბერტ კუდერია. ავსტრიულ სამეწარმეო რეესტრში ეს ადამიანი კიდევ ხუთი კომპანიის მმართველ დირექტორად ფიგურირებს, რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა კუდერს მხოლოდ კომპანიების საკუთარ სახელზე დარეგისტრირება ევალება, მათი რეალური მენეჯერები კი სხვები არიან”, – აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა და აღნიშნავს, რომ “ნათელია, კომპანიამ მოლაპარაკებები ჯერ მთავრობასთან დაიწყო და რაც მათგან მხარდაჭერა მიიღო, მას შემდეგ დარეგისტრირდა საქართველოში”.

“საპარტნიორო ფონდის ვებგვერდზე პირდაპირ წერია, რომ ფონდის თანამშრომლობა Humanity Holding GmbH-თან საქართველოს მთავრობის დავალებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით მოხდა, რაც პირდაპირ იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობა, ან მისი ზოგიერთი წევრი ამ კომპანიას ლობირებს. საინტერესოა, რომ ეს პროცესი ჰგავს კიდევ ერთ შემთხვევას, როდესაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არსებითი კორექტირების და მთლიანად ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის 2015 წლის 7 აპრილს 300,000 აშშ დოლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმა გამოუცდელ ბრიტანულ კომპანია „გლობალ ალიანსს” (Global Alliance for Health and Social Compact Ltd). ამასთანავე, რამდენიმე დღით ადრე, 2015 წლის 18 მარტს, „გლობალ ალიანსისგან” 300,000 აშშ დოლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება „საპარტნიორო ფონდმაც” გააფორმა. ჩვენ მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე, შეუძლებელი იყო გვეთქვა, რომ ამ კომპანიას ჰქონდა საკმარისი გამოცდილება და ექსპერტიზა იმისთვის, რომ მას სათანადოდ დაეგეგმა და განეხორციელებინა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა.

ზემოთ აღწერილი გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ მთავრობა ან მისი კონკრეტული წევრები, გაურკვეველი ინტერესებიდან გამომდინარე უპირატეს მდგომარეობაში აყენებენ გარკვეულ კომპანიებს, სხვა კომპანიების უგულებელყოფის ხარჯზე. ვფიქრობთ, აუცილებელია, ამ კითხვებზე ამომწურავი განმარტებების მიღება. უდავოა, რომ ეს გარემოებები ინვესტორებში უნდობლობას იწვევს და აზიანებს ბიზნესგარემოს, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე ცალსახად უარყოფითად აისახება”, – წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

საპარტნიორო ფონდის ცნობით, 2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს მთავრობის დავალებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით საპარტნიორო ფონდი ავსტრიული კომპანია Humanity Holding GmbH-თან ერთად ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანია თბილისში ორხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხნის აშენება.

“პროექტის განხორციელებისა და ოპერირების მიზნით Humanity Holding GmbH-მა სს „ჰუმანითი ჯორჯია” (Humanity Georgia) დააფუძნა. ახალი პროექტის დაწყებაზე პარტნიორთა შეთანხმება საპარტნიორო ფონდს, Humanity Holding GmbH-სა და საპროექტო კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას” (Humanity Georgia) შორის გააფორმდა. ევროპული სტანდარტების წამლების მწარმოებელი ფარმაცევტული ქარხანა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, ხარისხის შემოწმების თანამედროვე ლაბორატორიით, სასაწყობო ფართებით და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. ქარხანაში დამზადდება სულ ცოტა 800 დასახელების წამალი, როგორც ადგილობრივი მოხმარებისთვის, ასევე ექსპორტისთვის. ასევე კომპანიის მიერ იმპორტირებული იქნება წამლების გარკვეული რაოდენობა, რომელთა საქართველოში რეალიზაცია შეღავათიან ფასებში იგეგმება. ქარხანაში დასაქმდება 300 ადამიანი, რომელთა შორის იქნებიან ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები. პროექტის ჯამური ღირებულება 130 მლნ აშშ დოლარია”, – წერია საპარტნიორო ფონდის ვებგვერდზე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 12, 2016 17:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,027
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics