თბილისში კრიმინალური ავტორიტეტი „დობო“ და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით შსს-მ ორი პირი დააკავა – ამის შესახებ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ორი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს.
ერთ-ერთი არის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად „დობო“. პოლიციამ იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე დააკავა. ხოლო მეორე კრიმინალური ავტორიტეტი გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაფრენის ზონაში, იმ დროს დააკავეს, როცა იგი ქვეყნის დატოვებას და მიმალვას აპირებდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ შეთანხმებით, რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. ქურდული გარჩევა მოუწყეს, დიდი ოდენობით თანხა და უძრავი ქონება გამოსძალეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღეს, რომლებშიც ბრალდებულების „კანონიერ ქურდებთან“ კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება.
ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. ქურდულ სამყაროს. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან: ე.წ. „ნოდარ გლდანსკი“, „მაღალოსთან“, „პეწოსთან“, „დათო სურგუცკისთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, რომლებისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 223-პრიმა მუხლის პირველი ნაწილით” განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის საბჭო ანა დოლიძის წინააღმდეგ – “პარლამენტში დავაყენებთ საკითხს, რომ ეთიკის ნორმები გავრცელდეს არამოსამართლე წევრებზეც”
შემდეგი სტატიატრანსგენდერების ცემისთვის 2 პირი დააკავეს