“თქვენმა სიყვარულმა ამატანინა მე ეს სიმძიმე” – ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა თავად ილია მეორემ აღავლინა სვეტიცხოველში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული მღვდელმთავრები იმყოფებოდნენ.

აღსაყდრებიდან 40 წელი ილია მეორეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმაც მიულოცეს. გიორგი მარგველაშვილმა იუბილე საქართველოს მოქალაქეებსაც მიულოცა.

„ვზეიმობთ პატრიარქის ინტრონიზაციის 40 წელს, შემდეგ მის დაბადების დღეს, ეს საიუბილეო თარიღები ძალიან მნიშვნელოვან სიამაყის გრძნობას გვანიჭებს ყველას და სიხარულის გრძნობას,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო წირვაზე მიულოცა და მას დღეგრძელობა უსურვა.

„თქვენი პატრიარქობა სულიერების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ღვთის მადლია. ხოლო საერო თვალსაზრისით, არის ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა. უდიდესი მოწიწებით ვიხრი ქედს თქვენი ღვაწლის წინაშე, ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე და მინდა გისურვოთ დღეგრძელობა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენი პატრიარქობის პერიოდში აღორძინდა, განახლდა, აშენდა უამრავი ტაძარი, აღდგა სამონასტრო ცხოვრება და ეს არის უდიდესი დამსახურება თქვენი პირადად,“ – განაცხადა განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საზეიმო ლიტურგიაზე განცხადება გააკეთა პატრიაქრმა, რომელმაც განვლილი წლების შესახებ ისაუბრა.

„ეს 40 წელი იყო უმძიმესი წლები. მაგრამ ღვთის წყალობით, ღვთის ლოცვა კურთხევით და დახმარებით, ჩვენ განვლეთ ეს წლები და შევასრულეთ 40 წელი. მე ვერ შევძლებდი ამის ატანას, ამის შესრულებას, თქვენი დახმარება და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო. თქვენმა სიყვარულმა ამატანინა მე ეს სიმძიმე. მე მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანისა, ვინც ლოცულობს ჩემთვის,“ – განაცხადა ილია მეორემ.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი: ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალაა ამოღებული
შემდეგი სტატიაგენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი ხელშეკრულების ფარგლებში დაჯარიმდა, იმუშავებენ და შენიშვნებთან დაკავშირებით ახალ ვარიანტს წარმოადგენენ