თურქული დრონები და არაპროგნოზირებადი სიტუაცია სირიაში

სირიის კონფლიქტში ჩართული თურქეთი, რომელმაც 27 თებერვალს იდლიბის რეგიონში, რუსეთის მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად 34 ჯარისკაცი დაკარგა, ბოლო დღეებში, იმავე რეგიონში საგრძნობ საბრძოლო წარმატებებს აღწევს, რაც დიდ წილად, იმ თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივმა გამოყენებამ განაპირობა, რომლის ანალოგიც მსოფლიოში, როგორც ექსპერტები აცხადებენ, მხოლოდ აშშ-ს და ისრაელს გააჩნიათ.
საუბარია ორ თურქულ დრონზე: Bayraktar TB2 და ANKA -ზე.
ANKA არის დრონი, რომელიც თურქულმა საჰაერო-კოსმოსურმა მრეწველობამ 2010 წელს დააპროექტა და 2014 წლიდან შეიარღებაში მიიღო. ეს გახლავთ ტონანახევრიანი უპილოტო თვითმფრინავი, რომელსაც ჰაერში 9 კილომეტრის სიმაღლეზე, 32 საათამდე შეუძლია იფრინოს 200 კმ/სთ. სიჩქარით და 200 კილომეტრის რადიუსში გადასცეს ინფორმაცია. ამ უპილოტოს ფუნქცია, დაზვერვითი სამუშაოების ჩატარება, სამიზნეების აღმოჩენა, ობიექტების დაფიქსირება და ყველა სახის ინფორმაციის, მართვის შტაბში გადაგზავნაა. ამ დრონის მიერ მოპოვებული ინფორმაციას, საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, როგორც საჰაერო ასევე სახმელეთო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
ხოლო Bayraktar TB2, რომელიც თურქი კონსტრუქტორის სელჩუკ ბაირაქტარის მიერ არის შემუშავებული და თურქეთის სამხედრო სამრეწველო ცენტრ Baykar-ში დამზადებული, არის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც 300 ლიტრი საწვავის და რაკეტების ჩათვლით, 630 კილოგრამამდე იწონის, შეუძლია იფრინოს 24 საათის განმავლობაში, ინფორმაცია გადსაცეს 150 კილომეტრი მანძილიდან, მიაქვს ოთხი მართვადი რაკეტა, რომლის გაშვებას და მიზანში ზუსტ მოხვედრას, შტაბში ან სპეციალურ მართვის პულტის მქონე სამხედრო ავტომანქანაში მომუშავე სამხედრო ოპერატორები, კომპიუტერული სისტემით უზრუნველყოფენ.
მიმდინარე წლის თებერვლის ბოლო რიცხვებიდან 3 მარტის ჩათვლით, განადგურებული 3 საბრძოლო ბომბდამშენი თვითმფრინავი (2 რუსული СУ-24 და 1 ჩეხური L-39), 100-ზე მეტი ტანკი და ჯავსანტრანსპორტიორი, ათეულობით სამხედრო მასალის გადამზიდავი სატვირთო და საბრძოლო პიკაპი, საზენიტო სარეკეტო დანადგარები, ქვემეხები, საარტილერიო დანადგფარები და ასეულობით სამხედრო. ეს გახლავთ არასრული ჩამონათვალი იმ დანაკარგებისა, რაც ასადის რეჟიმმა ბოლო 3-4 დღის მანძილზე განიცადა თურქული არმიის მხრიდან. როგორც თურქი ასევე რუსი ექსპერტები აღნიშნავენ, ამ ყველაფერში ლომის წვლილი ზემოაღნიშნულმა, ორი სახეობის თურქულმა დრონებმა დაიდეს.
რუსი ჟურნალისტებიც აღიარებენ, რომ ახლა სირიაში, ასადისტების მთავარი თავის ტკივილი თურქული დრონები გახდა.
,,მას შემდეგ რაც იდლიბის ცაზე თურქული დამრტყმელი დრონები გამოჩნდნენ, აქ სიტუაცია საგრძნობლად გართულდა. ახლა აქ ერთეული სამიზნეებიც კი, ისეთი როგორიც ავტომობილია, სერიოზული რისკის ქვეშ არიან დრონების მხრიდან და მათი დამალვა უწევთ. დრონების გამოყენების ხასიათს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ თურქები არ იშურებენ ფულს, საბრძოლო მარაგებს და ურტყამენ სახელისუფლო ძალების ძალიან მცირერიცხოვან ჯგუფებსაც კი.
თითქმის ყველა დანაკარგი, რაც ასადის მხარემ ბოლო დღეებში განიცადა, ეს გახლავთ დანაკარგები რომლებიც დრონებმა გაანადგურეს. თურქები არ იშურებენ ფულს, რამე თუ დრონების გამოყენება – ძვირი სიამოვნებაა. ისინი ურტყამენ, როგორც იარაღის გადამზიდავ სამხედრო კოლონებს, ასევე მცირერიცხოვან ჯგუფებს, ერთეულ ავტომობილებს და მოტიციკლეტსაც კი,, განაცხადა სირიაში, საბრძოლო პოზიციებზე მყოფმა რუსმა სამხედრო ჟურნალისტმა ევგენი პოდუბნიმ, თავისი ვიდეორეპორტაჟის დროს.
რაც შეეხება თურქული მოიერიშე ავიაციის უპირატესობას იდლიბის ცაზე ბოლო დღეებში, ვფიქრობ ეს ამბავი ცოტათი გაზვიადებულია, ამ თემაზე არსებული ინფორმაციების არასწორი ინტერპრეტაციებით. საქმე იმაში გახლავთ, რომ თურქული ავიაგამანადგურებლები და მითუმეტეს ბომბდამშენები, ჯერჯერობით საკუთარ საზღვრებს არ გსაცდენიან და მათი სირიის საჰაერო სივრცე, რომლის ჩაკეტვის გარანტია პუტინმა ასადს მისცა, არ დაურღვევიათ. არ დაურღვევიათ გამომდინარე იქიდან, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა. თურქებმა გარკვეულ ,,ეშმაკურ,, ხერხს მიმართეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მათი მოიერიშე F-16-ები, თურქეთის საზღვრის გასწვრივ პატრულირებენ, ისე რომ სირიის ტერიტორიაზე არც გადადიან. გამომდინარე იქიდან, რომ საბრძოლო მოქმედებების ზონა, თურქეთის საზღვრიდან სულ რაღაც 40-50 კილომეტრის მანძილზეა, მათი თვითმფრინავები იდლიბის ცაზე გამოჩენილ ასადის მომხრე ავიაციას, საკუთარი ტერიტორიიდან უხსნის ცეცხლს. მიუხედავად იმისა, რომ თურქული F-16-ები, საკმაოდ ძველი მოდელის ,,ჰაერი-ჰაერის,, ტიპის AIM-120 AMRAAM რაკეტებითაა აღჭურვილი, ამ რაკეტებსაც კი, მოდიფიკაციის მიხედვით – გასროლის სიშორე 70 დან -180 კილომეტრამდე აქვთ, რაც საკმარისია იმისთვის, რომ იდლიბის რეგიონზე უფრო შორ მანზილზეც მიზანს მიაღწიოს. თურქების ეს ფანდი, ასადის მხარეს მდგარ რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რთულ ამოცანას უქმნის, რადგან მათ, თურქული თვითმფრინავების ჩამოგდება, თურქეთისვე ტერიტორიაზე მოუწევთ, რაც კონფლიქტს, სრულიად სხვა განზომილებაში გადაიყვანს.
მცირეოდენი მიღწევა, რაც ასადის რეჟიმისთვის ბოლო დღეებში მნიშვნელოვან შედეგად შეიძლება ჩაითვალოს, გახლავთ იდლიბის რეგიონის სტრატეგიული მდებარეობის ქალაქ სერაკიბის, რუსული სამხედრო პოლიციის მიერ დაკავება. სერაკიბი, სულ რაღაც ერთი კვირის უკან, სირიელი პროთურქი აჯანყებულების ხელში იყო, თუმცა მათ ის ასადისტებთან ბრძოლის შედეგად დათმეს და ახლა იქ რუსული სამხედრო პოლიცია დგას. თურქები კი, სერაკიბზე პირდაპირი იერიშის მიტანაზე თავს იკავებენ, რადგან სოჭში ერდოღან-პუტინს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ის სამშვიდობო ზონად არის მიჩნეული და მანდ მხოლოდ საპოლიციო ძალებს ეძლევათ შესვლის უფლება. თუმცა, ასადის მოწინააღმდეგე სირიელი მუჯაჰედები, გავრცელებული ინფორმაციით, ამ სტრატეგიული ქალქისთვის ბრძოლას კვლავ აპირებენ.
თურქების სამხედრო სარდლობა აცხადებს, რომ ოპერაცია ,,გაზაფხულის ფარი,, სირიაში კვლავ ინტენსიურად გაგრძელდება. პარალელურად კი, თურქეთის პრეზიდენტი მოსკოვში პუტინთან სირიის თემაზე მოსალაპარაკებლად ჩადის. ,, ჩვენ არ ვეძებთ რუსებთან ომს. ჩვენი სამიზნე რეჟიმია,, აცხადებს პრეზიდენტი ერდოღანი ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, რის გამოც რუსი ექსპერტები დამცინავი კომენტარებით პასუხობენ. ,,ერდოღანს ასადთან ისე უნდა ომი, რომ რუსეთი არ ჩაერიოს.ჩვენ ალბათ გვერდითი მსაჯები უნდა ვიყოთ,, აცხადებენ ისინი.

სირიის კონფლიქტს, რომელიც 2011 წლიდან დღემდე გრძელდება და რომელმაც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს. მიუხედავად იმისა, რომ საომარ მოქმედებებს პრაკტიკულად გამოეთიშა ისეთი მონაწილეები, როგორიცაა აშშ, დასავლური კოალიცია, ,,ისლამური სახელმწიფო,, დაუძლურდა ქურთების არმია რომელიც აშშ-ს მხარდაჭერით ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდა სირიაში – ახალ მოთამაშედ თურქეთის ჩართვამ, ომის შეწყვეტას ვერანაირად ვერ შეუწყო ხელი. სიტუაცია, ისევ არაპროგნოზირებადია, რადგან არაპროგნოზირებადობის მთავარი საბაბი – რუსეთი, ისევ ამ კონფლიქტის მთავარ მოთამაშედ რჩება.

კახაბერ ადამია ანალიტიკური სამსახური.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი არ გაზრდილა
შემდეგი სტატიათეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაშავებული ტურისტი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი