ამირან გამყრელიძე – საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი არ გაზრდილა

საქართველოში ეპიდვითარება შეცვლილი არ არის, 4 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის ისევ სამი დადასტურებული შემთხვევა რჩება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში დილით 21 ნიმუშია გაგზავნილი, აქედან 16 ინფექციური საავადმყოფოდან, ხუთი იმერეთიდან.

„ხუთი ნიმუშის ტესტირება დასრულდა და ყველა უარყოფითია, 16-ის კვლევა მიმდინარეობს. დღის მეორე ნახევარში კიდევ რვა ნიმუშია აღებული და ლუგარში შემოდის შემდგომი კვლევისთვის“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, კარანტინში სულ 140 ადამიანი იმყოფება.

რაც შეეხება დაავადებასთან დაკავშირებულ გლობალურ ვითარებას, გამყრელიძე ამბობს, რომ ტენდენციები თითქმის არ შეცვლილა, თუმცა ჩინეთში ფიქსირდება კლება როგორც ახალი შემთხვევების, ისე სიკვდილიანობის.

„ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დღევანდელი მონაცემით, მნიშვნელოვნად შემცირებულია ახალი შემთხვევების რიცხვი, დაფიქსირდა 38 ლეტალური შემთხვევა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ჩინეთში კორონავირუსის 80 870 დადასტურებული შემთხვევაა. ჩინეთს ფარგლებს გარეთ კი, ეპიდვითარება გაუარესდა და უკვე 81 ქვეყანა მოიცვა. მსოფლიოს მასშტაბით, ჩინეთის ჩათვლით, კორონავირუსის სულ 94 224 დადასტურებული შემთხვევაა. ყველაზე მეტი ფიქსირდება სამხრეთ კორეაში, ირანში, იტალიაში შემდეგ მოდის იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, აშშ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ კიდევ 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიათურქული დრონები და არაპროგნოზირებადი სიტუაცია სირიაში