თავდაცვის სამინისტრომ ნონა გაფრინდაშვილს მორიგი წარმატება მიულოცა

ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატმა ნონა გაფრინდაშვილმა 74 წლის ასაკში მორიგ წარმატებას მიაღწია.

ქართველმა მოჭადრაკემ იტალიის ქალაქ აკვი ტერმეში მიმდინარე სენიორების 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა და 65 წელს ზევით ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ ნონა გაფრინდაშვილს ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება თავდაცვის უწყების სახელით მიულოცა. დავით ებრალიძე მოჭადრაკეს სახლში ესტუმრა და მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის წარმატებით წარმოჩენისთვის პირადად გადაუხადა მადლობა.

მსოფლიო დონის მოჭადრაკემ დავით ებრალიძე კაბინეტში მიიპატიჟა, სადაც ტურნირებსა და ჩემპიონატებში მიღებული ჯილდოები, სიგელები, მედლები და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მიერ ნაჩუქარი ჭადრაკის დაფები და ფიგურები დაათვალიერებინა.

საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ნონა გაფრინდაშვილმა ქალთა შორის 1976 წელს მოიპოვა, 1978 წელს კი, ჭადრაკის ისტორიაში პირველად, მამაკაცთა შორისაც.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში ჩატარდა სტიქიური დემონსტრაცია
შემდეგი სტატიავაზისუბანში იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ოფისი დაცხრილეს