რომან გოცირიძე – გახარიას განცხადება არის თავხედური, ჭიკაიძისეული

გახარიას განცხადება არის თავხედური, ჭიკაიძისეული, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას.

რომან გოცირიძის თქმით, სახელმწიფო, გახარიას მონაწილეობით, საეკლესიო გადატრიალებას აწყობდა.

„პრემიერ-მინისტრ გახარიას განცხადება არის თავხედური, ჭიკაიძისეული. მან რევოლუცია ახსენა, ჭიკაიძე ამბობდა, ვიღაც საბურავებით რევოლუციას აწყობსო. ფაქტობრივად, დღეს მიმდინარე პროცესები პროვოცირებულია ხელისუფლების მიერ, რომელიც გახარიას მონაწილეობით თავად აწყობდა საეკლესიო გადატრიალებას, შეთქმულებას და მასში უნდოდა, უმაღლესი სასულიერო თანამდებობის პირები ჩაეთრია. ამის მიზანი იყო პატრიარქის ჩამოცილება და ეკლესიის პოლიტიკური მიზნით მართვა წინასაარჩევნოდ, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. ფაქტობრივად, მან ოპოზიციის ქმედებებს დაუკავშირა, რომ თურმე, ვიღაცები აწყობდნენ რევოლუციას. მან ამ განცხადებით მეუფე იაკობთან საუბარი აღიარა, რომლის გამოძიება არ უნდა არც სხვა საგამოძიებო ორგანოს, არც პროკურატურას“, – აცხადებს გოცირიძემ.

რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ეს ამავე დროს სინოდმაც დაადასტურა.

„სინოდმა მეუფე იაკობს უსაყვედურა და გაკიცხა მისი არანორმატიული ლექსიკის გამო, თუმცა მას ხმა არ ამოუღია იმასთან დაკავშირებით, რაც იაკობმა განაცხადა. იაკობმა განაცხადა, რომ გახარია, კვირიკაშვილი, შს მინისტრი საეკლესიო გადატრიალებას აწყობდნენ. როდის იყო კვირიკაშვილი ან გახარია დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებას? ბუნებრივია, მათ ზემოთ ივანიშვილია. ივანიშვილისა და მისი გუნდის საეკლესიო გადატრიალების სხვებზე გადაბრალების თუ თავის გამართლების მცდელობაა, მაგრამ ამას არავინ დაიჯერებს. რაც ეკლესიაში გუშინ სინოდზე მოხდა, ეს იყო იმ შეთქმულების მხილების შედეგი, რის გამოც სინოდი შეიკრიბა და რომელმაც ამ საკითხზე იმსჯელა. გიორგი გახარია, რომელიც საეკლესიო გადატრიალებაში მონაწილეობდა და უნდოდა, სასულიერო პირები ჩაეთრია, ფაქტობრივად დამნაშავეა და არის ამ პროცესების პროვოკატორი, რომელიც შემდეგ მოხდა სინოდზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფოსთან მიმართებაში რევოლუციური სცენარი იგეგმებოდა. „როგორც ჩანს, დღეს გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით ეკლესიაში შეიტანონ გაურკვევლობა“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი: მხარდაჭერას ვუცხადებ პატრიარქს, რომელიც მდაბიო სიძულვილის ენის სამიზნე გახდა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ბრმა უნდა იყო, არ დაინახო, რომ ეკლესიაზე მიზანმიმართული თავდასხმების სერია მიმდინარეობს