შიდა და საგარეო-პოლიტიკური დანიშნულება კონფლიქტის პირობებში

ვასიკოსირიის სამხედრო და საჰაერო ძალების დაზვერვის სამსახურები:

შიდა და საგარეო-პოლიტიკური დანიშნულება კონფლიქტის პირობებში

* * *

სირიის დაზვერვის და უშიშროების სამსახური წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების სისტემას, რომელიც მოქმედებს სადაზვერვო, კონტრდაზვერვითი და ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სფეროებში.

სირიაში დაზვერვის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება დაიწყო ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1946 წელს. 1963 წელს არსებულ უშიშროების სამსახურებს დაემატა ახალი მძლავრი ორგანიზაცია — «საჰაერო ძალების დაზვერვა» («Idarat al-Mukhabarat al-Jawiyya»). მას შემდეგ, რაც ჰაფეზ ალ–ასადმა 1970 წლის ნოემბერში მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში დამკვიდრდა ალავიტების კლანი, სირიის სპეცსამსახურებმა დაამყარეს მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა საბჭოთა სპეცსამსახურებთან.

სირიის ყველა სპეცსამსახურს უშუალოდ აკონტროლებს ქვეყნის პრეზიდენტი ბაშარ ალ–ასადი. ქვემოთაღნიშნული უშიშროების სამსახურები ფუნქციონალურად ძალიან ხშირად დუბლირებენ ერთმანეთს, რაც თავის მხრივ ამცირებს რისკებს ქვეყნის ხელმძღვანელობისათვის იყვნენ დამოკიდებულნი რომელიმე ერთ–ერთ სპეცსამსახურზე. გარდა ამისა, თითოეული უშოშროების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები ხშირად ექვემდებარებიან პირდაპირ პრეზიდენტს (და არა მათ ნომინალურ დირექტორს) და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.

არაოფიციალური მონაცემებით ასადის რეჟიმს ემსახურება 10-ზე მეტი უსაფრთხოების ფუნქციებით აღჭურვილი ორგანო. რამოდენიმე წამყვანი მათგანი დახასიათდა, დანარჩენებზე ინფორმაცია მკაცრადაა გასაიდუმლოებული.

სპეცსამსახურებზე ამგვარი ზედამხედველობა და კონტროლი (თან, ფუნქციების დელეგირებით და ძალიან ხშირად კოპირებით) მეტყველებს შემდეგ რამეზე:

  1. რეჟიმი დამყარებულია მძლავრ და მკაცრ იერარქიულ სამხედრო მანქანაზე (რასაც ვერ ვიტყვით მ. კადაფის და ალი აბდალა სალეხის რეჟიმების მაგალითზე);
  2. რეჟიმი არ ეყრდნობა რომელიმე ერთ კონკრეტულ ძალოვან უწყებას;
  3. ბაშარ ალ–ასადი, პარალელური უსაფრთხოების ორგანოებით მკაცრ კონტროლს უწესებს სახელმწიფო უშიშროების და დაზვერვის სამინისტროებს, რადგან თავიდანვე გამოირიცხოს რეჟიმის წინააღმდეგ რაიმე არასასურველი ნაბიჯი (ანუ, წამყვანი სპეცსამსახურების მხრიდან).

 

აღსანიშნავია ერთი საინტერესო ფაქტი. როგორც ცნობილია, 2012 წ. ივლისის ტერაქტს ემსხვერპლნენ სირიის ძალოვანი სტრუქტურების და უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ რიგებში იყო ასეფ შაუკატი (ბაშარ ასადის სიძე), რომელსაც სპეცსამსახურებში ეკავა მაღალი თანამდებობები. ჯერ კიდევ სამოქალაქო ომამდე ბაშარ ასადი მოიაზრებდა შაუკატს პოტენციურ მეტოქედ და მისი მოშორებით მან, საკმაოდ რთულ პერიოდში (იგულისხმება სამოქალაქო ომი) ზურგი გაიმაგრა.

თანამედროვე სირიის დაზვერვის სისტემაში შედის:

  • უშიშროების მთავარი სამმართველოIdarat al-Amn al-Amm»)
  • პოლიტიკური უსაფრთხოების სამმართველოIdarat al-Amn al-Siyasi»)
  • სამხედრო დაზვერვაShu`bat al-Mukhabarat al-`Askariyya»)
  • საჰაერო ძალების დაზვერვაIdarat al-Mukhabarat al-Jawiyya»)

 

* * *

უშიშროების მთავარი სამმართველოIdarat al-Amn al-Amm», არაბ.: إدارة الأمن العام) — არის სირიის მთავარი სამოქალაქო დაზვერვის სამსახური, რომელიც შედგება 3 დეპარტამენტისაგან:

  1. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი – პასუხისმგებელია მოსახლეობის პოლიტიკური აქტივობის საქმიანობაზე;
  2. საგარეო უსაფრთხოების დეპარტამენტი – საგარეო დაზვერვა;
  3. დეპარტამენტი პალესტინის საკითხებში – აკონტროლებს პალესტინელთა დაჯგუფების საქმიანობას სირიაში და ლიბანში.

 

* * *

პოლიტიკური უსაფრთხოების სამმართველოIdarat al-Amn al-Siyasi», არაბ.: إدارة الأمن السياسي) — არის სირიის ერთ–ერთი სპეცსამსახური. მის კომპეტენციაში შედის არსებული რეჟიმის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული პოლიტიკური საქმიანობის გამოვლინება (თვალთვალი და ზედამხედველობა) და სათანადო ზომების მიღება. უწყება ასევე აკონტროლებს უცხოელების საქმიანობას და მათ კონტაქტებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. ასევე კონტროლს უწევს ბეჭდვით მედიას.

 

* * *

სამხედრო დაზვერვაShu`bat al-Mukhabarat al-`Askariyya», არაბ.: شعبة المخابرات العسكرية) — სირიის სამხედრო დაზვერვის მთავარი ორგანო. ოფიციალურად შედის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში, თუმცა ფაქტობრივად ის ფუნქციონირებს პრეზიდენტის პირადი კონტროლით.

მტრის შეიარაღებული ძალებზე ინფორმაციის მოპოვების პარალელურად, «სირიის სამხედრო დაზვერვა» შემჩნეულია ქვეყნის გარეთ სხვადასხვა რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერაში, მათ შორის – როგორც პალესტინელებსა, ასევე ლიბანელებსა და თურქი ექსტრემისტთა ჯგუფების სამხედრო და მატერიალურ–ტექნიკური დახმარების გაწევით.

ზოგიერთი ინფორმაციით, ასევე ორგანიზებას უწევს თავდასხმებს საზღვარგარეთ მყოფ სირიელ დისიდენტებზე.

 

* * *

საჰაერო ძალების დაზვერვაIdarat al-Mukhabarat al-Jawiyya», არაბ.: إدارة المخابرات الجوية) — არის სირიის ერთ–ერთი სპეცსამსახური. ზოგიერთი შეფასებით, საჰაერო ძალების დაზვერვა არის სირიის ყველაზე ძლიერი სადაზვერვო სამსახური ჰაფეზ ალ–ასადის დროიდან.

გარდა დაკისრებული ფუნქციებისა, ეს სპეცსამსახური ატარებს აქტიურ სამხედრო ოპერაციებს რეჟიმის მტრების წინააღმდეგ როგორც სირიაში, ასევე საზღვარგარეთ.

სხვა სპეცსამსახურებთან ერთად საჰაერო ძალების დაზვერვის თანამშრომლები აქტიურ მონაწილეობას იღებენ ბაშარ ალ–ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო–შეიარაღებულ დაპირისპირებაში.

 

* * *

სირიის სპეცსამსახურები და ახლო აღმოსავლეთი

სირიის დაზვერვის სამსახურის რეგიონალური პრიორიტეტებია:

  1. ბრძოლა ისრაელის და მისი სავარაუდო მოკავშირეების წინააღმდეგ;
  2. პალესტინის წინააღმდეგობის მხარდაჭერა;
  3. ლიბანში პრო–სირიულად განწყობილი ძალების წახალისება და მხარდაჭერა (პირველ რიგში საუბარია «ჰეზბოლა»–ზე).

 

დღეს, როცა სირიაში 2011 წ. აპრილიდან მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, აღნიშნულ პრიორიტეტებს დაემატა (უფრო სწორედ მან მიიღო ახალი დატვირთვა) — თურქეთის მიმართულება.[1]

თურქეთ–სირიის ურთიერთობა ყოველთვის ატარებდა კონფლიქტურ ელემენტებს. რამოდენიმე მათგანი:

  1. ტერიტორიული პრეტენზია (ამას ემატება წყლის პრობლემა. საქმე იმაშია, რომ თურქეთი აქტიურად აშენებს თავის ტერიტორიაზე კაშხლებს, რაც სირიისთვის წარმოადგენს საშიშროებას, რადგან ახლო აღმოსავლეთში სირია არის ერთ–ერთი წამყვანი აგრარული ქვეყანა და ეს პროცესი საფრთხეს უქმნის ქვეყნის საირიგაციო სისტემას);
  2. ქურთების საკითხი (ორივე ქვეყანაში ქურთების სეპარატიზმია). ანკარამ მრავალჯერ დაადანაშაულა დამასკო თურქეთში ქურთების მხარდაჭერაში, და პირიქით;
  3. რეგიონალური ჰეგემონია. თურქეთი დღემდე ვერ აღიქვამს სირიას როგორც რეგიონში ერთ–ერთ აქტიურ მოთამაშეს, რომელიც უკანასკნელი სულ რაღაც 90 წლის წინ იყო ოსმალეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი. სირია კი არ აპირებს სატელიტის როლში ყოფნას და ყოფილ მეტროპოლიას რეგიონალურ დონეზე უქმნის პრობლემებს;
  4. საგარეო ფაქტორი. თურქეთი დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენდა დასავლეთის ფორპოსტს ახლო აღმოსავლეთში. საბჭოთა კავშირისა და კომუნიზმის წინააღმდეგ მიმართული თურქეთის საგარეო პოლიტიკა სრულიად იყო აყვანილი დასავლელი მოკავშირეების ხელში, რადგან ცივი ომის პერიოდში თურქეთს არ გააჩნდა საკმარისი შიდა რესურსები, რომ დამოუკიდებლად ეთამაშა რეგიონში პოლიტიკური ჭადრაკი.

 

თურქეთს ასევე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ისრაელთან (თურქეთი იყო პირველი მუსულმანური ქვეყანა, რომელმაც აღიარა ისრაელის დამოუკიდებლობა 1949 წ.) როგორც ეკონომიკურ, ასევე სამხედრო სფეროში. სირიის რეგიონალური პოლიტიკა კი ატარებდა მკვეთრ ანტი–ისრაელურ და ზოგადად ანტი–დასავლურ ხასიათს, რაც უკვე ეწინააღმდეგებოდა თურქეთის საგარეო არჩევანს.

 

* * *

სირიის სპეცსამსახურები და ირანი

რეგიონალურ დონეზე სირიის სპეცსამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ ირანის უშიშროების და დაზვერვის სამსახურებთან. ახლო კავშირი ორ ქვეყანას შორის დამყარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ირანში მოვიდა აიათოლა რუჰოლა ხომეინი, რომელმაც შაჰისგან განსხვავებით დაიკავა უკიდურესად ანტი–ისრაელური, ანტი–ამერიკული და ანტი–დასავლური პოზიცია, რაც ჯდებოდა დამასკოს პოლიტიკაში. აგრეთვე, იმამ ხომეინიმ თავისი ფეტვის საფუძველზე ალავიტების რელიგიური სექტა ოფიციალურად შეიყვანა შიიზმის რელიგიურ–სამართლებრივ სივრცეში. მოგეხსენებათ, რომ ასადის კლანის და სირიის სამხედრო–პოლიტიკური ელიტის უმრავლესობა ალავიტია. ქვეყნის მოსახლეობის 82% ისლამის სუნიტურ განხრას მიეკუთვნება. ანუ, ირანის და სირიის გეოპოლიტიკური კავშირის გამყარების პროცესში რელიგიურმა ფაქტორმა შეიტანა დიდი წვლილი.

ირანის და სირიის რეგიონალური–გეოპოლიტიკური თანამშრომლობის სფეროები მაშინვე განისაზღვრა:

  1. ანტი–ისრაელური და ანტი–დასავლური პოლიტიკა;
  2. პალესტინის მხარდაჭერა;
  3. ქურთების საკითხი (ორივე ქვეყანაში ქურთების სეპარატიზმია);
  4. თეირანი და დამასკო ეწინააღდმეგებიან თურქეთის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის მცდელობებს გააფართოვონ თავიანთი გეოპოლიტიკური გავლენა ახლო აღმოსავლეთში.

 

2011 წლის დასაწყისში სირიაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომლებიც თანდათან ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, ამ პირობებში კი უშიშროების სამსახურების საქმიანობა ძალზე მნიშვნელოვანია სირიის ხელისუფლებისათვის.

ირანის უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურების მნიშვნელოვანმა დახმარებამ ფაქტიურად გადაარჩინა ბაშარ ასადის ხელისუფლება დამხობისაგან (დახმარება მოიცავს როგორც კადრების გადამზადებას და ტექნიკურ მხარდაჭერას, ასევე ერაყსა და ავღანეთში შიიტი მებრძოლების მობილიზაციას). ზოგი ინფორმაციით, 2013 წლის დეკემბერში, სირიაში იმყოფებოდა დაახლოებით 10,000 ირანელი — უშიშროების კადრები და სამხედრო ნაწილები («ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი», «ალ-ყუდსი» და სხვა). ირანელები ინტენსიურად წვრთნიან პრო-სამთავრობო პარალიმიტარისტულ დაჯგუფებებს, როგორიცაა «შაბიჰა», «ჯეიშ ალ-შაბი» და სხვა.

[1] თურქეთი სულ იყო სირიის სპეცსამსახურების ერთ–ერთი მთავარი რეგიონალური მეტოქე. სამოქალაქო ომის პირობებში, როცა ანკარა აშკარად მფარველობს შეიარაღებულ ოპოზიციას, თურქეთის მიმართულება გახდა წამყვანი სირიის სპეცსამსახურების საქმიანობაში.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ექსკლუზიური ურთიერთობა HUMANITY GEORGIA-სთან ბევრ კითხვას აჩენს
შემდეგი სტატიაათასობით ერაყელმა დევნილმა უარი განაცხადა ფინეთში ცხოვრებაზე