თეა წულუკიანი – ბრმა უნდა იყო, არ დაინახო, რომ ეკლესიაზე მიზანმიმართული თავდასხმების სერია მიმდინარეობს

ბრმა უნდა იყო, არ დაინახო, რასაც ყველა ვხედავთ – მიმდინარეობს მიზანმიმართული თავდასხმების სერია ეკლესიაზე უკვე მრავალი თვეა და გუშინ ამან მიაღწია პიკს, როდესაც საქართველოს პატრიარქზე ღია და აგრესიული თავდასხმა მოხდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს პოზიცია პრინციპულია, ყველაფერი გაკეთდება, რომ პატრიარქმა თავი იგრძნოს დაცულად და შეძლოს ეკლესიის მართვა.

„ჩვენი პოზიცია ძალიან პრინციპული და მყარია, ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ პატრიარქმა თავი იგრძნოს დაცულად და შეძლოს, მიუხედავად ასაკისა, რომელიც აქვს, გააგრძელოს რაც შეიძლება დიდხანს ეკლესიის მართვა. ძალები, რომლებიც თავდასხმის უკან დგანან, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის გამოსაცნობი არ არის, ესენი არიან ძალები, რომლებიც ზოგადად ებრძვიან ყველაფერ იმას, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

წულუკიანის თქმით, მათში იგულისხმება ყველა, ვინც რამდენიმე ხნის წინ თავდასხმებს ახორციელებდა სახელმწიფოზე, მის სტრუქტურებზე.

„ჩვენ ვგულისხმობთ ყველას, ვინც რამდენიმე ხნის წინ თავდასხმებს ახორციელებდა სახელმწიფოზე, მის სტრუქტურებზე. როგორც ჩანს, ახლა ჩათვალეს, რომ ღია თავდასხმის საგნად უნდა იქცეს ის, ვინც ეკლესიაში არის მთავარი და ვინც არის ეკლესიის ღერძი, რომელმაც დღემდე მოიტანა არა მხოლოდ ეკლესია, არამედ ჩვენი სახელმწიფოებრიობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, ვიცე-პრემიერმა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის თავდასხმების მიზანი არის ნგრევა.

„ჩვენ რაც ვიხილეთ უკვე ყოფილი მეუფე პეტრეს მხრიდან, ეს არის არამც თუ დამაზიანებელი, არამედ ამგვარი ტიპის თავდასხმები მიზნად ისახავს ნგრევას, არის ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი. ამაზე ბევრჯერ ითქვა, კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს, არის სიმბოლო ამ ყველაფრის. მასზე ამ ტიპის თავდასხმები აღიქმება, როგორც არა მხოლოდ ეკლესიაზე, კონკრეტულ სასულიერო პირზე თავდასხმა, არამედ, თავდასხმა ყველაფერზე, რაც ჩვენ გვქმნის ქვეყნად და გვაერთიანებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, ვიცე-პრემიერის შეფასებით, დიდი სერიოზულობით არ გამოირჩეოდა მეუფე იაკობის განცხადებები, თუმცა დამანგრეველი არ ყოფილა.

„მეუფე იაკობის განცხადება დიდი სერიოზულობით არ გამოირჩეოდა, მას დამანგრეველს ვერ ვუწოდებდი, თუმცა, დამანგრეველი რაც იყო, ეს გუშინ ვიხილეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – გახარიას განცხადება არის თავხედური, ჭიკაიძისეული
შემდეგი სტატია“იაკობმა გაახურა და პეტრე დასაჯეს” – დავით ბერძენიშვილი საპატრიარქოში შექმნილ სიტუაციას აფასებს