,,თვალავაძე ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება, მისი გადაადგილება გამორიცხულია”

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე სხვა კლინიკაში არ გადაჰყავთ და მკურნალობას კვლავ ჩაფიძის გულის კლინკაში განაგრძობს. როგორც თვალავაძის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა „ინტერპრესნიუსს” კლინიკაში განუცხადა, გია თვალავაძეს გულის პრობლემის გარდა სხვა დაავადებაც აწუხებს, რის გამოც გაჩნდა მოსაზრება, რომ ის სხვა კლინიკაში გადაეყვანათ, თუმცა ადვოკატის განმარტებით, თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ამ მიზნით მისი გადაადგილება შეუძლებელია.

„გია თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. გულის დაავადების გარდა მას კიდევ სხვა კუთხით შეექმნა პრობლემები. ჯანმრთელობის მდგომარეობის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, დეტალებში არ მინდა შევიდე, თუმცა ინფორმაცია მის ჯანმრთელობაზე საკმაოდ სერიოზულია. როგორც აღვნიშნე, გულის პრობლემის გარდა სერიოზული დაავადებაც აწუხებს და ჯერ კიდევ გამოკვლევები მიმდინარეობს. დიაგნოზიც კი არ გვაქვს. ისევ რჩება ჩაფიძის გულის კლინიკაში. ამ ეტაპზე კატეგორიულად გამორიცხულია მისი ადგილიდან დაძვრა, გადაადგილება”, – განაცხადა აფციაურმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გია თვალავაძე კლინიკაში გულის შეტევით გუშინ გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაში,,ვიზიარებთ მათ ტრაგედიას, მაგრამ ეს არც ერთ მოქალაქეს და მის მხარდამჭერებს არ აძლევს იმის უფლებას რომ პოლიციას გაუწიონ წინააღმდეგობა”
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი მთავარ პროკურატურას ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას სთხოვს