თუ დაემატება მესამე, მეხუთე ან სხვა რაოდენობის საკითხი, ჩვენ ვიმსჯელებთ ვეტოს დაძლევაზე – მდინარაძე პრეზიდენტის შეთავაზებაზე

თუ დაემატება მესამე, მეხუთე ან სხვა რაოდენობის ნებისმიერი საკითხი, ჩვენ ვიმსჯელებთ ვეტოს დაძლევაზე – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გააკეთა. მამუკა მდინარაძემ კონსტიტუციის ახალ პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შენიშვნებს იმ შემთხვევაში გაითვალისწინებენ, თუკი დოკუმენტში პრეზიდენტი მხოლოდ ორ, მათ მიერვე შეთავაზებულ, პუნქტს ასახავს.

მისი თქმით, მართველი გუნდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ, ოთხ პინქტიან შეთავაზებას არ იზიარებს და ვეტოს დასაძლევად ემზადება.

„არსებობს ორადორი საკითხი, რომელზეც საყოველთაო კონსენსუსი არსებობს. თუ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით იქნება პრეზიდენტის ვეტოში მსჯელობა, ბუნებრივია, ჩვენ მას გავიზიარებთ, ხოლო თუ დაემატება მესამე, მეხუთე ან სხვა რაოდენობის ნებისმიერი საკითხი, ჩვენ ვიმსჯელებთ ვეტოს დაძლევაზე. იმიტომ, რომ დისკუსია კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის მორჩენილი, კონსტიტუცია მიღებულია და ის დადებითად არის შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ. შესაბამისად, პრეზიდენტს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს ამ პროცესში ან ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოხდება ჩვენი ინიცირებით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ,“ – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს დაამტკიცებს. დოკუმენტის მიღებამდე, კონსტიტუციის არსებულ რედაქციას პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძე წარადგენს. თუმცა, სამი მოსმენით მიღებული ცვლილებები პარლამენტის დელეგაციამ კომისიის ხელმძღვანელობასთან უკვე განიხილა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი პოროშენკოს პირადი ინტერესების გატარების მცდელობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაისინი არიან შეუვალ, უკომპრომისო პოზიციაზე – კაციტაძე პრეზიდენტის შეთავაზებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის უარს ეხმაურება