თინა ბოკუჩავა: ენმ-დან წასული ჯგუფი პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებაზე უარს ამბობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტიიდან წასულ წევრებს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუტოვებიათ.

ბოკუჩავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები ხრიკებს მიმართავენ, რათა თანამდებობების შენარჩუნებით მეტი სიკეთე და სარგებელი ნახონ.

”12 იანვარს ბოკერიას გუნდმა გააკეთა განცხადება ”ნაციონალური მოძრაობის” დატოვების და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. იგივე ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი არ დატოვებენ ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას პარლამენტში.

13 იანვარს ჩაატარეს ფრაქციის სხდომა, სადაც გადაირჩიეს თავმჯდომარე, შეიტანეს ცვლილება წესდებაში და შეუცვალეს სახელი ფრაქციას პარლამენტში. ისინი აცხადებენ, რომ არ ტოვებენ ფრაქციას.

ამგვარი პროცედურული ხრიკები არის მათი მხრიდან ორმაგი თამაში, რომ დააბნიონ ამომრჩეველი, შეინარჩუნონ თანამდებობები და ის სარგებელი და სიკეთეები, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას მოაქვს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დეპუტატებმა, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს, ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობას” სახელი გადაარქვეს და „ევროპული საქართველო“ დაარქვეს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი რესპუბლიკურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებენ
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო