თეა წულუკიანისთვის ლევან მურუსიძის სურვილი, გახდეს სააპელაციო სასამართლოს მუდმივი მოსამართლე უცნობია

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისთვის უცნობია, სურს თუ არა ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოს მუდმივი მოსამართლეობა. შესაბამისი კომენტარი თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან “ადვოკატთა ასოციაციის” ხელმძღვანელის, ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას გააკეთა.
“ჩემთვის ლევან მურუსიძის კანდიდატურის შესახებ და ის, რომ მას სურს გახდეს მუდმივი მოსამართლე, ცნობილი არ არის. თუკი ეს ასეა, ამ თემაზე კიდევ უფრო გამჭვირვალედ უნდა იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც ნინო გვენეტაძე ხელმძღვანელობს და რომელიც, მინისტრის მტკიცებით, ნებისმიერ კითხვას კომპეტენტურ პასუხს გასცემს. რაც შეეხება შეკითხვას, ხომ არ გაჩნდება მართლმასჯულების რეფორმის მესამე ტალღის მიმართ კითხვები, თუკი ლევან მურუსიძე მუდმივ მოსამართლედ დაინიშნება, ვინაიდან მთავრობის მხრიდან მის მიმართ მუდმივად მწვავე შეფასებები კეთდებოდა, წულუკიანის თქმით, მართლმსაჯულების რეფორმას წინ ვერაფერი დაუდგება.
“ადეიშვილიც რომ გაცოცხლდეს, ისიც ვერ დაუდგება მართლმსაჯულების რეფორმას წინ. ეს პროცესი დაწყებულია. პოლიტიკური ნება არის მყარი, რომ დაწყებული საქმე მივიდეს ბოლომდე. რეფორმა არის რამდენიმე ეტაპიანი და მას წინ ვერაფერი და ვერავინ დაუდგება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშივაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
შემდეგი სტატიადეპუტატმა დუმას სასადილოდან თურქული კანფეტების ამოღება მოითხოვა